fbpx

“გაჭყლეტილ ბაყაყს გავხარ” – ანუ, რას ისმენენ სკოლაში მასწავლებლებისგან ბავშვები


გააზიარე სტატია

საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამედროვე გამოწვევებს რომ ვერ უძლებენ, რეფორმა რომ საჭიროა და ბავშვების უფლებები დაცული უნდა იყოს, საკმაოდ ხშირად ისმის, მაგრამ კონკრეტულად რა ტიპის ძალადობას განიცდიან ბავშვები მასწავლებლების მხრიდან სკოლებში და რამდენად შეუძლიათ ხმის ამოღება თავის დასაცავად, ამაზე საუბარი იშვიათია.

“დებილო!“, „სულელო“, „უჭკუო“, „დაუნო“, „ლაწირაკო“, „უტვინოებო, ბატებო, ჩლუნგებო“, „სახედრებო“, „თახსირშვილებო“, „ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით“, „დედა ნახე, მამა ნახე…“, „თქვენ ყველანი ციხეში ამოლპებით“, „ეშმაკსაც წაუღიხართ“,„ოჯახში არ იზრდები?!“, „ჩემი შვილი რომ იყო, საჭმელს არ გაჭმევდი“, „შენი მშობლის ადგილზე სახლიდან არ გამოგიშვებდი“, „ტყვილა ცვითავ ტანსაცმელს“, „სისხლი გაგიშრათ თქვენ“, „მათხოვრებო“, „დეგენერატებო“, „საღორეში იზრდებით“, „წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი“, „გაჭყლეტილ ბაყაყს გავხარ“, „სპილოს ყურები გაქვს“

– ეს არის ფრაზები, რომლებსაც ბავშვების თქმით, თითქმის ყოველდღიურად ისმენენ მოსწავლეები სკოლებში მასწავლებლების მხრიდან.

ფრაზები ამოკრეფილია სახალხო დამცველის ანგარიშიდან, რომელიც გასული (2017) წლის მიწურულს გამოქვეყნდა და ეფუძნება სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულების ვიზიტებს სხვადასხვა სკოლებში და იქ ჩატარებულ კვლევას. კვლევაში ჩართული იყო სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით. ჯამში 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთაგან 98 საჯარო და 5 კერძო სკოლა იყო და 6 სკოლაპანსიონი.

სახალხო დამცველის რწმუნებულებთან ბავშვები საუბრობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკნა/მოქაჩვა, პწკენა, ხელით შეხება/დარტყმა, მოსწავლის ფეხზე, ან კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელის, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება.

მათი თქმით, ასეთი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე გადალაპარაკებას, ხმაურს, გაკვეთილზე დაგვიანებას, დავალების შეუსრულებლობას და სხვა დისციპლინურ დარღვევებს. მაგალითად, ბავშვებმა ორი ასეთი შემთხვევა გაიხსენეს:

„მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა. მერე ამავე მოსწავლეს ოთხი ფუნთუშა უყიდა, რომ არავისთვის ეთქვა ეს ამბავი. მეორედ, მსგავსი შემთხვევის დროს, პედაგოგმა მოსწავლეს 10 ქულა დაუწერა“.

„მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობის დროს ქაღალდი ისროლა. ამის გამო მასწავლებელმა მას ის ქაღალდის ნაგლეჯი პირში ჩაადებინა“. ბავშვებმა გაიხსენეს შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლის სიტყვიერი დამცირება/დაცინვა პედაგოგის მხრიდან მის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა იყო და არა რეაგირება მოსწავლის არასწორ ქცევაზე.

„მე რამდენჯერმე მითხრა მასწავლებელმა, შენს კლასელებთან შედარებით რა პატარა ხარო და მთელმა კლასმა გაიცინა“, „ერთი მასწავლებელია და ვინც ვერ სწავლობს, ყველას დასცინის, მაგალითად, იცის, რომ ბავშვი კარგად ვერ კითხულობს და სიცილით ამბობს მასზე, “ბავშვებო, ახლა ის წაიკითხავს ყველაზე კარგადო“, – ჰყვებიან ბავშვები, რომლებიც თან აღნიშნავენ, რომ სკოლებში მათ არ უსმენენ, აზრს არეკითხებიან და თუ ეკითხებიან, თითქმის არასდროს ითვალისწინებენ.

როგორც ჩანს, საკუთარი აზრის გამოთქმას პედაგოგები მოსწავლეს ხშირად უზრდელობად უთვლიან. ამის გამო, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები თავადაც აგრესიულად იქცევიან. მაგალითად, ერთ-ერთ ფოკუს-ჯგუფზე ბავშვებმა თქვეს, „იმისთვის, რომ ჩვენთვის მოესმინათ, მერხები და დაფები ამოვაყირავეთ, იქნებ ხმაურზე მაინც შემოსულიყო ვინმე და ყურადღება მოექციათო“.

რაც შეეხება მოსწავლეების მიმართ პედაგოგების მხრიდან ჩადენილი ძალადობის შემთხვევების გაცხადებას, მოსწავლეები ამბობენ, რომ არ შეუძლიათ თავისუფლად მიმართონ დამრიგებელს, მასწავლებელსა თუ დირექციას, რადგან მაინც არ დაუჯერებენ და მიმართვამ კი, შესაძლოა, გამოიწვიოს იმ პედაგოგის გაღიზიანება, ვის შესახებაც განაცხადეს.

მოსწავლეების მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ დახმარების მისაღებად შეუძლიათ მიმართონ მშობელს, მასწავლებელს ან სკოლის მანდატურს, მაგრამ მათი თქმით, „ისეთი არაფერი ხდება“, რომ ამის საჭიროება არსებობდეს.

წყარო: http://www.ombudsman.ge/


რეკომენდებული სტატიები
საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა

საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა

საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ტესტებში, მონაწილე 70 ქვეყნიდან საქართველო მე-60 ადგილზე გავიდა. გაგვასწრეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მონტენეგრო, კოსტა-რიკა, კოლუმბია, ტაილანდი და ტრინიდადი და ტობაგო.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.