fbpx

რუსთავი – „დეველოპერის“ მოსვლამდე


გააზიარე სტატია

 

რუსთავის ხელახალი დაბადება (ძველი რუსთავი მე-13 საუკუნეში, ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად მთლიანად განადგურდა) უზარმაზარი ინდუსტრიული ცენტრის, მეტალურგიული ქარხნის მშენებლობას უკავშირდება. საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ქალაქი წელს დაარსებიდან 70 წლისთავს აღნიშნავს.

 

ქალაქ რუსთავში შესვლისთანავე პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს, უჩვეულო სისუფთავე, სიმწვანე, სკვერებისა და პარკების სიმრავლე და შენობა-ნაგებობების და ქუჩების სიმეტრიული წყობაა. ახალ რუსთავში, ძირითადად “ხრუშჩოვკის” ტიპის შენობები დგას, რომლებიც მასობრივად აშენდა საბჭოთა საქართველოში ყველაზე ინდუსტრიულ ქალაქში მომუშავეთასთვის. იმის მიუხედავად, რომ ეს ნაგებობი არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო არ არის, მაინც აღსანიშნავია მათი გეომეტრიულად სწორი განლაგება და მათ ირგვლივ გამწვანება.

 

ძველი რუსთავის არქიტექტურა გასული საუკუნის 50-იანი წლების, ე.წ. სტალინური არქიტექტურის ტიპური ნიმუშია. განიერი ქუჩები, სიმეტრიული შენობები და ძალიან ბევრი სიმწვანე. ქალაქის ძველი ნაწილი ძირითადად გერმანელი ტყვეების მიერაა აშენებული.

 

ყოფილი ქიმიის ინსტიტუტის შენობა, ინსტიტუტის დაშლის შემდგომ, ახალგაზრდებმა დაიკავეს. აქ იმართებოდა როკ-კონცერტები, ტარდებოდა რეპეტიციები, იდგმებოდა სამოყვარულო სპექტაკლები. ეს ადგილი დღეს უფუნქციო და მიტოვებულია.

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადგილი ყოფილი ჰესისა და წყალსაქაჩის ტერიტორიაა. ქალაქის ცენტრში, ქუჩიდან ერთი ფეხის ნაბიჯზე, მტკვრის პირას, ბუნების ველურ წიაღში აღმოჩნდებით. მიტოვებული ჰესისა და წყალსაქაჩის ნანგრევები ამ ადგილს ერთგვარ მისტიკურ იერს მატებს. აქ იკრიბებოდნენ სხვადასხვა გაგების ახალგაზრდები (ემოები, პანკები).

 

საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ცენტრალური შენობის წინ, აზერბაიჯანის მთავრობის ინიციატივით, გაშენდა ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი. ეს ტერიტორია აზერბაიჯანის საკუთრებაა და საღამოს 7 საათის შემდგომ აქ შეიძლება არ შეგიშვან. დაუშვებელია ასევე მწვანე საფარზე ფეხით
სიარული. ლამაზი მცენარეებითა და ხასხასა ბალახით ტკბობა ბეტონის ბილიკებზე სეირნობის დროს არის შესაძლებელი.

 

რუსთავის მთავარი ღირსშესანიშნაობა, უდავოდ, მისი ცენტრალური პარკია, შუაგულში დიდი ხელოვნური ტბით. სხვადასხვა ჯიშის ხეები, მდელოები, ყვავილები, ხელოვნური და ბუნებრივი ხეივნები… ეს პარკი იდეალურად გამოდგება როგორც დასვენებისა და განტვირთისათვის, ასევე ფესტივალების, კონცერტების, გამოფენებისა თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ალბათ, თბილისში ამ პარკის შესახებ ბევრმა არ იცის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთავის პარკს, შაბათ-კვირას, დედაქალაქიდან ბევრი სტუმარი ეყოლებოდა. რუსთავის პარკი, და მთლიანად ქალაქი, სკეიტერებისა და ველოსიპედისტებისათვის “სამოთხეა”.

 

რუსთავში არც ღამის კლუბია და არც ბევრი კაფე-ბარი. ახალგაზრდობა ძირითადად თბილისში დადის გასართობად. პუშკინის ქუჩის N2-ში მდებარეობს კაფე-ბარი “ასკილი” – რუსთავში ყველაზე მყუდრო ადგილი, სადაც გარდა კაფე-ბარისა, კინოჩვენებები იმართება. პარასკევს შესაძლებელია ცოცხალი მუსიკის მოსმენაც.

 

“კუზიანი” ხიდიდან ყველაზე კარგად ჩანს ქალაქის ინდუსტრიული ნაწილი. ხიდის ქვეშ ძველი, დანგრეული რკინიგზის სადგურია.

 

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი.

 

რუსთავში ფუნქციონირებს საკალათბურთო დარბაზი და საცურაო აუზი

 

ინდუსტრიული რუსთავი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იყო და მეტალურგიული ქარხნის გარდა, ფუნქციონირებდა 90-მდე დიდი და მცირე საწარმო.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საწარმოების უმეტესობა განადგურდა და მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ფუნქციონირებს.

 

რის მონახულებასაც არ გისურვებთ რუსთავში.

 

რუსთავში AT.ge-ს მეგზურობა გაუწიეს მხატვარმა ანა ჩადუნელმა და სტუდენტმა ნიკა გაბათაშვილმა, რისთვისაც რედაქცია დიდ მადლობას უხდის.

ანა ჩადუნელი: რუსთავი იდეალური ადგილია ხელოვანი ხალხისათვის. სამუშაო ფართის ქირაობა, თბილისთან შედარებით, შეუდარებლად იაფია. გარემო კი, მშვიდი და მყუდროა. დასანანია, რომ ეს ქალაქი მინიმალურადაც კი არ არის ათვისებული, არადა მას სხადასხვა მხრივ აქვს საინტერესო პოტენციალი.

ნიკა გაბათაშვილი: რუსთავი ძალიან იშვიათად ცოცხლდება… ვფიქრობ, თბილისიდან უნდა დადიოდეს ჩქაროსნული მატარებელი და მაშინ უფრო მეტად იქნება შესაძლებელი ქალაქის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით დატვირთვა.


რეკომენდებული სტატიები
თბილისის უცნობი მუზეუმები

თბილისის უცნობი მუზეუმები

თბილისის უცნობი მუზეუმები
წარმოგიდგენთ თბილისში მდებარე რამდენიმე მცირე, მაგრამ უნიკალურ მუზეუმს, რომლების არსებობაც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.