fbpx

კიბოს ინოვაციური წამალი – დეტალები და პროგნოზები


გააზიარე სტატია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი ასეთი სააგენტო არსებობს – წამლისა და საკვების სააგენტო – FDA (Food and Drug Administration). ამ სააგენტოს ნებართვის გარეშე ამერიკის ბაზარზე წამლის ვერც ერთი აბი ვერ მოხვდება. ეს სააგენტო თავის კონსერვატიულობითაცაა ცნობილი. ახალი წამლის გაყიდვის ლიცენზიისთვის ფარმაცევტულ კომპანიებს წლების განმავლობაში ტესტირება და უამრავი საბუთი სჭირდებათ ხოლმე. ვიღაც იტყვის, ეს კარგიცაა, სახიფათო წამლები ბაზარზე არ ხვდებაო, მაგრამ ასე განსაჯეთ – FDA იმდენად ერიდება შეცდომის დაშვებას, რომ ახალი, ეფექტიანი წამლების ბაზარზე მოხვედრას თავისდა უნებურად უშლის ხელს და, არსებობს მოსაზრება, რომ ამით ამ სააგენტომ უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე გადაარჩინა სახიფათო მედიკამენტების დაბლოკვით.

მოკლედ, ასეთი ფრთხილი და კონსერვატორი სააგენტო მზადაა, რომ სტენფორდის უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის პროფესორის, რონალდ ლევის მიერ აღმოჩენილი მეთოდი ადამიანებზე დატესტოს!

პროფესორმა ლევიმ კიბოს მკურნალობის ახალ, არნახული ეფექტიანობის და სიმარტივის გზას მიაგნო. სიმსივნის ადგილას პირდაპირი ინიექციის შემდეგ, სიმსივნეები ქრება მთელ სხეულში. ამ მეთოდმა ლაბორატორიულ თაგვებზე წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა – 90 სიმსივნიანი წრუწუნადან 87 პირველივე ინიექციით განიკურნა, ხოლო დარჩენილ სამს კიდევ თითო-თითო ნემსის გაკეთება მოუწია.

თაგვებზე წარმატებული ტესტების შემდეგ FDA-მ პროფესორ ლევის ნება დართო, წამალი ლიმფომით დაავადებულ 30-მდე ადამიანზე გამოსცადოს. კვლევა 2018 წლის იანვარში დაიწყო.

რა არის სიმსივნე?

მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმში უჯრედების მუდმივი დაყოფის პროცესი მიმდინარეობს. თქვენი ყოველი უჯრედი რაღაც პერიოდულობით ორ იდენტურ უჯრედად იყოფა. ამ ორიდან უფრო ძველი უჯრედი კვდება, ხოლო ახალი აგრძელებს სიცოცხლეს და ძველის ფუნქციების შესრულებას.

ყველა უჯრედს თავისი დრო აქვს, როდესაც ორად უნდა გაიყოს, მაგრამ ხანდახან უჯრედების გაყოფის პროცესი უკონტროლო ხდება და ყალიბდება სიმსივნე.

როგორ მუშაობს ვაქცინა?

ჩვენს იმუნიტეტს, იდეაში, შეუძლია სიმსივნეს ებრძოლოს და გაანადგუროს კიდეც ის, ამისთვის ჩვენი იმუნური სისტემა სპეციალურ აგენტებს, T-უჯრედებს იყენებს. თუმცა, სიმსივნეს შეუძლია T-უჯრედები მოატყუოს, თითქოს მასთან არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ეს აგენტებიც აღარ ებრძვიან სიმსივნეს.

პროფესორი ლევის მიერ შემუშავებული ორი ნივთიერება კი კატალიზატორივით მოქმედებს. სიმსივნის კერაში გაკეთებული ორი ნემსით (რომლებითაც სიმსივნეში ამ ნივთიერებების უმცირესი დოზები, გრამის მემილიონედები შეჰყავთ) ჩვენს ორგანიზმში CpG ოლიგონუკლეოტიდი და სპეციალური ანტისხეულები ხვდებიან. ეს ორი სუბსტანცია სიმსივნის გარშემო მყოფ იმუნურ T-უჯრედებს “ეძახის” – აქ გადაგვარებული უჯრედებია, მოდით და მიხედეთო. T-უჯრედები ანადგურებენ სიმსივნის კერას, ხოლო ამის მერე მთელ ორგანიზმში ვრცელდებიან და ყველა მეტასტაზს, ყველა მსგავს გადაგვარებულ უჯრედს პოულობენ.

ამრიგად, ეს ინიექციები ვაქცინასავით იმუშავებს. მას მერე, რაც ჩვენ ორგანიზმს ამა თუ იმ სახის სიმსივნის ამოცნობას ერთხელ ვასწავლით, ის მომავალშიც ეფექტიანად გაუმკლავდება ყველა ასეთ გადაგვარებულ უჯრედს და ჩანასახშივე გააქრობს მათ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანებზე ტესტირების პროცესში სტენფორდელი პროფესორები ადრეული სტადიის ლიმფომის განკურნებას შეეცდებიან, თუმცა თუ კვლევამ გაამართლა, პროფესორი ლევი იმედოვნებს, რომ “არ იარსებებს ლიმიტი იმაზე, თუ რა სახის სიმსივნის განკურნება შეგვეძლება. მთავარია, რომ ჩვენს იმუნურ სისტემას ამ სახეობის სიმსივნის ამოცნობა შეეძლოს.”

ტელეკომპანია ABC-ს ვიდეო ახალი პრეპარატის შესახებ:  http://abc7chicago.com/


რეკომენდებული სტატიები
მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა

მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა

მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა
ორგანიზებული დანაშაულის შესახებ სამეცნიერო კვლევის თანახმად, მექსიკის მოსაზღვრე იმ ამერიკულ შტატებში, სადაც სამედიცინო მარიხუანას წარმოება და გაყიდვა ლეგალური გახდა, მძიმე დანაშაულისა და მკვლელობების რიცხვი 13%-ით შემცირდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.