ლანდშაფტი და სრულყოფილი გეომეტრია


გააზიარე სტატია

გიორგი დადიანის ფოტოსერია სამყაროზე ჩვენს ქალაქებს მიღმა

„სერია სამი წლის წინ დაიწყო, მანამდე ქვეყნის მხოლოდ სამი ძირითადი ქალაქი მქონდა ნანახი – თბილისი, ბათუმი და გზად – ქუთაისი. 28 წლამდე პირადად და შემოქმედებითად მთლიანად დასავლური ქალაქის მოდელზე ვიყავი კონცენტრირებული, ქალაქზე – როგორც იდეაზე, მის ფიზიკურ და ენერგეტიკულ არქიტექტურაზე და ზოგადად, როგორც არსებობის ფორმაზე. ფოტოგრაფიის ძირითადი ნაწილიც დიდი ქალაქებით იყო ინსპირირებული, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება ქუჩები, შენობები და ურბანული ფრაგმენტები ყოფილიყო, ზოგ შემთხვევაში კი მისი მცხოვრებლები და მათ რადიუსში არსებულ პრობლემებზე აგებული კონცეფციები.

პირველი შიდა მოგზაურობის გამოცდილება იყო დავით გარეჯი, ადგილი, სადაც მალევე გაირკვა, რომ განწირული ვარ თავიდან ბოლომდე გადავეშვა ლანდშაფტის შეცნობის პროცესში. გარეჯი აღმოჩნდა ადგილი, სადაც შესაძლებელია გაიგო სიჩუმის ხმა, არსებობის ვიბრაცია, გააანალიზო პირადი ფიზიკური მასშტაბის სიმცირე გარემოსთან მიმართებაში, აგრეთვე გარშემო ჰორიზონტზე მასივების სრულყოფილი გეომეტრია, არა გონებით შექმნილი ან ნასწავლი, არამედ ორგანული, ბუნებრივი სიმეტრია, რომელიც ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო არამხოლოდ ფოტოგრაფიაში, არამედ ნებისმიერ ვიზუალურ დარგში.

გარეჯს მთელი ჯავახეთი მოჰყვა, ჯავახეთს – კახეთი, კახეთს – რაჭა, სვანეთი, მთიულეთი, სამეგრელო და აღმოვაჩინე, რომ სრულიად დამოკიდებული გავხდი იმ “ნარკოტიკზე”, რასაც ლოკალურად საქართველო და გლობალურად ბუნება ჰქვია.

ვეცადე გონებაში გამომეკვლია, რა იწვევდა ამხელა შვებას ბუნებაში ყოფნისას, ბუნებაში, რომელიც 28 წლამდე ინტერესების პერიფერიაზე მქონდა დაარქივებული და უმოწყალოდ ვანიავებდი. ქალაქი ქმნის ილუზიას, რომ ყველაფერი ინდივიდის გარშემო ბრუნავს, მის გამო და მის ირგვლივ ხდება, ეგოს ამყოფებს ცენტრალურ პოზიციაში, სცენაზე, სადაც შემფასებელი, დამხმარე, ხელის შემშლელი, მეგობარი, კონკურენტი და ყველა ის პირი ჰყავს, რასაც ამ ფორმის არსებობაში სოციუმი მოიცავს, ქმნის სიმულაციას, რომ ხარ მთავარი, ხარ მიზეზი ყველა სხვა დინამიკის, ხარ დასაწყისი და დასასრული.

ბუნება კი სრულიად საპირისპიროს ილუსტრაციაა, მრავალსაუკუნოვანი ლოდები, რომელიც ადამიანებამდე იყვნენ და ალბათ მათ მერეც დიდხანს იარსებებენ, უწყვეტი მდინარეები, გიგანტური მთის მასივები, სრულყოფილი ჰორიზონტები და საიდუმლოებით სავსე ტბები ის გვიანი, მაგრამ საჭირო გამოღვიძება აღმოჩნდა ჩემთვის, რომელმაც ხაზი გაუსვა არსებობის დროებითობას, მნიშვნელობის სიმცირეს, ეს სასარგებლო და გარდაუვალი დამცირების სესია იყო, ჯანმრთელი გაკვეთილი. ერთი მხრივ, თავმდაბლობას, ხოლო მეორე მხრივ, მადლიერების შეგრძნებას იწვევს ის ფაქტი, რომ გვაქვს პრივილეგია ამ მასშტაბის მექანიზმსა და ლოგიკაში ვერმოქცეულ სილამაზეს დავესწროთ, რასაც ეს პლანეტა გვთავაზობს.

მიუხედავად რადიკალური სხვაობისა პირველს და მეორეს შორის, ორივე თანაბარ ადგილს იკავებს სამუშაო და სააზროვნო პროცესში, ორივე თანამედროვე ადამიანის ცხოვრების შემადგენილი ნაწილია, ქალაქსაც და ბუნებასაც ულევი შთაგონების რესურსი გააჩნია ჩვენი გონების და ნამუშევრებისათვის, შესაბამისად ვცდილობ, განსხვავებასთან ერთად სინქრონი და კავშირიც ვიპოვო მათ შორის, ჯაჭვი, რომელიც ადამიანს, ქალაქს და ბუნებას ერთ დახვეწილ კომბინაციაში მოაქცევს.“


რეკომენდირებული სტატიები
„ქოლგა თბილისი ფოტო“ ქართველი ფოტოგრაფებისათვის სპეციალურ პრიზს აწესებს

„ქოლგა თბილისი ფოტო“ ქართველი ფოტოგრაფებისათვის სპეციალურ პრიზს აწესებს

„ქოლგა თბილისი ფოტო“ ქართველი ფოტოგრაფებისათვის სპეციალურ პრიზს აწესებს
ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 7 000 აშშ დოლარს ნომინაციებისთვის: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი/Best shot, მობილური ერთი კადრი, მობილური ფოტოსერია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.