fbpx

ვალენტინობის დღის ეკონომიკა


გააზიარე სტატია

ჯერ კიდევ წარმართულ ძველ რომში 14 თებერვალი – “ლუპერკალია” გამორჩეულად აღინიშნებოდა – იუნონასა და ფავნისადმი მსხვერპლად შეწირული ცხოველების ტყავისგან მამაკაცები შოლტებს აკეთებდნენ და ქალაქის ქუჩებში ქალებს მიერეკებოდნენ ხოლმე. ითვლებოდა, რომ ამით ქალების ნაყოფიერება და სექსუალობა უმჯობესდებოდა.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, თითქმის ყველა წარმართულ დღესასწაულს ახალი, ქრისტიანული სახელი დაარქვეს. სახელი შეუცვალესა ლუპერკალიასაც – მას შეყვარებულების მფარველი ქრისტიანი მღვდლის, ვალენტინის დღე ეწოდა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, იმპერატორ კლავდიუსის ბრძანებას არ დაემორჩილა და ახალგაზრდა წყვილებს ჩუმად აქორწინებდა.

არსებობს კონსპიროლოგიური შეხედულება, რომ თანამედროვე ვალენტინობის დღესასაწაული საჩუქრებისა და მისალოცი ბარათების მწარმოებლების მიერ ხელოვნურადაა შექმნილი და ყველაფრის უკან უბრალოდ საკუთარი პროდუქციის გასაღების სურვილი დგას.


თუ ეს ასეა, ყველაფერი ციფრებში უნდა გამოჩნდეს, არა?

რადგან საქართველოში ამგვარ სტატისტიკას არავინ აწარმოებს, ისევ ჩვენს შორეული მეგობრის, აშშ-ისას შევხედოთ.

ვალენტინობას აშშ-ის ყოველი მეორე მოქალაქე აღნიშნავს. უფრო ზუსტად კი – მოსახლეობის 55%.

როგორც ამერიკის National Retail Federation ვარაუდობს, წელს ამერიკელები რეკორდული რაოდენობის თანხას – 19,6 მილიარდ დოლარს დახარჯავენ ამ დღის აღსანიშნავად და საჩუქრების საყიდლად.

ბოლო ათწლეულში ყველაზე ძუნწად 2009-2010 წლებმა ჩაიარა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო მხოლოდ 14,7 და 14,1 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. მას მერე კი მზარდი ტენდენცია აღინიშნება.

საშუალოდ ამერიკელი ამ დღეს 143 დოლარს დახარჯავს. თუმცა, ეს გასაშუალოებული მონაცემია და თუ მას გენდერულ ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მამაკაცები ქალებზე თითქმის ორჯერ მეტს ხარჯავენ:

  • მამაკაცების საშუალო დანახარჯი – 196$
  • ქალების საშუალო დანახარჯი – 100$

შეიძლება ამ სტატისტიკის უკან არათანაბარი ანაზღაურების ნიშნები დავინახოთ, მაგრამ ჩემი აზრით, საქმე ისაა, რომ ვალენტინობის ტრადიციამ რაღაც გარკვეული ვალდებულება შექმნა – თუ მამაკაცი პარტნიორს ან სიმპათიის ობიექტს ამ დღეს განსაკუთრებულ რამეს არ მოუწყობს, მას ეს აუცილებლად ეწყინება. ამ დღეს “დღესასწაულის” მოწყობის სიმძიმეც მამაკაცებზე გადადის ხოლმე – საჩუქარი, რესტორანი, ყვავილები, შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შეიძლება სასტუმროც.

 

და რა იყიდება ვალენტინობაზე ყველაზე უკეთ?

როგორც NRF გვაუწყებს, ამ დღეს ბესტსელერი სამკაულები, ძვირფასეულობაა – ამ პროდუქციაში ამერიკელები წელს 4,7 მილიარდ დოლარს დახარჯავენ.

  • შემდეგ მოდის რესტორნისა თუ სასტუმროს ხარჯები – 3,7 მილიარდი,
  • ყვავილები – 2 მილიარდი,
  • ტკბილეულობა – 1,8 მილიარდი და
  • ტანსაცმელი – 1,9 მილიარდი.

 

საინტერესოა, რას აკეთებს მოსახლეობის “ვალენტინობისარაღმნიშვნელი” ნახევარი?

როგორც აღმოჩნდა, მათი მესამედი რაღაც ფორმით მაინც აღნიშნავს ამ დღეს, კერძოდ:

11% ვალენტინობის საჩუქარს საკუთარი თავისთვის ყიდულობს,
დაახლოებით 10%-მდე ამ დღეს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ატარებს,
ხოლო მოსახლების 4% ანტი-ვალენტინობის საჩუქრებს ყიდულობს.

ასე აღნიშნავთ თუ ისე, იმდენად გილოცავთ, რამდენადაც თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს დღე. ^_^

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.