fbpx

მატლების სალათი და მორიელის ასორტი


გააზიარე სტატია

At.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სადაც მკითხველებს თავისი საინტერესო მოგზაურობების, გასტრონომიული ექსპერიმენტებისა და სხვა თავგადასავლების გაზიარების საშუალება ექნება.

დღეს გთავაზობთ რეპორტაჟს ანანო მგალობლიშვილისგან, რომელმაც კამბოჯასა და ვიეტნამში იმოგზაურა:

ვიეტნამი ერთ-ერთი ის ქვეყანა იყო, სადაც მოგზაურობა ყველაზე მეტად მინდოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ვიყიდეთ ბილეთი, შევავსეთ ვიზის აპლიკაცია, რომლის შევსებაც აუცილებელია, სანამ ვიეტნამში ჩახვალ და აუცილებლად თან უნდა გქონდეს, რომ ადგილზე ვიზა მიიღო. აი ასე მარტივად ამოვყავით თავი საიგონში, სადაც მხოლოდ ერთი ღამე დავრჩით და მეორე დღეს მდინარით გადავკვეთეთ კამბოჯის საზღვარი. იქაც მარტივი პროცედურა გავიარეთ ვიზის ასაღებად, რადგან კამბოჯას ცალკე ვიზა სჭირდება. სამოგზაურო პატარა გემში ვისხედით და ვერც კი ვაცნობიერებდით, წინ რა გველოდა.

ჩვენი მიზანი იყო გვენახა ქალაქი სიემ რაპი, სადაც ბევრი სასწაული ერთად იყრის თავს. ამ ქალაქში ყველაფერი ჯადოსნურია, სალოცავებით დაწყებული და ადამიანებით დამთავრებული. მიუხედავად გაჭირვებისა, ყველა ბავშვი ძალიან თბილი და კეთილია, იმდენად რომ მზად იყვნენ, საკუთარი თეფშიდან საჭმელიც კი გაეყოთ ჩვენთვის.

ყველგან მუსიკაა, ყველგან ხალხმრავლობაა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე პატარა ბარები და კაფეებია, მაგრამ ყველაზე განსხვავებული მაინც ბაგს კაფეა (Bugs Cafe) იგივე მწერების კაფე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მემახსოვრება მარტო იმიტომ, რომ გავსინჯე ტარანტული, მორიელი, კალია, მატლების სალათა და ჭიანჭველების საზაფხულო როლი (Spring Roll).

იმდენად ლამაზად იყო შეფუთული, რომ ამ ფაქტმა უფრო გამიადვილა ამ საოცრებების პირთან მიტანა. ტარანტული ყველაზე გემრიელი აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე უგემური მორიელი. კალიაზე ისე ვინერვიულე, არ მახსოვს, როგორი გემო ჰქონდა. რაც შეეხება მატლებს და ჭიანჭველებს, თვალს თუ დახუჭავდი და ვერ დაინახავდი, რას ჭამდი, გეგონებოდა, რომ ერთ-ერთ უგემრიელეს აზიურ კერძს მიირთმევდი.

 

ამ ყველაფერზე არ შევჩერდი და ნიანგის ხორციც დავამატე, რომლითაც ნამდვილად ვერ მოვიხიბლე, მაგრამ სერიოზული გამოცდილება მივიღე.

რაც ვერაფრით გავსინჯე, ეს იყო ტარაკანი. ალბათ ისიც იმიტომ, რომ ლამაზად არ გამოიყურებოდა.

3 დღე ვიყავით კამბოჯაში და მერე ისევ დავბრუნდით ვიეტნამში. გადავფრინდით, რადგან ფრენა ძალიან იაფი და კომფორტულია. შიგადაშიგ კი მანქანას ვქირაობდით მძღოლთან ერთად და ისე დავდიოდით.

სასტუმროებიც ძალიან იაფია და დიდი არჩევანია, მაგრამ რადგან ევროპასთან შედარებით მაინც დაბალი მომსახურების დონეა, თქვენივე კომფორტისთვის ჯობია, მინიმუმ სამვარსკვლავიანი მაინც რომ იყოს, რა თქმა უნდა, ოთხ და ხუთ-ვარსკვლავიანი უკეთესია. კამბოჯასთან შედარებით ვიეტნამში უფრო სიგრილე იყო, თუმცა დღის განმავლობაში მაინც კარგად ცხელოდა. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სეზონი და ისე დაგეგმოთ სასურველი მოგზაურობა.

ჩემი შემდეგი გაოცება გამოიწვია ქალაქმა, რომელსაც ჰოი ანი ჰქვია. ქალაქი, რომელიც ზღაპრის წიგნს ჰგავს. ლამაზი, პატარა ფერადი სახლებით და უგემრიელესი კაფეებით, რომლის გამოც ხშირად კამათიც კი მოგვსვლია. ყველა მხრიდან ისეთი გემრიელი სუნი მოდიოდა, რომ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ღამით ბნელ ქუჩებს ფერადი ფანრები ანათებდა და ჩვენც მთელი საღამო ველოსიპედით ვსეირნობდით და რესტორნიდან რესტორანში გადავდიოდით.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეგეთი გემრიელი საჭმელი არსად მიჭამია. იქაური თევზის გემო დღემდე მახსოვს.

ვიეტნამში სია გავამდიდრე და გავსინჯე გველი და ბაყაყი. ბაყაყი ჩემთვის პირადად უფრო გემრიელი იყო. გველი ცოტა ძნელად იღეჭებოდა, იმდენად რომ, დამაფიქრა, რას ვჭამდი და ვეღარ გავაგრძელე.

ყველაზე შთამბეჭდავი იყო გამოქვაბულები და ჰა ლონგბეი, რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებენ. ორი დღე კრუიზი გავაკეთეთ ამ საოცარ ადგილას, სადაც მზის ჩასვლას და ამოსვლას შევხვდით. ბოლო სამი დღე კი ქაოსური ჰანოისთვის შემოვინახეთ.

ქალაქი, სადაც მუდმივად ქაოსია. იმდენი რაღაც ხდება ერთდროულად, რომ არც კი იცი საით გაიხედო, თითქოს არ გინდა, რამე გამოგრჩეს. ტროტუარი არ არსებობს, რადგან ან სულ მოპედები დგანან ან პატარა მაგიდა და სკამები არის გამოფენილი და ყველა რაღაცას მიირთმევს.

ჰანოი ნამდვილი კულინარიის ქალაქია. ყველაზე უჭმელ ადამიანსაც კი მადაზე მოიყვანს. ჰაერში იმდენი სურნელი ტრიალებს, რომ თავბრუ გეხვევა. ჩვენი საყვარელი ფუნთუშის კუთხეც კი გვქონდა, სადაც ყოველდღე მივდიოდით.

ყველაფერი იქვე, შენ თვალწინ მზადდება და ცხვება. ხშირ შემთხვევაში კი პატარა ცეცხლს გინთებენ და შენ თვითონ ერთვები დიდ კულინარიაში. მოკლედ, ჰანოიში ვერ მოიწყენთ, მით უმეტეს, თუ გურმანი ბრძანდებით და სიახლეები არ გაშინებთ, ეს ქალაქი ზუსტად ამისთვის არის.

ერთობი ყველაფრით და ამავდროულად არაფრით, რადგან აცნობიერებ, რომ მხოლოდ დადიხარ და ან ჭამ, ან სვამ, მაგრამ ამ ყველაფრით იმხელა სიამოვნებას იღებ და იმდენ სიახლეს ხვდები და სწავლობ, რომ ვფიქრობ, არსად იქნება ასეთი გიჟური ჭამის კულტურა. მოკლედ, ჩემმა არჩევანმა გაამართლა. ვიეტნამი და კამბოჯა ყოველთვის იმ ეგზოტიკურ მოგზაურობად დარჩება ჩემთვის, რომელზეც სულ ვოცნებობდი.


რეკომენდებული სტატიები
ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები
ამ სტატიიდან შეგიძლიათ სამოგზაურო ხრიკების გაგება პირდაპირ ქართველი მოგზაური ბლოგერებისგან, რომლებიც სასარგებლო რჩევებს გვიზიარებენ
ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის
პორტუგალია ტურიზმისთვის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია: იქნება ეს არქიტექტურა, გართობა, კლიმატი თუ კულინარიული მრავალფეროვნება, ის ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტს აკმაყოფილებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.