ფასიანი და უფასო საზაფხულო ბანაკები მოზარდებისთვის


გააზიარე სტატია

ზაფხულის არდადეგების საინტერესოდ გატარება ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია. დასვენების გარდა თავისუფალი დრო ბავშვებმა სასურველია ახალი ადამიანების გასაცნობად, ახალი გამოცდილებების მისაღებად და ახალი ინტერესების აღმოსაჩენად გამოიყენონ.

ერთ-ერთი გზა ამ მიზნის მისაღწევად საზაფხულო ბანაკებია, სადაც დროს მოზარდები თანატოლებთან ერთად ატარებენ და თან დამოუკიდებლობას ეჩვევიან, თან ახალ უნარებს ივითარებენ.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო საზაფხულო ბანაკს, რომელიც სხვადასხვა ინტერესების მქონე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

 

“შერვუდი” 

ინგლისურენოვანი ბანაკია, რომელიც მოზარდებს დასვენებას, სწავლას და გართობას ბაკურიანსა და ანაკლიაში სთავაზობს. ბანაკში 8 წლიდან შეგიძლიათ ბავშვების გაშვება. 8-13 წლის ბავშვები ერთ ჯგუფში არიან გაერთიანებულები, 14-18 წლისანი კი მეორეში. მთავარი აქცენტი ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსზე კეთდება, თუმცა გართობასა და დასვენებასაც არანაკლები ყურადღება ექცევა. ფასები ზღვის პირას და მთაში განთავსებულ ბანაკებში განსხვავებულია და რეგისტრაცია ამ ბანაკში წამსვლელი მოზარდებისთვის უკვე დაწყებულია.

 

რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი


იმ ბავშვებისთვის, ვისაც ელექტრობა, პროგრამირება და ლეგოს სამყარო აინტერესებს და ვისაც შესაძლოა თბილისში უწევდეს ზაფხულის გატარება. იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 4-10 კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

 

ArtHub Summer Camp in Badiani

ათდღიანი საზაფხულო ბანაკია ბედიანში, სადაც ბავშვები ხელოვნებას დაუახლოვდებიან, ეკოლოგიურ საკითხებზე იფიქრებენ და ლიდერობის ჩვევებს გაივარჯიშებენ. ამერიკელი და ქართველი პედაგოგები მხიარულ თამაშებსა და თემატურ ვორკშოპებს გაუძღვებიან, რომლებიც ყოველდღიურ ლაშქრობებს შეენაცვლება. ბავშვები ქვემო ქართლის უნიკალურ ბუნებასა და ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს მოინახულებენ: დაშბაშის ჩანჩქერი, არანლოს ციკლოპური ნაგებობები, სამშვილდეს კომპლექსი, წალკის წყალსაცავი. აქტიურ დასვენებას ხატვა, თექა და სახელოვნებო დისკუსიები შეენაცვლება. ბანაკი ათდღიანია და განკუთვნილია 10 წლიდან 14 წლამდე ბავშვებისთვის.

 

კიბერ ბანაკი

8-დღიანი საზაფხულო ბანაკია ბაკურიანში, რომელიც განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და მისი ორგანიზატორია სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია.  8-დღიანი პროგრამა წარმოადგენს STEM-ზე და კიბერუსაფრთხოებაზე ფოკუსირებულ პრაქტიკულ საკითხებს. მონაწილეები შეისწავლიან კიბერუსაფრთხოების, პროგრამირების და რობოტიქსის კონცეფციებს, ამასთან ერთად პროგრამის მონაწილეები ისწავლიან პროგრამების შექმნას და ვებდიზაინს. მოსწავლეებს ექნებათ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში. ისინი გაიგებენ, თუ როგორ მუშაობს განსხვავებული კიბერთავდასხმები და როგორ განახორციელონ ამ თავდასხმების პრევენცია. კიბერბანაკის ფარგლებში იქნება ორგანიზებული სხვადასხვა კიბერუსაფრთხოების კონკურსები. პროგრამაში აგრეთვე არის გათვალისწინებული განსხვავებული სპორტული და გასართობი აქტივობები. ყველა სტუდენტი/მოსწავლე იქნება განაწილებული თავისი დონის, ასაკის და კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის მიხედვით.  კიბერბანაკის ყველა მონაწილე მიიღებს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის მიერ გამოცემულ სერტიფიკატს.

იმ შემთხვევაში, თუ საზაფხულო ბანაკებში გადასახდელი თანხის მოძიების პრობლემა დგას, შეგვიძლია გირჩიოთ  სახელმწიფოს და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ბანაკები, რომლებიც ბავშვებს უფასოდ დასვენებას სთავაზობს.

 

Life Camp

მანგლისში განთავსებული  ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი ქართველი ახალგაზრდებისთვის საქართველოში მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერით ხორციელდება და ორგანიზებულია მშვიდობის კორპუსის მოხალისეების და ალგეთის ეპ მეგობართა ასოციაციის მიერ. ბანაკი 14-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ახალგაზრდების ლიდერული უნარების განვითარებას, ინტეგრირებას და ფიტნეს აქტივობებს მოიცავს. LIFE ბანაკის დროს გაიმართება ასევე დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, ძალადობა და აივ/შიდსი. ბანაკის წევრები შექმნიან პროექტებს და მოგვიანებით განახორციელებენ მათ თავიანთ თემში.

 

Self Camp Georgia 

ბანაკი 13-დან 16 წლამდე გოგონებისთვის არის განკუთვნილი და ფოკუსირებულია ლიდერული უნარების განვითარებაზე, თვითშეფასებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რომელიც ხდება სხვადასხვა ტრენინგებისა და ფიზიკური აქტივობების მეშვეობით და რომლის მიზანს წარმოადგენს მონაწილეთა განათლება. ტრენინგები ხელს უწყობს ცოდნის შეძენას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჯანმრთელობა და  სამოქალაქო განათლება. ბანაკი ფოკუსირებულია ფიზიკურ აქტივობებზე: იოგასა და სხეულის მთლიან წრებრუნვებზე, რომლებიც გაზრდიან ბანაკის წევრების თვითშეფასებას.

 

GLOW Georgia Camp

ასევე გოგონებისთვის განკუთვნილი ბანაკია, რომელიც რუსთავში, სკაუტების ცენტრში გაიმართება და 14-დან 16 წლამდე გოგონებს გააერთიანებს და მათ შესთავაზებს ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებების, მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საკითხებთან და განავითარებს როგორც ლიდერულ უნარ-ჩვევებს, ასევე მონაწილეებს ასწავლის იმას, თუ როგორ ჩაატარონ პროექტები საკუთარ თემში.

 

მწვანე ბანაკი გურიაში

6-დღიანი, 5-ღამიანი  ბანაკი ორიენტირებულია სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების, გარემოს დაცვის,  კლიმატური ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე. ტარდება 13-17 წლის ახალგაზრდობისათვის ტრანსპორტირების, საცხოვრებელი ადგილისა და კვების უზრუნველყოფით. მწვანე ბანაკის მისიაა აამაღლოს ცნობიერება და მოტივაცია გაუჩინოს საქართველოს ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი აქტივობების შესახებ, რათა მათ შეძლონ ეკო-მეგობრული და ჯანსაღი ცხოვრების წესის გათვალისწინებით გადაწყვეტილებების მიღება და ყოველდღიური საქმიანობების წარმოება.

ბანაკის განმავლობაში მონაწილეები გაიგებენ არამხოლოდ იმას, თუ როგორ შეუძლიათ ინდივიდებს ბუნების დაცვა, არამედ იმასაც, თუ რა ორგანიზაციები თუ საინიციატივო ჯგუფები მუშაობენ ამ თემებზე ჩვენს ქვეყანაში.

გარდა თეორიული მასალისა, მონაწილეები აქტიურად იქნებიან ჩართულნი სხვადასხვა პრაქტიკულ სემინარებში, სადაც ისინი უფრო უკეთ ისწავლიან ნარჩენების დახარისხების და გადამუშავების გზებს. მწვანე ბანაკი ემსახურება და მის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდების დაინტერესება, ჩართულობა და მათი განათლება, რომ საკუთარ თემში დაბრუნების შემდგომ მათ შეძლონ გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები და ხელი შეუწყონ გარემოს დაცვას საქართველოში.

 

“მომავლის ბანაკები“ ანაკლია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული მომავლის ბანაკები“ ანაკლიასა და შაორის ტბაზე ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას ეყრდნობა. ანაკლიის ბანაკი   განკუთვნილია 14-18 წლის წარჩინებული სკოლის მოსწავლეებისთვის და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.  შაორზე კი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის ფუნქციონირებს შედარებით მოკლევადიანი, 5-დღიანი ბანაკი და საკმაოდ უხვად არის დატვირთული სპორტული აქტივობებით.

 


რეკომენდირებული სტატიები
სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში
გთავაზობთ დედაქალაქის მასშტაბით ბავშვთა სპორტული დარბაზებისა და კლუბების არასრულ ჩამონათვალს და მათი მომსახურების ღირებულებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.