ხელნაკეთი შოკოლადის მაღაზიები თბილისში


გააზიარე სტატია


ტკბილეულის მოყვარულებისთვის თბილისში სასიამოვნო სიახლეა – ბაზარზე გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომლებიც ხელნაკეთ შოკოლადს აწარმოებენ. ეს სიახლე სასიამოვნოა მათთვისაც, ვისაც სურს სასაჩუქრედ ორიგინალური და გემრიელი შოკოლადების დამზადება, ასევე მათთვის, ვინც ბავშვებისთვის ნატურალურ და ჯანსაღ ტკბილეულს ეძებს. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე მათგანს და გავარკვიეთ მათი დამზადების ტექნოლოგიები, ასორტიმენტი და ფასები.

Coco’s Artisan Chocolates


www.buyers.ge, Cafe milk, Cafe Lalage
ფასები: 12-17 ლარი

გაგვეცანით და მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ ხელნაკეთი შოკოლადის დამზადება.
მე ვარ ქეთევან მეშველიანი, მეგობრები ქოქოს მეძახიან. შოკოლადის დამზადების ინტერესი 2 წლის წინ იტალიაში, სიცილიაზე ყოფნისას გამიჩნდა, სადაც აცტეკების ორიგინალური რეცეპტით ამზადებენ შოკოლადს. მას შემდეგ ვსწავლობ, რადგან ყველაზე კარგად ცოდნა პრაქტიკით მტკიცდება. სწავლის პირველი ეტაპი შოკოლადის აკადემიაში გავიარე, თბილისში კი ინფორმაციას წიგნებით და ინტერნეტით ვპოულობ.

თქვენი შოკოლადის დამზადების ტექნოლოგიები, პირობები და გაფორმება
ჩემი სახლის პირველი სართული დიდ სამუშაო სტუდიოდ მაქვს გადაკეთებული, სადაც შოკოლადის დამზადების ყველა ეტაპი მიმდინარეობს და ამას მე თავად ვაკეთებ. ჩემი ხელნაკეთი შოკოლადია და ის მზადდება მხოლოდ საუკეთესო, დასავლეთ ეკვადორზე მოყვანილი კაკაოთი. რაც მთავარია, არ ვიყენებ დანამატებს, ესენციებს და სხვადასხვა სახეობის ცხიმებს. შოკოლადის კანფეტების შიგთავსს ვამზადებ ქართული თხილეულისა და გამომშრალი ხილისგან, ხოლო სპეციფიკურ რძის პროდუქტებს – ფრანგულს – საკონდიტრო მაღაზიაში ვყიდულობ.
გარდა ნატურალური ინგრედიენტებისა, ვცდილობ შაქრის გამოყენების შემცირებასაც. ამიტომაც, მაგალითად, კანფეტების შიგთავსებს ვამზადებ ნატურალური შაქრის ლერწმის სიროფისგან.
ჩემი შოკოლადის კანფეტების სახეობები სხვადასხვა ფერისაა და ამ ფერებს კაკაოს ცხიმზე დამზადებული ნატურალური საღებავებით მე თვითონ ვაზავებ.

რა ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებელს და რითაა გამორჩეული თქვენი პროდუქცია.
იქიდან გამომდინარე, რომ შოკოლადის მომზადებას დღეები სჭირდება, დიდი ასორტიმენტი არ მაქვს. ვამზადებ 3 სახეობის შოკოლადის ფილას – თეთრ, შავ და რძიანი შოკოლადის კანფეტებს სხვადასხვა შიგთავსით და 2 სახეობის კლასიკურ ტრიუფელს, ასევე სამარხვო შოკოლადს – შავი შოკოლადისა და სხვადასხვა ხილის შიგთავსისაგან.

რამდენად ნატურალურია და გაქვთ თუ არა სპეციალური ხაზი ბავშვებისთვის.
სპეციალურად საბავშვო ხაზი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ შოკოლადს ყველა ასაკის და სქესის ადამიანი სიამოვნებით მიირთმევს. ასე რომ, ჩემი ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ შოკოლადებს ბავშვებიც გემრიელად მიირთმევენ.

მუშაობთ თუ არა ინდივიდუალურ შეკვეთებზე.
ინდივიდუალურ შეკვეთებზე არ ვმუშაობ, მხოლოდ – კორპორაციულებზე.

Chicolli Shop


ფალიაშვილის ქ.N 79
8-20 ლარი

გაგვეცანით და მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ ხელნაკეთი შოკოლადის დამზადება.
ჩვენ, თამთა ბენაშვილი და თეა ცქიფურიშვილი – შიკოლის დამფუძნებლები – დიდი ხნის მეგობრები ვართ. მე და თეა კარგა ხანია ვამზადებთ შოკოლადებს სამოყვარულო დონეზე, გავლილი გვაქვს შოკოლადის დამზადების ონლაინ კურსები. ხელნაკეთი შოკოლადის მაღაზიის იდეა პარიზში მოგზაურობის დროს გაგვიჩნდა, რამდენიმე შოკოლადის მაღაზია მოვინახულეთ და მოგვინდა ასეთი რამ თბილისშიც გაგვეკეთებინა.
ოქტომბერში ჩვენმა მეგობარმა თბილისობის ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება შემოგვთავაზა. ჩვენც დავამზადეთ შოკოლადები და მოვაწყვეთ დახლი, პროდუქციას დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თბილისობის დღესასწაულის შემდეგ გადავწყვიტეთ ამ სფეროში უფრო აქტიურად ჩაბმა და ასე შეიქმნა შიკოლი – ხელნაკეთი შოკოლადების კომპანია.

თქვენი შოკოლადის დამზადების ტექნოლოგიები, პირობები და გაფორმება.
ტექნოლოგია, რომელსაც ვიყენებთ კლასიკურია – შოკოლადის ორთქლზე დამზადება. თავიდან სახლში ვამზადებდით, ახლა, რადგან შეკვეთების მოცულობა გაიზარდა, გადავედით ფალიაშვილის 79 ნომერში, სადაც ასევე გვაქვს პატარა მაღაზია. რაც შეეხება გაფორმებას, ფერებისთვის ვიყენებთ მაღალი ხარისხის კაკაოს, კარაქის საღებავებს, მოსახატად კი – ყალიბებს, ასევე ვხატავთ სპეციალურ ტრანსფერებზე, შემდეგ კი შოკოლადზე გადაგვაქვს.

რა ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებელს და რითაა გამორჩეული თქვენი პროდუქცია.
მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ. გვაქვს შავი, თეთრი და რძიანი შოკოლადი. შიგთავსები არის გამომშრალი ხილის, სხვადასხვა სახეობის თხილის, ნიგვზის. ჩვენი გამორჩეული პროდუქტი ფერადი პრალინებია, რომლის ვიზუალიც ასოცირდება შიგთავსთან. გვაქვს ვარდისფერი მარწყვის პრალინები, მწვანე პიტნის პრალინები და ყვითელი ლიმონჩელოსი – იტალიური ლიმონის ლიქიორის. ასევე ვაწარმოებთ საბავშვო ხაზს, სადაც წარმოდგენილია ფერადი და გემრიელი შოკოლადის ლოლიპოპსები. გვაქვს ტრიუფელები და შოკოლადის დიდი ფილები, რომელიც გრამობით იყიდება.

მუშაობთ თუ არა ინდივიდუალურ შეკვეთებზე?
ძირითადად დიდ კორპორაციულ შეკვეთებზე ვმუშაობთ, თუმცა ჩვენი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ მსურველს ჩვენს მაღაზიაში, ფალიაშვილის 79 ნომერში შეუძლია. გვაქვს სასაჩუქრე ყუთებიც.

Chocolaterie Suzette


ტაბიძის ქ.N 23, მაღაზია crafting corner 23
9-12 ლარი

გაგვეცანით და მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ ხელნაკეთი შოკოლადის დამზადება.
ხელნაკეთი შოკოლადების დამზადების იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს საფრანგეთში, აქვე დაიბადა სახელწოდებაც. (სუზეტი ძველი ფრანგული კლასიკური დესერტია ) იდეა სამ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეგობარს (თამარ კაკუშაძე, ირმა მესაბლიშვილი, ნინო თოთლაძე) გაგვიჩნდა, ხოლო 2016 წლის დეკემბერში პირველად გამოჩნდა სუზეტის შოკოლადები ბულბული-მარკეტზე, მოგვიანებით კი საშობაო ბაზრობებზე. ამგვარი ხელნაკეთი შოკოლადი თბილისში მანამდე არ მზადდებოდა.

თქვენი შოკოლადის დამზადების ტექნოლოგიები, პირობები და გაფორმება
საბაზისო შოკოლადი იტალიური პრემიუმ ხარისხის კაკაოს მაღალი შემცველობის შოკოლადია. ასევე ვიყენებთ ქართულ ჩირებს და თხილეულს. საბაზისო შოკოლადს სპეციალური დამუშავების შემდეგ ემატება მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები – თხილი, ჩირი, ნაღები და ხარისხიანი საღებავები. აქედან გამომდინარე, ჩვენი შოკოლადი უნიკალური გემოთი და ვიზუალით გამოირჩევა. სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ დღეს თბილისში ალბათ ცოტა თუ აკეთებს ისეთ მოხატულ ბონ ბონს, როგორსაც სუზეტში.

რა ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებელს და რითაა გამორჩეული თქვენი პროდუქცია.
გვაქვს 30-მდე დასახელების შოკოლადი (თეთრი, შავი და რძიანი) და კანფეტები (ე.წ. ბონ ბონი). სუზეტის სლოგანი – თქვენი სურვილი ჩვენი შოკოლადია – ზუსტად ასახავს ჩვენს ხედვას, რომელიც მომხმარებლის სურვილზეა ორიენტირებული. ანუ ჩვენ დაგიმზადებთ თქვენთვის სასურველ შოკოლადს, სასურველი თხილით თუ ჩირეულით ან შიგთავსით – რძიანს, თეთრს და შავს.
განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ ჩვენი ღვინის ხაზი (შოკოლადის შიგთავსში არის საფერავი), რაც ძალიან ორიგინალურს და სასიამოვნოს ხდის შოკოლადის გემოს. ასევე პროვანსული ყვავილების ხაზი (ყვავილები ჩამოგვაქვს საფრანგეთიდან), რომელიც თეთრი შოკოლადის განაჟს განსაკუთრებულ სინაზეს და არომატს სძენს. შოკოლადი მზადდება სახლის პირობებში.

მუშაობთ თუ არა ინდივიდუალურ შეკვეთებზე

ვმუშაობთ კორპორაციულ შეკვეთებზე. გვაქვს ძალიან ბევრი სასაჩუქრე შეფუთვა თუ ასორტის ნაირსახეობა. ჩვენთან მოსული თითოეული მყიდველი და შოკოლადის მოყვარული, ბედნიერი და კმაყოფილი მიდის.


რეკომენდირებული სტატიები
"სახლის მცხობელები" თბილისში

"სახლის მცხობელები" თბილისში

"სახლის მცხობელები" თბილისში
გთავაზობთ სხვადასხვა თაობის 2 მცხობელის ინტერვიუს, რომლებიც კლიენტებისთვის ნამცხვრებსა და ტორტებს თავიანთ ბინებში ამზადებენ
კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში
სოციალურმა ქსელებმა ავტორებს ბლოგების პოპულარიზაციის კარგი ინსტრუმენტებიც შეუქმნეს და მათთვის, ვინც კვლავ აგრძელებს ბლოგების წერას, ბევრად მარტივი გახდა სამიზნე აუდიტორიამდე კონტენტის მიტანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.