fbpx

დაშორებული წყვილების მუზეუმი – The Museum of Broken Relationships


გააზიარე სტატია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მუზეუმი ხორვატიაში, ზაგრებშია და The Museum of Broken Relationships (დანგრეული ურთიერთობების მუზეუმი) ჰქვია, რომელიც ამავე ქალაქში მცხოვრებმა ორმა ხელოვანმა დააარსა. მათ მანამდე ოთხწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. ურთიერთობის დასრულების შემდეგ ისინი ხუმრობდნენ ხოლმე დარჩენილი საერთო ნივთების სამუზეუმო ექსპონატებად გადაქცევაზე.

მართლაც, 2006 წელს იდეის სისრულეში მოყვანა გადაწყვიტეს და კოლექციის გაზრდის მიზნით მეგობრებსაც სთხოვეს ნივთები, რომლებიც ყოფილი სასიყვარულო ისტორიებიდან შემორჩათ.

რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ კოლექციას მუდმივი სივრცე ექნებოდა, მოძრავი ექსპოზიციის სახით მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მოიარა: არგენტინა, გერმანია, მაკედონია, ფილიპინები, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

2006 – 2010 წლებში კოლექცია დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა დაათვალიერა და ამ დროის განმავლობაში ბევრი ნივთიც დაგროვდა ექსპოზიციის გასამდიდრებლად.

საბოლოოდ მუზეუმი საკუთარ სივრცეში 2010 წლის ოქტომბერში გაიხსნა და მალევე ძალიან პოპულარული გახდა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვისაც, რადგან ის კვირაში 7 დღე ღიაა.

2011 წლის მაისში კი The Museum of Broken Relationship-ს Kenneth Hudson Award გადაეცა. ეს ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, პიროვნებას, პროექტს ან ადამიანების ჯგუფს ყველაზე უჩვეულო, გამბედავი და შესაძლოა საკამათო მიღწევისთვის, რომელიც ცვლის საზოგადოებაში დამკვიდრებულ მუზეუმის აღქმის ცნებას.


კოლექციის ერთ-ერთ ცნობილ ექსპონატს წარმოადგენს ცული “ex-axe”, რომელიც ერთ-ერთმა ბერლინელმა დამთვალიერებელმა უსახსოვრა მუზეუმს. სასოწარკვეთილმა ქალმა ამ ცულით ყოფილ შეყვარებულს ავეჯი დაუჩეხა, რადგან მან სხვა ქალის გამო მიატოვა.

ორი კვირის შემდეგ, როდესაც კაცი ავეჯის წასაღებად დაბრუნდა, მას სახლში პატარა ხის ნაფოტებიღა დახვდა, ცული კი კარგი თერაპიის საშუალება გამოდგა.

2016 წლის 4 ივნისს The Museum of Broken Relationships ლოს-ანჯელესშიც გაიხსნა. ზაგრებში ყოფნის დროს, ცნობილი ამერიკელი იურისტი John B. Quinn ესტუმრა მუზეუმს და ისე მოეწონა, რომ მის დამფუძნებლებთან ერთად მუზეუმის ფილიალის შუაგულ ჰოლივუდში გახსნა გადაწყვიტა. ჰოლივუდის ფილიალში ექსპონატების ძირითადი ნაწილი ზაგრებიდან არის წაღებული, მცირე ნაწილი კი ლოს-ანჯელესში შეგროვდა.


რეკომენდებული სტატიები
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
რა ვნახოთ ვენეციაში: პეგი გუგენჰეიმის კოლექცია

რა ვნახოთ ვენეციაში: პეგი გუგენჰეიმის კოლექცია

რა ვნახოთ ვენეციაში: პეგი გუგენჰეიმის კოლექცია
ცნობილი ხელოვანების ნამუშევრების კოლექცია, რომლის დათვალიერებაც ვენეციის მე-18 საუკუნის სასახლეში შეგიძლიათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.