fbpx

Sophie Villy-ს ახალი ვიდეოკლიპი Planet A


გააზიარე სტატია

Sophie Villy, იგივე სოფი ხუციშვილი, ქართველი მუსიკოსია, რომელიც ამერიკასა და უკრაინაში მოღვაწეობს. მისი სადებიუტო ალბომი, Mother Fish 2012 წელს გამოიცა, რის შემდეგაც სოფის აქტიური მუსიკალური კარიერა დაიწყო. ორი წლის მერე მუსიკოსმა ახალი ჩანაწერი, Dress გამოსცა, ხოლო 2015 წლის კანის კინოფესტივალის ნომინანტი ფილმისთვის  Lost in Escapade საუნდტრეკი შექმნა.

Sophie Villy-ს ბოლო ალბომია Planet A, რომელმაც დღის სინათლე შარშან იხილა. ახალი კლიპი კი სწორედ ამ ალბომის მთავარი სიმღერისთვის შეიქმნა.

 

 

AT_  გაესაუბრა სოფი ვილის მისი ახალი ვიდეოკლიპისა და სამუშაო პროცესის შესახებ:

Planet A შენი ამავე სახელწოდების მქონე ალბომის მთავარი კომპოზიციაა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოიცა. რას ნიშნავს Planet A ? რა იმალება სათაურის მიღმა?

„რატომ Planet A? იმიტომ რომ არ არსებობს Planet B,” – ამერიკის ტურნეს დროს ასე ჟღერდა ალბომის პრეზენტაციის ყოველი კონცერტის წინასიტყვაობა. არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს საოცრად სჭირდება. არსებობს მხოლოდ ერთი პლანეტა და ეს არის სიყვარული – ერთადერთი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია ყველანაირი წინაღობის გადასალახად.

 

რას გვეტყვი ალბომის ტურნეზე, რომლის ფარგლებშიც კონცერტი რამდენიმე ქალაქში გქონდა?  როგორი იყო მსმენელის შეფასება?

ტურნე ნიუ-იორკით დავიწყეთ და ექვსი კონცერტი ჩავატარეთ. ერთ-ერთი Sofar Sounds New York-ის სცენაზე, სადაც საქართველო პირველებმა წარვადგინეთ. ამ ტურნეში ჩემთან ერთად უკრავდნენ უნიჭიერესი მუსიკოსები: გიორგი ბერიშვილი (ხონძი), ჯონ მერიტი, ჯო სპინელი – საოცარი დრამერი, ფიმა ჩუპახინი კი კლავიშზე.

მსმენელის დასწრებამ და შეფასებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მახსოვს, ერთხელ, შუა კონცერტის დროს ცრემლებიც წამომივიდა და უდიდესი მადლიერების გრძნობა დამეუფლა. ეს მომენტები არასდროს დამავიწყდება. Planet A კალიფორნიის უდიდესი რადიოსადგურის, KCRW-ის როტაციაშიც მოხვდა.

აშშ-ს მერე დავუკარით ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე Atlas Weekend, კიევში, სადაც ჰედლაინერები Prodigy, Royksopp, Kasabian და Submotion Ochestra იყვნენ.

 

Swim On-ის შემდეგ Planet A ალბომის მეორე სიმღერაა, რომლისთვისაც კლიპი გადაიღე. Swim On-ში ლუკა ბერაძესთან ერთად რეჟისორის ამპლუაში შენც მოგვევლინე. ამჯერად ვინ არის რეჟისორი და როგორი იყო ვიდეოზე მუშაობის პროცესი?

ამჯერად ვიდეოს გადაღება ძალიან სპონტანურად მოხდა, ფაქტობრივად ნიუ-იორკიდან გამოფრენის წინა დღეს.

თავიდანვე მქონდა იდეა, რომ ქალაქი სხვა რაკურსიდან გადამეღო – რაც შეიძლება მზიანი და ნაკლებად ხალხმრავალი ადგილები რომ ყოფილიყო. შევხვდი ოპერატორ დავით გოგოხიას, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და გადავწყვიტეთ კლიპი ჩემს საყვარელ უბანში – უილიამსბურგში გადაგვეღო. მზის ჩასვლაც დაემთხვა.

ვფიქრობ, ცათამბჯენები და ხალხმრავალი ადგილები ვერ შექმნიდნენ ისეთ ჰაეროვან და ნათელ ატმოსფეროს, როგორიც გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო რომ გვქონოდა, მეტი მასალა დაგვიგროვდებოდა და ბევრად მეტის გადმოცემის საშუალება გვექნებოდა, მაგრამ იმ პირობებში, ვფიქრობ, გავაკეთეთ მაქსიმუმი, და ჩემთვის რაც მთავარია, გადმოვეცით ის ემოცია, რომელიც Planet A ალბომის ორთვიანი მოგზაურობის შემდეგ დამეუფლა.

 

რამდენად რთული იყო კონკრეტული მუსიკალური ნარატივისთვის შესაფერისი ვიზუალური კონცეპტის პოვნა? თავად თუ ჩაერიე შემოქმედებით პროცესში, იდეის ან თუნდაც შესრულების დონეზე?

როდესაც ეს სიმღერა ჩაიწერა, ვიზუალად თავიდანვე ვხედავდი რაღაც გამჭვირვალეს, ნათელს, მიუწვდომელს, ამავდროულად მარტივს, თბილს და ხალისით, იმედით სავსეს. მდგომარეობას ვგულისხმობ. იმდენად გათავისებული და შესისხლხორცებული მქონდა ეს ყველაფერი, რომ ამის ასე ბუნებრივად გადმოცემა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. ფაქტობრივად 4 საათში გადავიღეთ და უდიდესი სიამოვნება მივიღე. ხალხი გვაჩერებდა ქუჩაში და გვეკითხებოდა, სად ვნახოთ ეს ვიდეო და სად მოვისმინოთო. მეცინებოდა :))

 

შესაძლებელია, რომ ალბომის სხვა რომელიმე სიმღერაზე კიდევ ერთი ვიდეოკლიპი ვიხილოთ? როგორია შენი უახლოესი სამომავლოს გეგმები?

ფრანგი რეჟისორის, ჟან მარბახის ინიციატივით აპრილში იგეგმება გადაღება პარიზში. ჟანი ორი თვის წინ დამიკავშირდა და ალბომში შესულ სიმღერაზე Another Existence კლიპის გადაღება შემომთავაზა. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი იყო. მოუთმენლად ველი ამ გადაღებას. უკვე მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს.

ამჟამად ვმუშაობ ახალ სინგლზე და რამდენიმე ძალიან საინტერესო კოლაბორაციაზე, რომელიც გაზაფხულზე გამოვა. გარდა ამისა, ვგეგმავ ტურნეს ევროპაში და აგრეთვე სხვადასხვა  ფესტივალებზე გამოსვლას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.