საბიუჯეტო ფლანგვის ენციკლოპედია – 8 „მჭამელი“ სააგენტო, ფონდი და ორგანიზაცია, ნაწილი მე-2


გააზიარე სტატია

გემახსოვრებათ ჩვენი წინა სტატია ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი სააგენტოებისა და ორგანიზაციების შესახებ – გამოხმაურებისა და დაინტერესების გამო, გადავწყვიტეთ გაგრძელებაც შემოგთავაზოთ.
(თუ პირველი სტატია არ წაგიკითხავთ, აუცილებლად გადახედეთ)

მაშ ასე, AT_ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული საბიუჯეტო ფაილები წარმოგიდგენთ საბიუჯეტო ფლანგვის ენციკლოპედიის მეორე სერიას.

Reminder: მთავრობა თქვენ მიერ გამომუშავებული ყოველი 100 ლარიდან დაახლოებით 33 ლარს გართმევთ და სხვასხვა რამეებს აფინანსებს – ჯანდაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ამის გარდა, მთავრობას შექმნილი აქვს სახელმწიფო კომპანიების მთელი კასკადი – ე.წ. სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, რომლებიც კერძო კომპანიებისგან ორი რამით განსხვავდებიან:
1. მათი მფლობელი ვინმე კერძო პირი კი არა, მთავრობაა;
2. მათი უმეტესობა წაგებაზე მუშაობს და მხოლოდ იმიტომ არ კოტრდებიან, რომ ჩვენ მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფულით არსებობენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იგივე “ტექნოპარკი”
5 მილიონი ლარი

შეიძლება თქვათ, რას ერჩით ამ სააგენტოს, კარგ საქმეს აკეთებენ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას აუცილებლად სჭირდება ინოვაციების ხელშეწყობაო.

მართლაც, ამ სააგენტოს ვებგვერდზე მათი მისია ძალიან მაღალფარდოვნად ჟღერს:

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება.”

 

მაგრამ, ბიზნეს-ინკუბატორების მოწყობა, ტექნოპარკების შექმნა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება – ყველა ეს სფერო ისეთივე ჩვეულებრივი ბიზნესია, როგორც ლუდის ჩამოსხმა, ბოთლების ჩაბარება ან ასანთის ქარხნის აწყობა.
თუ შეიძლება, რომ მთავრობა ბიზნეს-ინკუბატორების სფეროში ერეოდეს, რატომ არ ერევა პურის ცხობის ბიზნესში? ამაზე ისტორიული პასუხი არსებობს – მთავრობა, ზოგადად, ცუდი ბიზნესმენია. თან, იმიტომ კი არა, რომ მთავრობაში ცუდი ან კარგი მენეჯერები სხედან, არამედ იმიტომ, რომ ჩინოვნიკს არ აქვს სწორი ბიზნესური სტიმულები.

მაგალითად, როდესაც კერძო ინვესტორი ტექნოპარკს თუ ბიზნეს-ინკუბატორს ხსნის, ის ამ პროექტში საკუთარ ფულს და დროს აბანდებს. ამ დროს იგი:

1. მაქსიმალურად ფრთხილია, რადგან არასწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, საკუთარ ფულს დაკარგავს.
2. მაქსიმალურადაა მომართული წარმატებაზე, რადგან ამაზეა მისი კეთილდღეობა დამოკიდებული.

როდესაც იგივეს ბიუროკრატი აკეთებს, ის ამ პროცესში ხარჯავს სხვის ფულს (ჩვენსას) სხვისთვის (მისთვის უცნობი ენტერპრენუარისთვის) და ამიტომ დიდად არც ამ ხარჯვის ეფექტიანობა აღელვებს და არც შედეგები.

წარუმატებლობის შემთხვევაში, ბიუროკრატი ან დამატებით დაფინანსებას მიიღებს, ან, უარეს შემთხვევაში, სამსახურს დაკარგავს. ამიტომაც მისი სიფრთხილე ახლოსაც ვერ მივა კერძო ბიზნესმენის სიფრთხილესთან.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სწორი სტიმულებისგან დაცლილი ბიუროკრატი ჩვენს ფულს ხარჯავს მარცხნივ-მარჯვნივ.

კერძოდ კი – ტექნოპარკი 2018 წლის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარს მიიღებს.
– აქედან 400 000 ხელფასებში წავა;
– სამ მილიონზე ცოტა მეტი – სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვაზე;
– გრანტებად კი ტექნოპარკი 100 000 ლარს გასცემს.

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი
1.12 მილიონი ლარი

იმაში, რომ ამ სსიპ-მა “ორგანიზება გაუწიოს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას” ჩვენ და თქვენ 1 120 000 ლარს ვიხდით.

ბავშვთა კავშირებიო, კარლ…
და ერთ-ერთ უახლესი პროექტი, რომელიც ვებგვერდზე უდევთ – “ხელოვანების თვალით დანახული 90-იანი წლების საქართველო

საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატა
1 მილიონი ლარი

ამ სსიპ-ს ჩვენი ჯიბიდან 1 მილიონი ლარი ერიცხება, საიდანაც 700 000 ხელფასებში იხარჯება.
როგორც პალატის ვებგვერდი გვაუწყებს, “1960 წლიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნავს.”
1960?
1960 წელს რაიმე ქართული ბიზნესი არსებობდა?
რომელსაც ეს პალატა განვითარებაში ეხმარებოდა?
ხრუშჩოვმა იცოდა?
გარდა იმისა, რომ ეს პალატა სრულიად ბუტაფორიული ფუნქციების სააგენტო გვგონია, აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ასეთი ვებგვერდის არსებობას ქვეყანაში გემოვნების, ხარისხისა და ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო უნდა არეგულირებდეს!
თავად ნახეთ აქ

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
4.2 მილიონი ლარი

ამ სსიპ-ს, სხვებისგან განსხვავებით, არაერთი მილიონი აქვს საკუთარი შემოსვლის სახით.
კერძოდ: ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის ბიუჯეტი 21 მილიონ ლარზე ცოტა მეტია. აქედან 17 მილიონს ბიურო საკუთარი მომსახურებით შოულობს, ხოლო ბიუჯეტიდან მხოლოდ 4,2 მილიონს იღებს.
იტყვით, ამ სიაში რა უნდაო…

ასე შევხედოთ – როდესაც მთავრობამ შენი სააგენტო ექსპერტიზის სფეროში ფაქტობრივ მონოპოლისტად აქცია და ქვეყანაში ვინმეს თუ რამის ექსპერტიზა უნდა, თითქმის ყველა იძულებულია შენთან მოვიდეს, როგორ უნდა მოახერხო, რომ მოგებაზე ვერ გახვიდე?

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ის 4,2 მილიონი ლარი, რომელსაც სამხარაულის ბიურო ბიუჯეტიდან იღებს, არის მფლანგველობა და არასწორი, არაეფექტიანი მენეჯმენტის შედეგი.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
ამ სააგენტოს წელს 5 მილიონი ლარით დავაფინანსებთ, საიდანაც 2 მილიონამდე ხელფასებში წავა.

სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის დეკლარირებული მისიაც ქაღალდზე ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს: “აგრარულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეიქმნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი”, მაგრამ სოფლის მეურნეობაში ოდნავ მაინც ჩახედული პირველივე ადამიანი გეტყვით, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას საფუძვლად ასეთ სააგენტოებში ფულის ყრა კი არა, მიწების განკერძოება და გამსხვილება უნდა ედოს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
4 მილიონი ლარი

“მარიამ და ხუანმა მოსწიეს შეკეთებული სიგარეტი!” გახსოვთ?
ან ყაზახეთის პრეზიდენტის, ბ-ნი ნურსულთან ნაზარბაევის წიგნის პრეზენტაცია?

რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, დიდ შენობაში საბჭოთა კავშირის გამოჩენილი მეცნიერები სხედან და ყოველთვე, მარტო ამ აკადემიის წევრობის გამო 1600+ ლარს იღებენ.
აკადემიის წევრები პერიოდულად გამოსცემენ ისეთ ნაშრომებს, როგორებიცაა, მაგალითად, “მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში”, აკადემიის “მოამბის” ოთხტომეული და ა.შ.

ამ სსიპ-ს ჩვენი საფულეებიდან 4 მილიონი ლარით აფინანსებს მთავრობა, საიდანაც მილიონ-ნახევარი ლარი აკადემიკოსებისა და მომსახურე პერსონალის ხელფასებია.

აქვე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
1 მილიონი ლარი

მეცნიერებათა აკადემიის ეს მოკრძალებული ფილიალი გადასახადის გადამხდელებს სულ რაღაც 1 მილიონი ლარი გვიჯდება, საიდანაც 900 000 ლარამდე სახელფასო ხარჯია.
ამ სსიპ-ის ამოცანებში სადღეგრძელოთა გრძელ სიას ნახავთ.

კონკურენციის სააგენტო
2.1 მილიონი ლარი

ეკონომიკის ნებისმიერი ფაკულტეტის ნებისმიერი საღად მოაზროვნე სტუდენტიც კი გეტყვით, რომ კონკურენცია თავისუფალი ბაზრის თვისებაა. იქ, სადაც ხელისუფლება რაიმე სახით ცდილობს ჩარევას, მცირდება კონკურენცია. სამთავრობო რეგულაციები და კონკურენცია უკუპროპორციული ცნებებია.

ჩვენ კი მთავრობის მიერ შექმნილ სააგენტოს, რომელმაც “არაკონკურენტული გარემოსგან” უნდა დაგვიცვას, წელს 2 100 000 ლარს გადავუხდით, საიდანაც კონკურენციის სადარაჯოზე მდგომი ბიუროკრატები ხელფასის სახით 1 350 000 ლარს მიიღებენ.


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.