ემუქრება თუ არა გასაჯაროვება თქვენს პირად მონაცემებს?


გააზიარე სტატია

ვინ ამხელს ჩვენს პირად მონაცემებს სესხების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სატელეფონო საუბრების შესახებ

საქართველოში პერსონალური მონაცემების დასაცავად ინსპექტორის აპარატი 5 წლის წინ შეიქმნა. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს ხოლმე საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს, სადაც მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ სირთულეებზეა საუბარი.

ანგარიშისთვის თვალის გადავლება რეკომენდებულია ყველა იმ პირისთვის, რომელსაც სურს მისი მონაცემები დაცული იყოს და ჯერ არ აქვს მკაფიო წარმოდგენა იმაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს მისი მონაცემების უკანონო გამოყენებად, ვის რისი უფლება აქვს ან არ აქვს და როგორ შეიძლება იბრძოლოს საკუთარი პირადი ინფორმაციის დასაცავად.

მაშ ასე:

აღმოჩნდა, რომ გასულ წელს სახელმწიფო უწყებებიდან პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში სირთულეები ჰქონდა შემდეგ უწყებებს:

  • გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელმაც ოფიციალურ ვებსაიტსა და Facebook-ის გვერდზე 4 მოქალაქის ფოტოები, ვინაობა და ინფორმაცია კანონის დარღვევით ნადირობის შესახებ ისე გაასაჯაროვა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა დადგენილი ამ პირების დამნაშავეობა. ეს შემთხვევა საყურადღებოა როგორც პირადი ინფორმაციის დაუცველობის ასპექტში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურის მიერ დაუზუსტებელი ფაქტების გავრცელების პრეცედენტის თვალსაზრისით.
  • აღსრულების ეროვნული ბიურო – რომელიც მოქალაქეებს წერილებს რიგ შემთხვევაში კონვერტის გარეშე უგზავნიდა, შესაბამისად, ნებისმიერ პირს შეეძლო წერილის შინაარსის გაცნობა. გასულ წელს ეს პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან გაასაჩივრა მოქალაქემ, რომელსაც წერილი კონვერტის გარეშე აღსრულების ბიუროსგან მიუვიდა ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – რომლის თანამშრომლებმაც ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დამფუძნებელს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხეს და მოსთხოვეს ორგანიზაციის ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადაცემა, ისე რომ არ წარუდგინეს პროკურორის დადგენილება ჩანაწერების გამოთხოვის აუცილებლობის შესახებ. შსს-ს თანამშრომლები ამ პირის მიმართ მხოლოდ ამ დარღვევით არ შემოიფარგლნენ და პოლიციის დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მაინც დაათვალიერეს ორგანიზაციის კომპიუტერულ სისტემაში დაცული ვიდეოჩანაწერები, ცალკეულ ფრაგმენტებს კი მობილური ტელეფონით ფოტოები გადაუღეს.
  • სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები – სადაც მსჯავრდებულები ტელეფონებით სარგებლობენ დაწესებულების სამორიგეო ოთახში, შესაბამისად, მათი საუბრის შინაარსი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ესმით დაწესებულების თანამშრომლებსაც, რაც ქმნის სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხეს.

კერძო სექტორიდან კი პირადი მონაცემების დაუცველობის მაღალი რისკი არსებობს შემდეგ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან:

ფინანსური ორგანიზაციები:

ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კლიენტების შესახებ კომპანიაში დაცულ ყველა პერსონალურ მონაცემზე ხელი კომპანიის თანამშრომლების საკმაოდ დიდ ნაწილს მიუწვდებოდა. შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში კლიენტის მონაცემებზე წვდომა დიფერენცირებულად განსაზღვრული არ იყო, რაც პირადი მონაცემების ეფექტურად დაცვის პრინციპს ეწინააღმდეგება.

კიდევ ერთი წესი, რასაც ფინანსური ორგანიზაციების ნაწილი მიმართავს, კომუნიკაციის შეთანხმებული ფორმების დარღვევაა. მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქეს, რომელმაც მიმართა ინსპექტორის აპატარს, ხელშეკრულებაში გაწერილი ჰქონდა კომუნიკაციის კონკრეტული საშუალებები (როგორიცაა: მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, ელ. ფოსტით კომუნიკაცია და სხვა).

თუმცა კომპანიამ ეს საკმარისად არ ჩათვალა და მის თანამშრომელს და ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და გააცნო ინფორმაცია მისი დავალიანების შესახებ. ამავე სესხის მართვისას კომპანიამ შეისწავლა განმცხადებლის სოციალური ქსელის პირადი გვერდი, დაადგინა მისი მეგობრების ვინაობა და რამდენიმე მათგანს განმცხადებლის
პერსონალური მონაცემების შემცველი სტანდარტული შეტყობინება გაუგზავნა.

სამედიცინო დაწესებულებები:

სამედიცინო დაწესებულებებში მნიშვნელოვანია აღრიცხვის ფურცლები და მასში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის მქონე პირების განსაზღვრა. ასევე ის პრინციპები, ვის და რატომ შეიძლება გადასცეს დაწესებულებამ კონკრეტული პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია.

მაგალითად, გასულ წელს ინსპექტორს მიმართა მოქალაქემ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებისგან მისმა ყოფილმა მეუღლემ მოიპოვა და მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით სასამართლო დავაში გამოიყენა.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია სამედიცინო დაწესებულებამ განმცხადებლის მეუღლეს პაციენტის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ჯვრისწერისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფუძველზე მიაწოდა.


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.