სუმოს ქართული შტურმი


გააზიარე სტატია

სასწაულები ხდება. ოცნებებიც. სასწაული რელიგიის სფეროა. იაპონიაში კი სუმო რელიგიაა. უფრო სწორად, საუკუნეების მანძილზე იყო რელიგიის ნაწილი, ახლა სპორტად აქციეს. ვითომ სპორტია. არადა, მაინც რელიგიად, კულტად დარჩა.

იაპონიაში სუმოს მებრძოლებს ნახევრად ღმერთებად მიიჩნევენ. არ ვაჭარბებ, დღემდე ასეა. წინა კვირაში მცხეთელმა ნახევრად ღმერთმა სუმოში ყველაზე ძვირფასი – იმპერატორის თასი მოიგო.
ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოდ წოდებული იანვრის სუპერტურნირი უძლიერესად ჩაატარა, 15 მეტოქიდან 14 დაამარცხა და ქართული სუმოს ისტორიაში პირველი იუშოც დაიდო. რა ადვილი დასაწერია, ეს ოხერი!

შეუჩვეველ მკითხველს ალბათ ყურს მოსჭრის უცხო ტერმინები, თუმცა მათ გამოყენებას ტექსტში ვერ ავცდებით. ამიტომ, რამდენიმე ძირითადი ცნების ქართულ განმარტებას შემოგთავაზებთ. ზოგადად, სუმო ძალიან მკაცრად ორგანიზებული სტრუქტურით გამოირჩევა. ელიტაში მოსახვედრად და იმპერატორის თასისთვის ბრძოლის შანსის მისაღებად, შვიდი წყება ჯოჯოხეთი უნდა გაიაროს კაცმა.


უმაღლესი დივიზიონი – „მაკუუჩი“, თავის მხრივ, ორ ნაწილადაა დაყოფილი. უპრესტიჟულეს დანაყოფს „სანიაკუ“ ეწოდება, რომელიც თავის თავში აერთიანებს იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკეს და კომუსუბის წოდებებს. იერარქიის კენწეროში იოკოძუნა დგას, „დიდი ჩემპიონი“. შემდეგ მოდიან ოძეკი (ჩემპიონი), სეკივაკე და კომუსუბი.

მაკუუჩი დივიზიონის მეორე ნაწილს „ჰირამაკუ“ ეწოდება და აერთიანებს რიგით მებრძოლებს, ანუ „მაეგაშირებს“. მაეგაშირათა ნუმერაცია ერთიდან მაქსიმუმ ჩვიდმეტამდეა და მებრძოლები წინა ტურნირზე ნაჩვენები შედეგების შესაბამისად „ინომრებიან“. წელიწადში ტარდება 6 დიდი ტურნირი, ანუ „ბაშო“, თითოეული ბაშო კი შედგება 15 საასპარეზო დღისაგან.

დაგღალეთ, ხომ?
სუმომანებს ხშირად დაგვცინიან, სუმოს ტერმინებზე ქირქილებენ, სპორტსმენების საბრძოლო სახელებზე ოხუნჯობენ. „მსუქანი, ტიტლიკანა კაცების ღიპებით დაჯახება“ – ყველაზე ხშირად მოსმენილი, ვითომ გონებამახვილი, დამცინავი და განმაქიქებელი დახასიათებაა.

წლების წინ, როდესაც რამდენიმემ, ჯერ კიდევ არამეგობარმა, სუმომანთა კლუბი შევქმენით და ტურნირების ლაივში ნახვის მიზნით შეკრებები დავიწყეთ, ზურგს უკან ყოველთვის უსიამოვნო საუბრები და დაცინვა გვესმოდა. განვლილ შაბათ-კვირას კი, როდესაც ქართველი მებრძოლი ამომავალი მზის ქვეყნის ყველაზე სანუკვარ სპორტულ ჯილდოს იგებდა, ტევა აღარ იყო ჩვენი შეკრების ადგილას, სკამებიც კი აღარ დარჩა „მასპინძლებისთვის“.

ცოტა კი შემშურდა ახლად გამომცხვარი სუმომანების, მაგრამ მთავარი აქ სხვაა – ძალიან დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც პოპულარული ხდება საქართველოში სუმო. კი ბატონო, ტერმინებს და სახელებს თითქმის ყველა ბეჭდური მედია ამახინჯებს, ტელევიზიის წამყვანები ენას იტეხენ მათ გამოსათქმელად, მაგრამ ეს არაფერია, ბევრად უფრო პოპულარული სახეობების გაშუქების დროსაც არ გვიკვირს მსგავსი ამბები, მივეჩვიეთ.
სუმოს დავუბრუნდეთ.

კარგად მახსოვს, 2002 წელს, ევროსპორტ-2 ჩაირთო უბნის საკაბელოზე. სტანდარტული, მასობრივად პოპულარული სპორტის სახეობების პარალელურად, გაჩნდა ეგზოტიკური სახეობების – დარტსის, კერლინგის და სუმოს ნახვის საშუალება. დარტსი მომეწონა, კერლინგი – არც ისე. სუმოზე გავგიჟდი. მომაჯადოვა რიტუალების სიმრავლემ, ეკრანს მიღმა გამეფებულმა ურთიერთპატივისცემამ, დიდ-პატარაობამ, წესრიგმა. გინახავთ, როგორ ასუფთავებს ორი ახალგაზრდა იაპონელი საბრძოლო მოედანს – დოჰიოს, მასზე მიმობნეული მარილისგან? ლამაზია!

ლევან ცაგურია

ფოტო: sumojapones.wordpress.com

ცოტა ხანში პირველი საგულშემატკივრო მებრძოლიც გამოჩნდა – კოკაი, ლევან ცაგურია. მისი შიკონა (საბრძოლო მეტსახელი) შავ ზღვას ნიშნავს. სოხუმელი ფალავანი გახდა სუმოს ისტორიაში პირველი ევროპელი სეკიტორი (სეკიტორი – მებრძოლთა ელიტური ფენა, აერთიანებს 70-მდე სპორტსმენს, რომლებიც უმაღლეს „მაკუუჩი“ და რანგით მეორე – „ჯურიოს“ დივიზიონში ასპარეზობენ). პირველი საოცრების შემოქმედიც კოკაი გახდა: 2005 წლის ივლისში დაამარცხა „დიდი მონღოლი“ ასაშორიუ და ოქროს ვარსკვლავი მოიპოვა. 2006 წლის იანვარშიც ჩაიდენს იგივე საოცრებას 189 სანტიმეტრი სიმაღლისა და 160 კილოგრამი წონის ქართველი გოლიათი და მალევე ეუფლება უმაღლესთაგან ერთ-ერთს, კომუსუბის საპატიო წოდებას.

თეიმურაზ ჯუღელი

ფოტო: USA Today

მერე გამოჩნდა გაგამარუ, თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ასევე არის ოქროს ვარსკვლავის მფლობელი და იყო კომუსუბის რანგის მატარებელი.

ლევან გორგაძე

ფოტო: sumoforum.net

მესამე და ყველაზე წარმატებული – ლევან გორგაძე, 2006 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა პროფესიულ სუმოში. მისი საბრძოლო მეტსახელი (შიკონა) არის ტოჩინოშინი. თავსართი „ტოჩი“ მომდინარეობს „ტოჩიგის“ პრეფექტურიდან, საიდანაც იყო წარმოშობით ლევანის სუმოს სკოლის დამფუძნებელი და მის პატივსაცემად, სკოლაში აყვანილ ყველა მებრძოლს „ტოჩის“ იეროგლიფი ეძლევა შიკონაში. რაც შეეხება მეტსახელის დაბოლოებას, „ნო“ არის კავშირი, ხოლო „შინ“ ნიშნავს გულს. ანუ ქართულად იქნება „ტოჩის გული“. შიკონას აქვს ასევე მეორე ნაწილი – „ცუიოში“ (სრული შიკონა: Tochinoshin Tsuyoshi), რაც ნიშნავს ძლიერს. ანუ სიტყვასიტყვით თარგმანში გამოდის „ტოჩის გული ძლიერი“.
ლევანს სულ რაღაც 13 ტურნირი დასჭირდა, რომ ქვედა დივიზიონები გამოევლო და მაკუუჩიში დაემკვიდრებინა თავი.

2009 წლის ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინი გახდა ტურნირის ვიცე-ჩემპიონი, 12-3 ბალანსით. იგივე გაიმეორა 2011 წლის მაისში – ისევ 12 მოგება 15-დან და ისევ ვიცე-ჩემპიონობა. პარალელურად, სანიაკუსაც გაუშინაურდა და სამჯერ მიაღწია კომუსუბის რანგს, თუმცა, სპორტული წარმატებების დარად, ტრავმიანობაც იზრდებოდა.

2013 წლის ივლისის ბაშო ნაადრევად შეწყვიტა, ფიზიკურად აღარ შეიძლებოდა ბრძოლების გაგრძელება. ტრავმა მძიმე აღმოჩნდა, მკურნალობა – ხანგრძლივი. თითქმის ერთი წელი გაუცდა, რის შედეგადაც რანგით მესამე, მაკუშიტას დივიზიონში დააქვეითეს და 55-ე ნომრად გაამწესეს, ფაქტობრივად – უფსკრულში.

2014 წლის მარტიდან, სუმოს სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობის გასაკვირად, იწყება ტოჩინოშინის ტრიუმფალური დაბრუნება – ზედიზედ ორჯერ, 7-0 ბალანსებით (ქვედა დივიზიონებში 7-7 ბრძოლა იმართება ტურნირის განმავლობაში) მოიგო მაკუშიტას დივიზიონი და გადმოვიდა რანგით მეორე – ჯურიოს დივიზიონში, რომელიც ასევე მიჯრით ორჯერ მოიგო, 13-2 და 15-0 ბალანსებით. შედეგად, 2014 წლის ნოემბერში ლევანი ისევ დაუბრუნდა უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონს.

დაბრუნების შემდეგ, 2015 წლის მარტშივე, იოკოძუნა ჰარუმაფუჯის ძლევისთვის იღებს ოქროს ვარსკვლავს, კომუსუბის ტიტულით უბრუნდება სანიაკუს და 2016 წლის ივლისში აღწევს ქართული სუმოსთვის აქამდე უხილავ საფეხურს – სეკივაკეს წოდებას. 2017 წლის იანვრის ტურნირზე, ტრავმირებული ტოჩინოშინი აგებს ხუთივე სასტარტო შერკინებას და კვლავ ეთიშება ასპარეზობას … და ისევ ბრუნდება! 2017 წლის მაისის ბაშოზე ტოჩინოშინი კვლავ ხდება ტურნირის ვიცე-ჩემპიონი, კვლავ 12-3 ბალანსით, ხოლო მომდევნო ბაშოზე კიდევ ერთ ოქროს ვარსკვლავს იფორმებს, ამჯერად იოკოძუნა კისენოსატოს ძლევით.

საბოლოოდ კი, როგორც უკვე გაუწყეთ, ქართული სუმოს ოცნება 2018 წლის იანვარში ახდა, სამგზის ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ, ტოჩინოშინმა დამსახურებულად, 14-1 ბალანსით მოიგო იმპერატორის თასი და სუმოს არსებობის ისტორიაში გახდა მეტორმეტე არაიაპონელი, რომელმაც ეს შეძლო. ამასთან, რიგით მაეგაშირას 2012 წლის მაისის მერე არ მოუგია ტურნირი, ხოლო ლევანის სკოლის წარმომადგენელმა ბოლოს 1972 წელს მოიგო.

ფოტო: japantimes.co.jp

მთელი იაპონია საქართველოზე და ქართველის გამარჯვებაზე ლაპარაკობს, ტოჩინოშინის უზარმაზარი გამოსახულება კი ტოკიოს უდიდესი სუმოს დარბაზის ჭერს დაამშვენებს.

ავტორი: დავით ლომინაძე


რეკომენდირებული სტატიები
სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები

სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები

სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები
სუმოს სპორტული სახეობის წესებზე, ჩემპიონატების სტრუქტურასა და ქართველი სუმოისტების გამარჯვების მნიშვნელობაზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.