3 ცვლილება ქალაქის პარკირებაში – თბილისი „სითი პარკს“ ემშვიდობება


გააზიარე სტატია

თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„თბილისელებისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქალაქის მერისთვის, ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევა და მიზანია, თბილისი თანამედროვე, კომფორტული ქალაქი იყოს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იქნება.“

„ჩვენ მიერ დასახელებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებზე, მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრებაა, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების სისტემის მოგვარებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, აპრილიდან პარკინგის მართვა მერიის ხელში ბრუნდება, რაც თბილისელებს ძალიან კარგად ან ძალიან ცუდად შეიძლება შემოუბრუნდეთ.

პარკინგის ნებისმიერი სახის ახალი პოლიტიკის ფოკუსი უნდა იყოს პირველ რიგში ადამიანების – ფეხით მოსიარულეების კომფორტის გაზრდასა და ქუჩებში მანქანების რაოდენობის შემცირებაზე – ეს ორი ნორმა თანამედროვე ქალაქის ქვაკუთხედია.

შესაბამისად, თუ თბილისის მერია მართლაც ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებაზე, მას პარკირების პოლიტიკაში იმ ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება მოუწევს (მათ შორის არაპოპულარულისაც), რომლებიც ასეთ მაღალ სტანდარტებს განაპირობებს, და რომლებიც უკვე გამოცდილია მსოფლიოს სხვადასხვა, ცხოვრების მაღალი ხარისხით გამორჩეულ ქალაქებში.

სამი ფუნდამენტური ცვლილება, რაც მერიამ უნდა განახორციელოს პარკირების რეგულირების გადმობარების შემდეგ, სპეციალისტების აზრით არის:

  • ჯარიმები უნდა გაძვირდესაქამდე მერია თავს იკავებდა ჯარიმების ზრდისგან იმ მოტივით, რომ ფული ბიუჯეტში მაინც არ შემოვიდოდა. ახლა მას დამატებითი სტიმული უნდა ქონდეს ჯარიმების გასაზრდელად, რაც მოაწესრიგებს ქაოსს უკანონო პარკირების მხრივ და გაზრიდს ქალაქის შემოსავლებს. ცნობისთვის, ბათუმში ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის 100 ლარია, თბილისში – 10.
  • უნდა დაიხვეწოს და ამოქმედდეს დაჯარიმების აღსრულების მექანიზმები – ისევე როგორც თავის დროზე თბილისის ავტობუსებში მოხდა, პარკირების სისტემაშიც უნდა შემოიღონ „პარკირების კონტროლიორების“ აპარატი, რომლებიც არა მხოლოდ დახაზულ პარკინგზე მდგომი მანქანების საშვებს შეამოწმებენ, არამედ ზოგადად ტროტუარებსა და სხვა აკრძალულ ადგილებში უკანონოდ გაჩერებულ მანქანებსაც დააჯარიმებენ (იმედია, გაზრდილი ჯარიმებით).
  • ტროტუარებზე პარკირების სრული აკრძალვა – ათიოდე წლის წინ შემოღებული ბარბაროსული წესი, რომელიც ტროტუარებზე მოსიარულე ადამიანებს შორის პარკინგისთვის მანქანის შემოსვლას და გადაადგილებას აკანონებდა ადრე თუ გვიან უნდა გაუქმდეს, რადგან ის ლახავს ფეხით მოსიარულეების უფლებებს და შეუსაბამობაშია თანამედროვე ქალაქის ფუნდამენტურ ცივილიზებულ პრინციპთან – ქალაქში მთავარია ადამიანი და არა მანქანა.

ესაა ის სამი ფუნდამენტური ცვლილება, რომლების გარეშეც პარკირების რეფორმა თბილისში წარმატებულად ვერ ჩაითვლება. დანარჩენი კი უკვე ის დეტალებია, რაც სპეციალისტების გათვლებით, პროფესიონალი ურბანისტებისა და თანამედროვე ტრანსპორტის სპეციალისტების მონაწილეობით უნდა შეირჩეს.

თბილისის პარკირების ახალ სქემებში შეიძლება განიხილებოდეს მსოფლიოს „წარმატებულ“ ქალაქებში გამოცდილი სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის:

  • პარკირების საფასურის გაზრდა – მანქანების რაოდენობის შესამცირებლად ხშირად მთავრობა მანქანის შენახვისა და ყოლის ხარჯებს ზრდის, რითიც უბიძგებს მოსახლეობას მანქანის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისკენ. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ მანქანის ყოლისთვის ხარჯების გაძვირების პარალელურად უნდა უმჯობესდებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხიც, იმისთვის რომ მოსახლეობისთვის მისაღები გახდეს კერძო მანქანის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლება.
  • ქალაქის დაყოფა პარკირების ზონებად – სადაც ქუჩები უფრო გადატვირთულია (ცენტრში), იქ მანქანით მისვლაც უფრო ძვირი შეიძლება ღირდეს, იმ რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეღავათების გათვალისწინებით.
  • პარკინგის ადგილებში პარკომეტრების დამონტაჟება საათობრივი გადახდის ვარიანტებით – ბევრ ქალაქში არაა სავალდებულო სრული წლით ან რამდენიმე თვით პარკირების საშვის შეძენა.
  • თავისუფალი პარკირება ღამის ან არაპიკურ საათებში – შეიძლება განისაზღვროს საათები, როდესაც მოთხოვნა პარკირებაზე მინიმალურია და ასეთ საათებში პარკირება გახდეს უფასო.

და ბოლოს, უნდა გაუქმდეს მითი „ახალი პარკინგების მშენებლობის შესახებ“, რადგან დედამიწაზე ჯერ არ არსებობს ისეთი მერია, რომელიც ქალაქში მყოფ ყველა მანქანას აშენებული პარკინგებით დააკმაყოფილებდა.

პარკინგის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, საბოლოო ჯამში, კერძო ავტომობილების რაოდენობის ნელ-ნელა შემცირება და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლაა – ეს იმ შემთხვევაში, თუ გვინდა რომ ადამიანურ ქალაქში ვიცხოვროთ და არა ე.წ. „მესამე სამყაროს“ რომელიმე, Discovery-ზე ნანახ, საშინელ მეგაპოლისში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.