ქალები საქართველოდან


გააზიარე სტატია


2013 წელს ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა თბილისში ლელა გაფრინდაშვილის, თამარ ცოფურაშვილის, შორენა გაბუნიას, ეკა ფირცხალავას, ეკატერინე აღდგომელაშვილის, თამთა მელაშვილის, ირაკლი ხვადაგიანის, ეკა წერეთლის, ქრისტინე დარჩიასა და თამთა თათარაშვილის ავტორობით გამოსცა წიგნი „50 ქალი საქართველოდან”, რომელშიც გაერთიანდა XIX-XX საუკუნეების საქართველოში მოღვაწე ქართველი ქალების გამორჩეული, შთამაგონებელი ბიოგრაფიები.

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, AT.ge ამ წიგნში დაბეჭდილი ფოტოების ნაწილს გთავაზობთ, კომენტარებისთვის კი განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მანანა მანჯგალაძეს.

***

მარიამ დადიანი-ანჩაბაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად. წინააღმდეგობის მიუხედავად, 1900 წელს სოხუმის სამოქალაქო სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება შემოაღებინა რუსებს. ხელს უწყობდა სამკითხველოების დაარსებას. სოხუმში წერა-კითხვის საზოგადოების ფილიალი გახსნა.

 

ელისაბედ ქავთარაძე სოციალ-ფედერალისტების ოჯახში დაიბადა. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1928-ში ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო პირველად დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში იჯდა. 1929-ში გადაასახლეს. 1936-ში დაბრუნდა. 1940-ში ისევ გადაასახლეს ყაზახეთში. 28 წელი ცხოვრობდა გადასახლებაში. 1987-ში აირჩიეს “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” გამგეობის წევრად. საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მოესწრო – გარდაიცვალა 1988 წელს.

 

მარიჯანი (მარიამ ტყემალაძე) 1921-ში, როცა პირველი პოეტური კრებული გამოსცა, მისი ლექსები ეროტიკულობის გამო “მოკვეთეს”, მაგრამ საბავშვო მწერლად როგორ აღიარეს, მიკვირს.

 

სოფო გიგინეიშვილი-მგელაძე. მწერალი. წერდა ფსევდონიმით. მისი ნაწერების ქვეშ ეწერა: “გურული ქალი”, “მუშა ქალი”. კატო მიქელაძე მისი განუყრელი მეგობარი იყო. თავისუფლება, თანასწორობა – ამ ღირებულებებით ცხოვრობდა.

 

თინათინ ვირსალაძე. ამ კაფანდარა ქალის დამსახურებაა ჩუბინაშვილის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსება. ის ერთ-ერთი მოთავე იყო. თინათინ ვირსალაძე ბოლომდე ამ ინსტიტუტში დარჩა. ძეგლთა დაცვა – ესეც მისი საქმიანობის ერთ-ერთი განხრა იყო.

 

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი. ამ ქალმა 1906 წელს გახსნა ქალთა პირველი ქართული სკოლა საქართველოში. “ტფილისის ბავშვებზე ზრუნვის საზოგადოების” დამფუძნებელი ჩართული იყო უნივერსიტეტის დაარსებაში. ასეც იქნებოდა, რადგან ივანე ჯავახიშვილი მისი სიძე გახლდათ. 33 წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად.

 

მინადორა ორჯონიკიძე (ტოროშელიძე) მარქსისტულ წრეში ჩაება. ჟენევაში სწავლობდა სამედიცინოზე. მიემხრო სოციალისტებს. სოციალ- დემოკრატებში განხეთქილების შემდეგ აქტიური “მენშევიკი” გახდა. ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, როგორც 1918 წლის პარლამენტის წევრმა. შემდეგში იყო დამფუძნებელი კრების წევრი. გასაბჭოების შემდეგ რეპრესირებული იყო მისი მეუღლე და აგრეთვე შვილები. მინადორა რამდენჯერმე გადაასახლეს. მისი სახე ყველაფერს ამბობს, მასზე მთელი ტრაგედიაა აღბეჭდილი.

 

ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი. დავით სარაჯიშვილის მეუღლე. საოცარი ქალი. მას ბერტა ფონ ზუტნერმა ასწავლა გერმანული და კიდევ ბევრი რამ. რაც დავით სარაჯიშვილთან ერთად აკეთა, ეს მისი მოღვაწეობის ერთი მხარეა. მისი გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა საქველმოქმედო საქმიანობა და 3 მილიონი უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას, დრამატულ, მუსიკალურ საზოგადოებებს, აგრეთვე ქუთაისის თეატრს. ის ხელს უწყობდა თბილისში პოლიტექნიკური და სხვა სასწავლებლების დაარსებას.

 

ნუცა ღოღობერიძე. პირველი კინორეჟისორი ქალი საქართველოში. სამი ფილმი გადაიღო. პირველი მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად – “მათი”, შემდეგ “ბუბა”. ფილმების მხატვარი იყო დავით კაკაბაძე. ეკრანებზე გამოვიდა მისი მესამე ფილმიც – “უჟმური”. 1937-ში დახვრიტეს ნუცას ქმარი. ნუცა გადაასახლეს.

 

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე. დამფუძნებელი კრების წევრი. გასაბჭოების შემდეგ ორჯერ დააპატიმრეს. რეპრესირებული იყო მთელი მისი ოჯახი.

 

ვარინკა წერეთელი. “სულიკო” სიმღერად აკაკის თხოვნით დაწერა. წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა საკუთარ სახლში სამკითხველო და სკოლა გახსნა. ისე, 1937 წელს მოსკოვში საქართველოს დეკადაზე “სულიკო” რომ შეასრულეს, ისე წარადგინეს, როგორც ხალხური სიმღერა.

 

კატო მიქელაძე. ევროპაში სწავლობდა, ბრიუსელის სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა. იქ ცხოვრობდა 1915 წლამდე. ქალთა მოძრაობის აქტიურმა წევრმა დააარსა “ქალთა ლიგა”. გამოსცემდა გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა”. კომუნისტებმა “ბურჟუაზიული გარყვნილების მქადაგებელი” უწოდეს.

 

ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე. გურული სოციალ-დემოკრატი. “გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარე. 1919 წლის დამფუძნებელთა კრების წევრი. გასაბჭოების შემდეგ იწყებს ბრძოლას. ჯერ 1923-ში გადაასახლეს, დაბრუნდა, არ გაჩერდა და ისევ დააპატიმრეს. 1937-ში დახვრიტეს.

 

ანნა სოლოღაშვილი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ერთი წლის შემდეგ აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. 1937-ში დააპატიმრეს და დახვრიტეს.

 

ბერტა ფონ ზუტნერი. ავსტრიელი. დაქორწინების შემდეგ საქართველოში გადმოსახლდა. ცხოვრობდა ეკატერინე ჭავჭავაძესთან, სამეგრელოში. იყო ალფრედ ნობელის მდივანი. მშვიდობისათვის მებრძოლი. 1905 წელს მშვიდობის დარგში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს პრემია მიიღო. ნობელი მან დაარწმუნა, რომ მშვიდობის დარგში პრემია დაეწესებინა.

 

დომინიკა ერისთავი. ამ ქალმა დააარსა ქალთა პირველი ორგანიზაცია “ქართველ ქალთა საზოგადოება”. დომინიკა ერისთავი (განდეგილი) პირველი კორექტორი ქალი გახლდათ, აგრეთვე იყო ჟურნალისტი და მთარგმნელი.

 

მზია ჯუღელი. პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი. 13 ოქროს, 9 ვერცხლის, 6 ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

 

ეს ალექსანდრა ჯაფარიძეა. პირველი ქალი, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დადგა ფეხი. ფოტო მასზე ყველაფერს ამბობს.

 

ბარბარე ჯორჯაძე. უხ, რა მაგარი ქალი და თან სულ სხვადასხვა მიმართულებით. განათლება არ მიუღია, მაგრამ არავის ჩამოუვარდებოდა. გახდა მწერალი. ილიას ენის შესახებ პოლემიკაში შეება. დღესაც ხელიდან ხელში გადადის მისი “სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადი ცნობანი”, სადაც რჩევები და ქართულ-ევროპული კერძების რეცეპტებია დაბეჭდილი. ჩართული იყო “ქალთა საკითხების” ირგვლივ გამართულ ყველანაირ საქმიანობაში. მისი წერილი “ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ” ქართული ფემინიზმის მანიფესტად ითვლება.

 

რუსუდან მეფისაშვილი. ხელოვნებათმცოდნე. ისტორიკოსი. ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოს. იგი ითვლება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამფუძნებლად.

 

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, აქტიური ქალბატონი. პირველად 1917 წლამდე დააპატიმრეს. სულ სამჯერ იყო დაპატიმრებული.1918 გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1926 დააპატიმრეს და გადაასახლეს.

 

ტატა თვალჭრელიძე. საოცრად საინტერესოდ საუბრობდა. როცა არავის ეცალა კინოსთვის, ის მაშინ ყვებოდა კინოს ამბებს ეკრანიდან. უნივერსიტეტში კინოფაკულტეტი ჩამოაყალიბა, მერე კი კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. საინტერესო კინოკრიტიკოსი იყო.

 

რენე შმერლინგი. ხელოვნებათცოდნე. ქართული ხელოვნების მკვლევარი. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

მარიამ ივანიშვილი-დემურია. დაამთავრა სამეანო ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისში, ოზურგეთსა და საჩხერეში. აქტიურად მონაწილეობდა თეატრის, სამკითხველოების დაარსებაში, საგანმანათლებლო მოძრაობაში. 1904 წელს დააარსა ჟურნალი “ნაკადული”.

 

ირინა შტენბერგი. მხატვარი. 30-იანებში მოუწია კომპრომისზე წასულიყო და საჯაროდ მოინანია თავისი შემოქმედების “ბურჟუაზიულობა”. ქართული სცენოგრაფიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა. . მუშაობდა დაზგურ მხატვრობაში, ფერწერაში, გრაფიკაში. მერე კი მიივიწყეს.


რეკომენდირებული სტატიები
სცენარისტ ქეთი დევდარიანის 11 რჩეული coub

სცენარისტ ქეთი დევდარიანის 11 რჩეული coub

სცენარისტ ქეთი დევდარიანის 11 რჩეული coub
Coub საქართველოში ერთ-ერთი ფავორიტი ვიდეო-ლუპების საიტია, სადაც ქართულ ყოველდღიურობასთან დაკავშირებული კომიკური 10-წამიანი ვიდეომონტაჟის უამრავი შედევრის ნახვა შეიძლება
უცხოური პრესა თინათინ ყაჯრიშვილის ახალ ფილმ „ჰორიზონტს“ ეხმაურება

უცხოური პრესა თინათინ ყაჯრიშვილის ახალ ფილმ „ჰორიზონტს“ ეხმაურება

უცხოური პრესა თინათინ ყაჯრიშვილის ახალ ფილმ „ჰორიზონტს“ ეხმაურება
ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო და სპეციალურ პროგრამაში 40-ზე მეტი ფილმი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ახალი ქართული ფილმიც, რომლის პრემიერაც სექცია "პანორამაში" გაიმართა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.