დასამახსოვრებელი საპროტესტო აქციები


გააზიარე სტატია

საქართველოში როგორც საბჭოთა კავშირის მიწურულს, ასევე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საკმაოდ ხშირი იყო საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი მიტინგები და დღემდე აქციების უმეტესობა თითქოს ერთგვარი გაგრძელებაა იმ ჩვეულების, როდესაც ერთი ადამიანი მიმართავს შეკრებილებს და იგულისხმება, რომ ყველა იზიარებს სპიკერების სულისკვეთებას.

პროტესტის დასამახსოვრებელი, განსხვავებული ფორმების ძიება ჩვენს საზოგადოებას შეიძლება ითქვას რომ წინ აქვს და გარკვეულწილად შეიძლება ეს იყოს დღევანდელი აქტივიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც – ეფექტური და ბასრი ფორმების მოძებნა იმისათვის, რომ თავიანთი სათქმელი, წინააღმდეგობის მუხტი და პროტესტის განწყობა რაც შეიძლება შთამბეჭდავად მიიტანონ მეტ ადამიანთან და აქციონ ისინი თავიანთ მხარდამჭერებად.

აქციები ყოფილი პარლამენტის შენობასთან, კანცელარიასთან თუ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან რიგ შემთხვევებში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. გადავწყვიტეთ გავიხსენოთ უახლესი ისტორიიდან შთამბეჭდავი აქციები, რომლებიც ორიგინალური იყო თავისი ფორმით თუ შინაარსით. სია, ცხადია სუბიექტურია ჟანრის კანონების თანახმად.

მაშ ასე:

წყლის ნაყვა – 2014 წელი.

მხატვარი კოტე ჯინჭარაძე, ჯგუფი “ბულიონი”, კაზრეთიდან ჩამოსული მაღაროში დასაქმებულები და მოქალაქეები RMG GOLD-ის საქმიანობას აპროტესტებდნენ, მოითხოვდნენ ოქროს უძველესი საბადოს შენარჩუნებას და სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების ღირსეულ პირობებში დაბრუნებას.

ფოტო: netgazeti.ge

 

სახელმწიფოს დასაფლავება – 2016 წელი.

ეს აქცია გამართეს თავისუფალმა არტისტებმა და გააპროტესტეს ლგბტ თემისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმის გამო, რომ 17 მაისს, ლგბტ აქტივისტებს და ადამიანის უფლებათა სხვა დამცველებს არ მიეცათ საშუალება აღენიშნათ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში. არტისტების მიზანი იყო ეჩვენებინათ პერფორმანსით, როგორ დაასამარა ხელიფუფლების უუნარობამ, ეკლესიამ და სხვა ძალებმა სახელმწიფო.

 

პიკნიკი თბილისის მერიაში – 2014 წელი.

მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” აქტივისტებმა დაიკავეს მერიის შენობა და გადააქციეს ის პიკნიკის ადგილად. მათი გზავნილია: “თუ თქვენ გვაგდებთ ჩვენი პარკებიდან, ჩვენ გაგაგდებთ თქვენი სამსახურებიდან.”

 

ფეხსაცმელები ყვებიან ამბებს

ამ ფორმის ორი სხვადასხვა აქცია გაიმართა. პირველი იყო 2014 წელს თავისუფლების მოედანზე 17 მაისს უხილავების პროტესტი, ვინაიდან ამ წელს არ მიეცათ ლგბტ აქტივისტებს და მათ მხარდამჭერებს წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე აქციის ჩატარებას საშუალება.

ფოტო: liberali.ge

მეორე კი 2018 წელს ზუგდიდში ქალთა უფლებების დაცვის დღეს გაიმართა და ამ დღეს ქალების მაგივრად მათი ფეხსაცმელები ყვებოდნენ სხვადასხვა ტიპის ჩაგვრის, ძალადობისა და დისკრიმინაციის ამბებს.

 

https://www.facebook.com/tsabunia/

 

ცხვარი კანდიდატად – 2017 წელი, თელავი.

თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა თელავის „მერობის კანდიდატად“ ცხვარი წარადგინეს და ამ ფორმით გააკრიტიკეს თვითმმართველი ქალაქის რეფორმა, რომლითაც თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოეხსნა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

 

ჟურნალისტები შავი ცელოფნებით თავზე პარლამენტში – 2017 წელი.

6 ივნისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი პირდაპირ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გამართეს და თავზე პოლიეთილენის შავი პარკები ჩამოიცვეს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

 

ადგილი დაკავებულია – ეტლების პარკინგი რუსთაველზე, 2014 წელი.

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, რუსთაველზე, კინოს სახლთან მდებარე პარკინგი ეტლებმა დაიკავეს პროტესტის ნიშნად, რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკინგის ადგილებს ხშირად სხვები იკავებენ და გარემო, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, ზოგადად, არაადაპტირებულია.

ფოტო: liberali.ge

რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.