fbpx

პირველი ნიუ იორკული ცათამბჯენი თბილისში


გააზიარე სტატია

მალე თბილისის აუცილებლად სანახავ ადგილებს, თბილისი გარდენსი, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი შეემატება. ეს თბილისისთვის პირველი ნიუიორკული სტანდარტების ცათამბრჯენია. მის დიზაინზე ცნობილი დიზაინერი ვინსენტ ვულფი მუშაობდა. ვულფმა თბილისი გარდენსის ბინები დააგეგმარა და მათი დიზაინის კონცეფცია შექმნა. მისი კომპანია უკვე 35 წელია მანჰეტენის დიზაინის ინდუსტრიის ლიდერთა შორისაა. იგი არაერთი წიგნის ავტორია, აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია დიზაინის სფეროში.

გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერთან:

თვითნასწავლი დიზაინერი ხართ. სანამ ამ კონკრეტულ სფეროზე შეჩერდებოდით, ბევრი სხვა კრეატიული გამოხატვის წყარო სცადეთ… როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა დიზაინთან და რამ განაპირობა ეს არჩევანი?

მართლაც ბევრი რამ ვცადე. არ მაქვს აკადემიური განათლება, ამიტომ ვეძებდი ისეთ სამუშაოს, რომელიც ჩემს ნიჭს შეესაბამებოდა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მე კუბიდან ვარ, ჩემი ოჯახი სამშენებლო სფეროში მოღვაწეობდა, ამიტომ მქონდა რაღაც წარმოდგენა ამ სფეროზე. გავიცანი ადამიანი, რომელიც დიზაინზე მუშაობდა და მადლობა ღმერთს… თავიდანვე, როდესაც ეს საქმე წამოვიწყე, ბევრი ფიქრი არ დამჭირდა, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.

რა არის თქვენი დიზაინის ფილოსოფია და როგორ იცვლებოდა ის მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში?

რაც შეიცვალა, ეს ფილოსოფია არ არის. უბრალოდ მოგზაურობის და ახალი გამოცდილების მიღების შედეგად უფრო განვვითარდი, როგორც პროფესიონალი. თუ მაინც ფილოსოფიაზე ვსაუბრობთ, მაშინ ვიტყვი, მომწონდა და მომწონს სწორი ხაზები, ზედმეტი გაფორმებების გარეშე, ყველაფრის სადად და მარტივად აღქმა და წარმოჩენა. ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა. უბრალოდ ახლა ჩემი ხედვა ბევრად უფრო გლობალურია, ვიდრე დასაწყისში იყო.

ოთხ ათწლეულზე მეტია, რაც ამ სფეროში მუშაობთ. როგორ ინარჩუნებთ სიახლის შეგრძნებას?

პირველ რიგში, მე ამ ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც ბიზნესს. მინდა მქონდეს კარგი ტელეფონი, მეცვას კარგად, შემეძლოს ვიმოგზაურო და ა.შ. მაგრამ იმავდროულად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრეატიული პროცესია. რადგან შემოქმედი ადამიანი ვარ და ეს არის ჩემი სამუშაოს მთავარი ფოკუსი, მნიშვნელოვანია განვითარება. იმის მიხედვით, თუ რა ნახე, რა გამოიკვლიე, რა სიახლე მიიღე და რა გამოცდილება, ვითარდები როგორც ადამიანი. ვთვლი, როდესაც ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებ და ის არასდროს იცვლება, ეს იმის ბრალია, რომ შენი ხედვა არასდროს განვითარებულა და თუ თავდაპირველად აღმოჩენა გააკეთე, იმუშავა, მაგრამ მერე ვეღარ განვითარდი, ეს შემთხვევითობა იყო.

არის თუ არა პროექტი, რომელსაც გამოარჩევდით?

ძალიან მოკლე მეხსიერება მაქვს.
იცით რა მახსენდება ყოველთვის? ადამიანები, რომლებიც პოზიტიურები იყვნენ და ის პროექტები, რომლებმაც დამაფიქრეს. თითოეული პროექტი ჩემი შვილია, სანამ არ დავასრულებ მასზე მუშაობას.
ხუთი წლის წინ, როდესაც თბილისში პირველად ჩამოვედი, ვნახე რა იყო ბაზარზე, ყველაფერი დიზაინერის თვალსაზრისით აღვიქვი. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ადვილი პროცესი იყო, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. პროექტებში, რომლებიც აქ ვნახე, ძალიან ცოტა დეტალი იყო, მათ აკლდათ გული. განლაგებაზე ყურადღება საერთოდ არ იყო გამახვილებული. ძალიან მიყვარს ახლის შეცნობა, სწავლა, რაც თბილისს ჩემთვის საინტერესოს ხდის.

არადროს დამავიწყება ერთი ფაქტი: მე არ ვსვამდი ღვინოს, მაგრამ ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გამესინჯა ერთ-ერთი მარკის სასმელი. დავუჯერე და სხვაგვარად აღვიქვი ღვინო და მისი დალევის ხელოვნება. იმედი მაქვს, სწორედ ასეთ გავლენას იქონიებს თბილისზე ჩემი პროექტი. სწორედ ეს არის ის, რაც მაინტერესებს და რატომაც ავირჩიე Tbilisi Gardens-ზე მუშაობა.

 

თქვენ ამბობთ, რომ დღეს ადამიანებს უფრო მეტი ნივთები აქვთ, ვიდრე სჭირდებათ. როგორ შეიძლება სივრცე იყოს მყუდრო და არა ნივთებით გადატვირთული?

ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა გადაწყვიტო რა არის მნიშვნელოვანი, რატომ გვიყვარს რომელიმე ნივთი. ამის შემდეგ მირჩევნია ყველაფრის მოშორება და შემდეგ სივრცის ნელ-ნელა, ახლიდან შევსება. თუ აგროვებთ რაიმე ტიპის ნივთებს, მაგალითად, თოჯინებს, ჩემი რჩევაა მათ ერთი კონკრეტული ადგილი მიუჩინოთ. ასევე მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა: შემიძლია თუ არა მე კონკრეტული ნივთის გარეშე ცხოვრება? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ყველაფერი გასაგები ხდება.
საბოლოო მიზანი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჩვენი სულიერება და ჩვენი გონება სიმშვიდეს პოულობს. თქვენი სახლი თქვენივე ოაზისი უნდა იყოს, როდესაც ამ სივრცეში შემოდიხართ, სხვა ყველაფერი მის გარეთ უნდა დარჩეს.

 

რით დაიმსახურა Tbilisi Gardens-ის პროექტმა თქვენი ინტერესი?

წინადადებას მხოლოდ მაშინ ვთანხმდები, როდესაც ჩემი და დამკვეთის გემოვნება და ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ასევე ეს იყო შესაძლებლობა მემუშავა ნიუ-იორკის გარეთ და გამეკეთებინა ის საქმე, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. როდესაც პირველად ვესტუმრე თბილისს, დავრწმუნდი, რომ ეს პროექტი დიდ ცვლილებას მოახდენს აქ.

როდესაც Tbilisi Gardens-ზე დავიწყე მუშაობა, გავეცანი აქაურ სიტუაციას, დავდიოდი სტუმრად ბინებში, ვნახე ის შენობები, რომელიც შენდებოდა და ა.შ. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო ჩემთვის.

 

როდესაც ნიუ-იორკის გარეთ მუშაობთ, ახდენს თუ არა ადგილობრივი კულტურა მნიშვნელობას თქვენს სამუშაო პროცესზე.

მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ჩემთვის ახლოა. Tbilisi Gardens-ის შემთხვევაში გამოვიყენე მიწის ბუნებრივი ფერები, რადგან ვფიქრობ, აქ ხალხს უყვარს მიწა, ბაღში ყოფნა. მინდოდა შემექმნა ისეთი ადგილი, სადაც შესვლისთანავე, მინიმალიზმის მიუხედავად, იგრძნობა სითბო და კომფორტი. შეხედეთ ხის მასალას და ამ ფერთა გამას.

მინდა ავღნიშნო, რომ სურვილი მაქვს Tbilisi Gardens-ის მაგალითზე ხალხმა დაინახოს ისეთი ცხოვრების წესი და ხარისხი, რომელიც ადამიანებს ნიუ-იორკში აქვთ. არ შეხედოს ასეთი ტიპის საცხოვრებელს, როგორც მიუწვდომელს.

 

თქვენ ასევე მუშაობთ პროდუქტის დიზაინში და აკეთებთ ავეჯს.

როდესაც საცხოვრებელ პროექტებს ვაკეთებ, იქ მომავალში არსებული ნივთების 60 პროცენტი სპეციალურად ამ კონკრეტული პროექტისთვის მზადდება. მე ამას ვუყურებ, როგორც უმაღლესი კლასის დიზაინს, რომელიც დღესდღეობით მომაკვდავი ინდუსტრიაა. როდესაც მოდის დამკვეთი, საკუთარი სახლის დიზაინისთვის, მე არ მინდა, რომ მას შევთავაზო ისეთი ნივთი, რომელიც შეიძლება მის ნათესავს ან ნაცნობსაც ჰქონდეს. მსურს ის გარემო, რომელსაც შევქმნი, მხოლოდ მისი საკუთარი და უნიკალური იყოს. გამოცდილებით ვიცი, რომ ზუსტად ესაა, რის გამოც კარგი დიზაინი უძლებს დროს. აქ ყველაფერს საკუთარი ხასიათი აქვს. ეს ბევრად ხანგრძლივი პროცესია, სასიამოვნოც და საინტერესოც, ვიდრე ნივთების მაღაზიაში არჩევა და შეძენა, რადგან ეს ნივთები მთლიანი დიზანის სრულფასოვანი ნაწილები არიან.

 

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები თბილისზე.

ხუთი წლის წინ, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, არ მქონდა არანაირი წინასწარი მოლოდინი. პირველი შეხედვით ბევრი რამ ვნახე დაუხვეწავი, მაგრამ ეს ალბათ უფრო იმ პერიოდიდან მოდის, სანამ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ აქ გასაოცარი ადამიანები ცხოვრობენ. ძალიან გემრიელი სამზარეულოა. არაჩვეულებრივი ღვინო. კარგი ამინდი. ქვეყანას აქვს დიდი არჩევანი, აქ არის ზღვა, მთები და ბევრი სხვა კარგი რამ. ძალიან უცებ გიყვარდება საქართველო.


რეკომენდებული სტატიები
განსაკუთრებული სასტუმროები წყალქვეშ, ალპებში, უღრან ტყეებსა და კონფლიქტურ რეგიონებში

განსაკუთრებული სასტუმროები წყალქვეშ, ალპებში, უღრან ტყეებსა და კონფლიქტურ რეგიონებში

განსაკუთრებული სასტუმროები წყალქვეშ, ალპებში, უღრან ტყეებსა და კონფლიქტურ რეგიონებში
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე განსაკუთრებული კონცეფციის სასტუმროს, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს სხვადასხვა გემოვნებისა და მისწრაფების ადამიანებისთვის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.