რას ნიშნავს ქართული ხელოვნება?


გააზიარე სტატია


ქართული ხელოვნების ფორმას ორჯერ დაესვა კითხვა. პირველად – მე-20 საუკუნის დასაწყისში მხატვრების მცირე ნაწილი შეეცადა გაეაზრებინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის. მეორედ – 80-იანებსა და 90-იანების დასაწყისში გაჩენილ ავანგარდულ მოძრაობებში, თუმცა აქ ყველაფერი იმდენად ფრაგმენტული და მოუხელთებელია, რომ საუბარი მხოლოდ ჰიპოთეზურად შეიძლება.

ის, თუ რას ნიშნავს ქართული ხელოვნება, რთული სათქმელია. შეიძლება, მას მართლაც ჰქონდა ჩანასახი დავით კაკაბაძის გარემოცვაში, თუმცა ეს 20-იანი წლებია, გასაბჭოების რთული და დრამატული პროცესი, როდესაც ეროვნული მგრძნობელობა რაიმე ცოდნების გარეშეც გაძლიერებულია. ასეთ პირობებში, ქართული ხელოვნების თემაც, შეიძლება მხოლოდ თავდაცვის მცდელობა, სიმულაცია ყოფილიყო.

დღეს ეროვნული თემატიკა ხშირად კიჩურ, ან სარკასტულ ჟესტს წარმოადგენს. ეს გარემოება გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს ეროვნული დისკურსი მთლიანად უკავია ნაციონალურ პორნოგრაფიას. ასეთ დროს დიდია ალტერნატივების ზიზღი ან პასიურობა მემკვიდრეობის მიმართ, რის შედეგადაც ყოველგვარი ეროვნულობა კვდება.

ის, რასაც ქართული ხელოვნება უნდა ჩაენაცვლებინა, ორიენტაცია დაკარგული კიჩი და ცუდად გაგებული პოსტმოდერნიზმი აღმოჩნდა, თავისი ტრანსგრესორებით, ჯანქებით, ნაგვით და ნარჩენით. ალბათ, ნარჩენი ის ერთადერთი სიტყვაა, რომლითაც ბოლო დროის ქართული ხელოვნება და ზოგადად ჩვენში არსებული ესთეტიკის წარმოება შეიძლება დახასიათდეს. აქამდე ჩვენ ვცდილობდით მიგვებაძა (ან გვესესხა) სხვა კულტურებში არსებული ფორმებისთვის, დღეს ყველა ამ ფორმის ნარჩენის მოხმარებით ვკმაყოფილდებით. ჩვენი კულტურაც მეორადი ხდება. მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო კომიკურია. ფართო გაგებით, მეორადია ენდი უორჰოლის ან ჯეფ კუნსის ხელოვნებაც, თუმცა ეს ამა თუ იმ კულტურისთვის დამახასიათებელი მეორადობაა. ჩვენში იმ კულტურებს არასდროს უარსებიათ, რომელთა მეორად მნიშვნელობებსაც ვამზადებთ და ვყიდით, მაგალითად, სტილის კუთხით – ჰიფსტერებს, ურბანულ ხელოვნებაში – გრაფიტის, პოლიტიკაში – მაკიაველიზმს, მუსიკაში – ტექნოს ან ჰიპ-ჰოპს და სხვ. სწორედ ასეთ დროს კიჩი და ნარჩენი ეგზოტიკურობის საშუალებით ელიტურობას და ორიგინალურობას იჩემებენ, რასაც ყოველთვის მოსაწყენ ფსიქოდრამამდე მივყავართ.

ენა, ისტორია და გეოპოლიტიკა ისეთ მოცემულობებში გვაქცევენ, რომ ქართველობა, თავისი მძიმე სოციალური ფონით, საბედისწერო მოვლენა ხდება. ამ ყველაფრისგან თავის არიდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუმცა, ალბათ სწორედ ამ გარდაუვალობის თავიდან მოსაშორებლად ვოცნებობთ მეგაპოლისებზე, ცხოვრების მზარდ რიტმზე, ხარისხზე, ყველანაირ კომფორტსა და თავისუფლებაზე, რომლისთვისაც არასდროს გვიბრძოლია და რომლის უშუალო მონაწილეებიც არასდროს ვყოფილვართ. შემდეგ ვაშუქებთ ჩვენს წარმოდგენებს ყველგან, განსაკუთრებით მედიასა და ხელოვნებაში, სტილსა და მოდაში, პოლიტიკასა და ყოველდღიურ საუბრებშიც კი, რაც სწორედ ჩვენივე კულტურულ და ეკონომიკურ ჩამორჩენილობაზე მიუთითებს და იმაზეც, რომ ქვეყნის შიგნით სასურველი ბევრი არც არაფერი დაგვრჩა.

სიახლეების დამკვიდრებისას ჩვენ ძირითადად ჩვენივე დანაკლისების გადაფარვას ვცდილობთ. ყველა ახალი იმიჯი და სტილი ამაზე მიუთითებს. სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ ტექნოლოგია დღეს ჩვენთვის ყველაზე სასურველი ხილია? ვირტუალური თავშესაფარი, სადაც ყველაზე კარგად შეგვიძლია საკუთარი ორეულის დამზადება, ისეთის, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ, მაგრამ არ ვართ. ერთი მხრივ – არცოდნა, მეორე მხრივ, აუტანელი ეკონომიკური პირობები და მესამე მხრივ, აუხდენელი სურვილები გვაიძულებენ, დავდგათ და ვითამაშოთ ის ფსიქოდრამა, რომელიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ალბათ იმ მიზნით, რომ სიმულაციაში მაინც განვიცადოთ ოდნავი კმაყოფილება?!

ასეთია ის რეალობა, რომელიც ჩვენი ხელოვნების უკან დგას და მხოლოდ ჩვენს არყოფნაზე, ჩვენს დანაკლისებზე მიუთითებს. რაღაც გაგებით, ის არის კიდეც ქართული, როგორც ერთი საერთო ნამუშევარი, რომელიც, პარადოქსულად, ისევ ჩვენს კომიკურ ბედისწერას, გაუსაძლის ყოფას ან სულაც არყოფნას ასახავს. ან იქნებ ყველაფერს ერთად?!

თუმცა, შეიძლება ყველაფერი მართლაც იმდენად აუტანელი გახდა, რომ საჭიროა საკუთარი ბედისწერისგან გაქცევა? იქნებ წარსულის დავიწყება და აწმყოს მიტოვება ერთადერთი სწორი გამოსავალია? ასეთ შემთხვევაში, საჭიროა იმის უარყოფაც, რაც ოდნავ მაინც გვაბრუნებს ჩვენსავე რეალობასთან, საჭიროა უარვყოთ ყველა ის კომიკური გარემოება, რომელიც მუდმივად ჩვენს წარმოშობაზე, კომპლექსებზე და ნაკლოვანებებზე მიგვითითებს. სხვაგვარად წარსულისგან გათავისუფლება მხოლოდ ილუზია იქნება, რომელიც ჩვენსავე ისტორიულ კრახზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გაგვხდის.

გათავისუფლება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, იმის აღიარებით, რომ მართლაც მეორადი კულტურულ ნარჩენები ვხდებით. კიჩის, ნაგვის და ვირტუალური ორეულების შექმნა მხოლოდ ხელს გვიშლის ამ სურათის სრულად დანახვაში, გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი სადღაც სხვაგან, წარმოსახვაში ხდება, მაშინ, როდესაც ჩვენივე ისტორია და პოლიტიკური სურათი მეორად ღირებულებას გვანიჭებენ.

თუკი, მართლაც გვინდა ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა, საჭიროა ამ გარემოების აღიარება და მისი გადალახვა, რაც მომავლისკენ, როგორც უცხო მოვლენისკენ სვლის ერთადერთი შესაძლებლობაა. მაგრამ რას ნიშნავს აღარ იყო ქართველი? რას ნიშნავს აღარ გქონდეს ეროვნული იდენტობა? წარმოშობა? შეგვიძლია კი ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრება? რას ნიშნავს იცხოვრო ყოველგვარი ნოსტალგიის გარეშე საკუთარი წარსულის მიმართ?

ავტორი: დათო კოროშინაძე


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.