fbpx

ციური ნათების მექანიკა – ჯეიმს ტურელი


გააზიარე სტატია

ჯეიმს ტურელის შესახებ ხელოვნების კრიტიკოსმა ჯონ მაკდონალდმა აღნიშნა, რომ ტურელის ნამუშევრების აღწერა მოსაწყენია, მაგრამ ნახვა – მომაჯადოებელი. ხელოვნების ნიმუშის “ადგილზე” შეცნობის პროცესი ხშირად მართლაც საკრალური შეიძლება იყოს, ტურელის შემთხვევაში კი ეს გამოცდილება მოსალოდნელზე ბევრად ინტენსიურია.

ტურელი ცნობილია, როგორც ამერიკელი სინათლისა და სივრცის არტისტი ლოს-ანჯელესიდან, რომელიც თავის პირველ განათების ინსტალაციებს, გასული საუკუნის 60-იანებში, კალიფორნიის სასტუმროების სპეციალურად დაბნელებულ ოთახებში ქმნიდა. ჩაბნელებულ ოთახებში სინათლის შემომავალი ნაკადების რეგულირებით ტურელი ილუზორული სიბრტყეებისა და მოცულობების ეფექტებს აღწევდა.




ტურელის სიტყვებით, არტისტად გახდომის ინსპირაცია მან კოლეჯში, “ვიზუალური შეცდომის” წყალობით მიიღო, როცა ხელოვნების ისტორიის ლექციაზე მას პროექტორით მარკ როტკოს ნამუშევრებს უჩვენებდნენ. ნიუ-იორკში როტკოს ორიგინალების ნახვამ ტურელს იმედები გაუცრუა – ნახატები არ შეიცავდა იმ მაგიურ ნათებას, რაც მათ კოლეჯში პროექტორით ჩვენებისას ახლდა თან. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ პროექტორის ნათებაში ნაჩვენები ნახატი ორიგინალზე უფრო მიმზიდველი შეიძლება ყოფილიყო, პირველი ბიძგი მისცა ჯეიმს ტურელს სინათლის არტისტად გახდომის გზაზე.

არტისტის ცხოვრების ამ ეტაპს წინ ერთი საინტერესო ეპიზოდი უძღოდა. ჯეიმს ტურელმა ჯერ კიდევ თინეიჯერობაში – 16 წლისამ, 1959 წელს – მიიღო თვითმფრინავის პილოტის მოწმობა, რის შემდეგაც მონაწილეობდა აშშ-ს ავიაციის ბუნდოვან აზიურ სამხედრო მისიებში. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ტურელი ლაოსში მართავდა შეერთებული შტატების U2 ტიპის მზვერავ თვითმფრინავს და ასევე მონაწილეობდა ტიბეტიდან ბუდისტი ბერების ევაკუაციაში. თუმცა მოგვიანებით, მან უარი განაცხადა ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე და ერთი წელი ციხეშიც გაატარა სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევის პროპაგანდისთვის.




შუქის სკულპტურების გარდა, ჯეიმს ტურელის ერთ-ერთ “საკულტო” მიმართულებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაპროექტებული “ცის ხედები”, ანუ Skyscapes წარმოადგენს.




ეს ლანდშაფტურ-არქიტექტურული სტრუქტურები ფორმებითა და გადაწყვეტით ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მათი დანიშნულება ერთია – მშფოთვარე გარესამყაროსგან მაყურებლის იზოლაცია და მისი დატოვება უკიდეგანო, მედიტაციური ცის პირისპირ.

 

ჯეიმს ტურელის ყველაზე დიდ და გახმაურებულ ნამუშევრად არიზონაში მდებარე როდენის კრატერის პროექტი ითვლება, რომელსაც ტურელი, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე ამზადებს.

ეს ჩამქრალი კრატერი არტისტმა გუგენჰაიმის გრანტით 1979 წელს შეიძინა, რის შემდეგაც კრატერის შიგნით გვირაბებისა და სივრცეების მოწყობას მთელი თავისი ენერგია და ფული, ასევე მოხალისეების ძალებიც დაახარჯა. როდენის კრატერის პროექტის დასრულებას 2002 წლისთვის ვარაუდობდნენ, თუმცა ტურელი დღესაც ფინანსებისა და მოხალისეების ძიებაშია.

კრატერის ტერიტორია ვიზიტორებისთვის დახურულია, მაგრამ ფანდრეიზინგისთვის (თანხების შესაგროვებლად) არტისტმა რამდენჯერმე უმასპინძლა 20-20 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს და კრატერში ექსკურსია მოუწყო, რომლის ერთი ბილეთი 6 500 დოლარი ღირდა.


Image result for james turrell

Image result

ტურელის იდეით, როდენის კრატერის პროექტის გამოცდილებამ უნდა შეძლოს იქ მყოფი ადამიანის სინქრონიზაცია გეოლოგიურ დროსა და ციური სხეულების მოძრაობასთან, ასევე განუვითაროს სივრცეში ორიენტირების ახალი უნარები.

„მე დაინტერესებული ვარ ამ ლანდშაფტით, რომელსაც ჰორიზონტი არ აქვს,” – ამბობს ტურელი კრატერის გარშემო არსებულ სივრცეზე, – „და ჩვენ მივიწევთ ამ ახალი ლანდშაფტისკენ, და ვცხოვრობთ მასში,
ჯობია მზად ვიყოთ იმისთვის, რომ არ იარსებებს არც “ზემოთ,” არც “ქვემოთ”,
არც “მარჯვნივ” ან “მარცხნივ”…
ვერ გაიგებ, საითკენაა “მაღლა”,
ამიტომ მართლა თავიდან მოგიწევს ამ ახალი ლანდშაფტის შესწავლა,
ისევე, როგორც ხდება ხოლმე კოსმოსში, სადაც გრავიტაციაც ქრება.

ასეთია სამყარო, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ,
და ის, ბევრი რამით, ტოპოლოგიისა და კიბერსამყაროს ანალოგია.”


რეკომენდებული სტატიები
LadyBoy

LadyBoy

LadyBoy
ფოტოგრაფი დინა ოგანოვა თბილისის LGBT თემისა და „უჩინარი“ ადამიანების შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.