ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში


გააზიარე სტატია

2008 წელს “მოიგონეს” ბიტკოინი.
2010-ში ერთი ბიტკოინი 6 ცენტი ღირდა.
2017 წლის იანვარში, ანუ ერთი წლის წინ, ბიტკოინის საყიდლად უკვე 1000 დოლარის გადახდა მოგიწევდათ.
დღეს 1 ბიტკოინი = 8000$
(ამ სტატიას 20 ნოემბერს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გამოქვეყნების მომენტისთვის ისევ მწარედ ვინანებ, რომ თუნდაც ამ ფასად არ ვიყიდე…)

მსოფლიოს უდიდები ბანკები უკვე ღიად ნერვიულობენ და ცდილობენ საყოველთაო ეიფორია სხვადასხვა განცხადებებით ჩააქრონ, რომ “ბიტკოინი ფარსია”, “ჩამოიშლება, აბა სად წავა” და ა.შ.
შეიძლება, მართლებიც არიან – ზუსტად არავინ იცის.

მოკლედ, შეიძლება კარგად არ გესმოდეთ, რა არის ბლოკჩეინი, რამდენი სატოში (ბიტკოინის ხურდა) მოგივათ თქვენი ხელფასით და რატომ გავს მსოფლიო გიჟს ბიტკოინის გამო, მაგრამ თუ მაინც გაინტერესებდეთ ეს თემა და გსურთ, რომ თავადაც ჩაერთოთ ამ ციებ-ცხელებაში, კითხვა ყურადღებით გააგრძელეთ.

ბიტკოინის მფლობელი რამდენიმე გზით შეგიძლიათ გახდეთ:

1. ბიტკოინის ყიდვა.
საქართველოში ბიტკოინის ოფიციალური გადამყიდველი მხოლოდ emoney.ge გახლავთ, სადაც მარტივად შეგიძლიათ ეროვნული ლარით ციფრული ფული იყიდოთ. თუმცა, საკმაოდ მაღალი საკომისიოს გამო, მაინც გირჩევდით, რომ ცოტა მეტი დრო დაგეხარჯათ და ბიტკოინი ისეთ ვებ-გვერდებზე შეგეძინათ, როგორებიცაა CEX.IO ან Etoro-ა. ორივე სანდო, მოხერხებული პლატფორმაა ამ და სხვა კრიპტო-ვალუტების შესაძენად.
– დადებითი მხარე: ციფრული ვალუტა მყისიერად გადმოინაცვლებს თქვენს ელ.საფულეში.
– უარყოფითი მხარე: გადამყიდველების საკმაოდ მაღალი საკომისიოები.

2. ბიტკოინის გამომუშავება.
თუ რამდენიმე ათასი დოლარი მაინც გაქვთ შავი დღისთვის გადანახული, თქვენს ადგილას მათ “მაინინგში” ინვესტირებაზე ვიფიქრებდი. დიახ, ციფრული ვალუტის მოპოვებას “მაინინგი” ეწოდება. ამისთვის თქვენ ყიდულობთ სპეციალურად აწყობილ გამომთვლელ ბლოკს (ან თავად აწყობთ მას, თუ ამის დრო და ცოდნა გაქვთ), ინტერნეტის მეშვეობით დააერთებთ მას ბიტკოინის “მაღაროზე” და თქვენს ციფრულ საფულეში ასევე ციფრული ხურდა დაიწყებს მოგროვებას.
იყო დრო, რომ მაინინგისთვის ჩვეულებრივი დესკტოპ კომპიუტერებიც გამოდგებოდა, მაგრამ ამ მეთოდით უკვე წლებია აღარავინ მუშაობს – ბიტკოინის მოპოვება იმდენად რთულ გამოთვლებთანაა უკვე კავშირში, რომ თქვენი ოჯახის კომპიუტერი უფრო მეტ ელ.ენერგიას დაწვავს, ვიდრე ფულს შემოიტანს.
კი მაგრამ, ფულს რაში მიხდიანო, იკითხავთ – თქვენი “სპეციალური, ძლიერი კომპიუტერი” ბიტკოინის სისტემის გამართულ მუშაობაში მონაწილეობს, რის სანაცვლოდაც მადლიერი სისტემა ციფრულ მონეტებს გჩუქნით. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, ასეთი გამომთვლელი სადგური ძალიან ბევრ ელ.ენერგიას მოიხმარს.
კონკრეტულად რამდენს? 1 ბიტკოინის “ამოთხრა” თელასის დღევანდელი ტარიფებით 7320 ლარი დაგიჯდებათ.
თუმცა, რეალურად, თქვენ მიერ ჩადებულ ინვესტიციას ასე 2-3 თვეში უკან დაიბრუნებთ და მოგებაზეც გახვალთ.
– დადებითი მხარე: ერთხელ აწყობილი სისტემა საკმაოდ დიდი ხნით გემსახურებათ და ეს გზა ბიტკოინის გამომუშავების საუკეთესო გზაა.
– უარყოფითი მხარე: მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიერ შეძენილი დანადგარები საკუთარ თავს რამდენიმე თვეში აანაზღაურებენ, ინვესტიცია საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ასევე, თითქმის ყოველ კვარტალში უფრო და უფრო ძლიერი დანადგარები ჩნდება ბაზარზე და შეიძლება თქვენი “სუპერკომპიუტერი” 6 თვეში აღარაფრად ვარგოდეს.

3. ზეციური “მაინინგი”
მათთვის კი, ვისაც სპეც. ტექნიკის შესაძენი ათასობით დოლარი არ აქვს, არსებობს ბიტკოინის გამომუშავებაში ჩართვის უფრო მარტივი და იაფი გზა – “Cloud Mining”. ამ შემთხვევაში, თქვენ პოულობთ ისეთ კომპანიას, ვინც უკვე ააწყო უზარმაზარი მაინინგ-ცენტრი და მათგან ტექნიკას “ქირაობთ” ონლაინ. თუმცა, ეს გზა ხიფათითაა მოფენილი – არაერთი აფერა მომხდარა ქლაუდ მაინინგის ხანმოკლე ისტორიაში და მხოლოდ ერთეულებმა შეინარჩუნეს პატიოსანი სახელი:
Hashflare Genesis
ჰმ, მეტი სანდო საიტი არც გვახსენდება…
– დადებითი მხარე: ერთჯერადი, ნებისმიერი ზომის ინვესტიცია. ბიტკოინის მოპოვებაში ჩართვის ყველაზე მარტივი გზა.
– უარყოფითი მხარე: არის შანსი, რომ პროვაიდერის მიმზიდველი შემოთავაზება უბრალო აფერა აღმოჩნდეს და თქვენი ფული დაკარგოთ.

4-ish…
არის კიდევ ერთი გზა – ვებ მაინინგი: რაიმე ვებ გვერდის მფლობელს შეუძლია თქვენი კომპიუტერის რესურსი გამოიყენოს მაინინგისთვის იმ დროს, როდესაც ამ ვებ გვერდით სარგებლობთ. თუმცა, ამ დროს ფულს თქვენ კი არა, ის ვებ გვერდი იშოვნის.
ამ სისტემას განიხილავენ ონლაინ ბანერების და რეკლამების ჩამნაცვლებელ ვარიანტად. შედიხართ რაიმე ვებ-გვერდზე, ეთანხმებით მფლობელის შემოთავაზებას და რაიმე პრემიუმ კონტენტს იღებთ “უფასოდ” და რეკლამების გარეშე, მაშინ, როდესაც ეს ვებგვერდი თქვენი კომპიუტერის სიმძლავრის ნაწილს იყენებს “ბიტკოინების გამოსათვლელად”. სამართლიანი ბარტერია, ვერაფერს იტყვი 🙂

ა, ჰო, კიდევ ერთი. მას მერე, რაც აარჩევთ, რა გზით დაისაკუთროთ ბიტკოინი, მისი სადმე შენახვაც მოგიწევთ. ამისთვის სპეციალური “საფულეები” არსებობს.
საფულე არსებობს აპლიკაციების (Blockchain Andr , Blockchain ios)
კომპიუტერული პროგრამების (Electrum, Exodus)
და რეალური მოწყობილობების სახით (Ledger, Trezor)

ჰუჰ… თუ აქამდე მოხვედით, უკვე რაღაც გაგეგებათ ბიტკოინის სფეროში.
წარმატებული ინვესტირება გვისურვებია


რეკომენდირებული სტატიები
ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის
“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ "კომპიუტერის" ხელში გადავა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.