fbpx

როგორ გავყიდოთ დენი საკუთარი ბინიდან


გააზიარე სტატია

2016 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ “ნეტო აღრიცხვის ქსელში” ჩაერთონ.

თუ გაქვთ 100 კილოვატამდე ელენერგიის კერძო წყარო, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თელასში (ან იმ ელექტროგამანაწილებელ კომპანიაში, რომელიც თქვენს საცხოვრებელ რაიონს ემსახურება), დაიყენოთ ორმხრივი მრიცხველი და ის დენი, რომელსაც თქვენ არ მოიხმართ, საერთო მოხმარების ქსელში გაუშვათ.

თუ ისე მოხდა, რომ თვის ბოლოს ქსელში იმაზე მეტი ელექტროენერგია გაუშვით, ვიდრე მიიღეთ, თქვენი ენერგომომწოდებელი მომავალ თვეში “კრედიტს” დაგირიცხავთ – შეგეძლებათ ქსელიდან დაიბრუნოთ თქვენ მიერ გაცემული ელექტროენერგია.

ხოლო თუ ისე მოხდა, რომ წლის ბოლოს გაუხარჯავი კრედიტით შეხვდით, თელასი ვალდებულებას იღებს, რომ თქვენგან მეტობით მიღებული ელენერგია საბითუმო ფასად შეიძინოს – 11,2 თეთრი კვ.სთ-ზე (მაშინ, როდესაც ჩვენ თელასისგან 1 კვ.სთ-ს საშუალოდ 20 თეთრად ვყიდულობთ).

როგორი შეიძლება იყოს ეს “ენერგიის კერძო წყარო”?
თუ ქალაქგარეთ, მდინარის ახლოს ცხოვრობთ, ეს შეიძლება იყოს მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგური.

თუ ქარიან ადგილას ცხოვრობთ – ქარის მცირე ტურბინა.
თუმცა, ქალაქის პირობებში, ყველაზე ეფექტური და მოსახერხებელი ენერგიის წყარო მზის პანელებია.

თუ თქვენს ბინას მზიან მხარეს აივანი ან სახურავი აქვს, რამდენიმე კვადრატული მეტრი მზის პანელის მონტაჟით შეგეძლებათ საკუთარი ელექტროენერგია გამოიმუშაოთ, რომელიც სრულად ეყოფა ტელევიზორის, ლეპტოპის, 10-მდე ენერგოეფექტური ნათურის და სხვა მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუშაობას.

1 ვატი ელენერგიის მისაღებად საჭირო პანელის საფასური 1,2 – 2 ევრომდეა.
პატარა ოჯახს 2500-ვატიანი პიკური სიმძლავრის მზის სადგური სრულიად დააკმაყოფილებს ელ.ენერგიით – რაც ჯამში 4-5 ათას ევრომდე ერთჯერად ინვესტიციას ნიშნავს.

დღის განმავლობაში, როდესაც სახლში არ ხართ და თქვენი ელმოხმარება მინიმუმზეა, ორმხრივი მრიცხველით შეგეძლებათ თქვენ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქსელში გაუშვათ – ასეთ შემთხვევაში მრიცხველი უკუღმა იტრიალებს – საღამოს კი, როდესაც მეტი ელენერგია გჭირდებათ, დღისით “გასესხებული” დენი შეგიძლიათ უკან დაიბრუნოთ.

მზის ელექტროსადგურის მონტაჟი რთული არაა და თავადაც შეძლებთ, მაგრამ თუ გინდათ, რომ ამ ყველაფერში სპეციალისტები დაგეხმარონ, ასეთი სერვისი უკვე არსებობს. ინტერნეტში მარტივად მოიძიებთ რამდენიმე კომპანიას, რომელიც მზის პანელების მონტაჟს და ტექნიკურად გამართვას შემოგთავაზებთ.

მაგალითად, Helios Energy Georgia ან “მზის სახლი” – ორივე კომპანია სიამოვნებით დაგეხმარებათ მზის ენერგოსადგურის დაპროექტება-აწყობაში, სხვადასხვა ხარისხიანი მომწოდებლის მზის პანელებსაც შემოგთავაზებთ და 2-წლიან გარანტიასაც მოაყოლებს.

Helios Energy Georgia-ს დამფუძნებლის, თორნიკე დარჯანიას განცხადებით, რომელსაც საკუთარ სახურავზე 5-კილოვატიანი მზის სადგური აქვს დამონტაჟებული და ზედმეტ ენერგიას “მაინინგში” იყენებს, იმ 15 000 ლარს, რომელიც საშუალო სიმძლავრის სადგურის მონტაჟს სჭირდება, ეს სადგური 6-7 წელიწადში ანაზღაურებს. მის მიერ დამონტაჟებული პანელების “სიცოცხლის ხანგრძლივობა” კი 25 წელია.

კითხვაზე, თუ რამდენად არის საქართველო მიმზიდველი მზის ენერგიის მხრივ, თორნიკე პასუხობს, რომ მისი სადგური საშუალოდ დღეში 17 კილოვატს გამოიმუშავებს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი აზრით, მზის ენერგიის სადგურები ენერგოდამოუკიდებლობის გარდა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ თუ ეს სფერო პოპულარული გახდა და ხალხმა მასობრივად დაიწყო ასეთი სისტემების მონტაჟი, დიდმა ქალაქებმა შესაძლებელია, რომ საკუთარი ენერგომოხმარების მნიშვნელოვანი წილი თავადვე გამოიმუშაონ და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშნენებლობის აუცილებლობა აღარ დადგეს. ეს ყველაფერი კი ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

მზის ენერგია მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო ტრენდული ხდება. დღეს აშშ-ის მთლიანი ენერგომოხმარების ნახევარი პროცენტი მზის ენერგიაზე მოდის და ტრენდიც აღმავალია – 1997 წელს აშშ მზის დახმარებით 334 მეგავატ ენერგიას იღებდა, დღეს კი ეს რიცხვი 13 400 მეგავატზეა ასული.

ამ სფეროში თითქმის ყველა ტექნოლოგიური გიგანტი ცდილობს დამკვიდრებას, თუმცა ყველაზე თამამი განცხადება Tesla-ს დამფუძნებელს, ილონ მასკს ეკუთვნის. 2018 წლის მეორე კვარტლიდან, GigaFactory-ში დამზადებული ბატარეების დახმარებით, შესაძლებლობა გვექნება ჩვენი სახლები სრულად ავტონომიურ ელექტროენერგიაზე გადავიყვანოთ. სახლის სახურავებს ჩაანაცვლებს სპეციალური გადასახური ფილები, რომლებიც გარეგნულად არ განსხვავდება კერამიკული მასალებისგან და თან ფოტოელემენტებით იქნება აღჭურვილი. მეტობით გამომუშავებულ ენერგიას კი PowerWall-ში შევინახავთ (7 000$) სამომავლო გამოყენებისთვის. 200 კვადრატული მეტრის ბინის ელენერგიით უზრუნველყოფისთვის 1 PowerWall საკმარისი იქნება.

როგორც მასკი ამბობს, ასეთი სახურავი ამერიკელ მომხმარებელს ჩვეულებრივზე იაფი დაუჯდება და 20-წლიანი ექსპლოატაციის შედეგად, ათეულობით ათას აშშ დოლარსაც დაზოგავს.

ამჟამად პრესეილზე 1 კვადრატული მეტრი ასეთი სახურავი 210 დოლარამდე ჯდება. ახლა მიცემულ შეკვეთას Tesla-ს ტექნიკოსები 2018 წლის შუაში მოგაწვდიან.
მართალია, Tesla-ს წარმომადგენლობა ჩვენ რეგიონში ჯერ არ არსებობს, მაგრამ ლიცენზირებულ პროვაიდერებს იმედია, პროექტის გაშვებიდან ჩვენთანაც მალევე ვიხილავთ .


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.