fbpx

უნიკალური ნაქარგები მაღალმთიანი აჭარიდან


გააზიარე სტატია

საქართველოში ქსოვილის წარმოებას უძველესი დროიდან მისდევდნენ. შესაბამისად, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ქსოვილის დამზადების და დამუშავების ტექნოლოგიური და მხატვრული ხერხები, დაზგაზე თუ ჩხირებით ქსოვა, თელვა, ქარგვა, ქსოვილის დაჩითვა და სხვა.

ხელსაქმეში დაოსტატება ქალისთვის ოდითგანვე აუცილებელი იყო, მას უნდა შეექმნა სახლისათვის საჭირო ყველა აქსესუარი, რომელიც ქსოვილისგან იკერებოდა, ასევე ხელით შექმნილი ითვლებოდა საუკეთესო და ძვირფას საჩუქრად სხვისთვის. ქალები ბავშვობიდანვე სწავლობდნენ მატყლის, სელის, კანაფის, აბრეშუმის დამუშავებასა და ღებვას.

ქსოვილებისა და ძაფების შესაღებად ბუნებრივი საღებავები გამოიყენებოდა, რასაც „ტუტისღებვა“ ეწოდებოდა. დროთა განმავლობაში ღებვის ბუნებრივი ტექნოლოგია მარტივმა მეთოდმა – ბარში ნაყიდმა უკვე შეღებილმა ძაფებმა შეცვალა. ამან ერთგვარი ხიბლიც წაართვა ხალხური რეწვის ტრადიციას, თუმცა ერთობლივად თავშექცევისა და შრომის ეს უწყვეტი ჯაჭვი მხოლოდ ახლაღა ირღვევა, როდესაც არათუ მთაში, არამედ ბარშიც კი აღარავინ რჩება. რთული ეკონომიკური პირობების გამო იალაღებზე ნაქარგების თვეობით გაფენა ყოველდღიური ლუკმაპურის მოპოვებამ ჩაანაცვლა. ერთობლივი რეწვა ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა და ის, რაც უნიკალურია, თაობებს აღარ გადაეცემა.

 


მაღალმთიან აჭარაში ნაქსოვი, ნაქარგი და ხელნაკეთი ნივთების ბევრი ისეთი ექსპონატია შემორჩენილი, რომელიც ორნამენტებით და ძაფის დამუშავების ტექნიკით სრულიად უნიკალურია.
ამ ექსპონატებს პოულობს და აგროვებს სანერგე „გარდენიას” დამფუძნებელი და მფლობელი ზურა შევარდნაძე. „გარდენიაში” ამ ნაქარგებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს: მათ უვლიან, ალამაზებენ და სათუთად ინახავენ. ზურა თავად დადის მაღალმთიან აჭარაში და სათითაოდ არჩევს ამ უნიკალური ხალხური რეწვის ნიმუშებს.

 

 

მთაში ამ ნაქარგ ტილოებს „დაროშკებს“ უწოდებენ. სხვადასხვა ფერისა და ნახატის „დაროშკებს“ სამზითვო სკივრში აწყობდნენ, ოჯახის მიერ გამზითვებულ ქალს სკივრში თეთრეულს, ფარდაგებსა და ხალიჩებს, ასევე სოფლის ქალების მიერ ერთობლივად მოქარგულ მიტკლის ნაჭრებს ულაგებდნენ, რომელსაც პატარძალი ახალ ოჯახში კარადებისა და თაროების მოსართავად, მაგიდის გადასაფარებლად ან ფანჯრების დასამუქებლად იყენებდა.

 

 

ზურა შევარდნაძის კოლექციაში უძველესი ნიმუშები და შედარებით ახალი ნაქარგებიც ინახება. ძველ ნაქარგებს ფერებით და ორნამეტებით გამოარჩევთ, მიტკლის ქსოვილიც უფრო სქელია, ღრმა და გულდასმით ამოკემსილი თვლები ზედმიწევნით ზუსტად არის შესრულებული; რაც უფრო ახალგაზრდავდება ნაქარგები, მით უფრო აჩქარებული ხელი იგრძნობა, თანამედროვეობამ ამ ხელობასაც თავისი დაღი დაასვა: დრო უფრო ნაკლებია, თავშესაქცევი – მეტი.

 

 

ერთ-ერთ მიტკლის ოთხკუთხედ ნაჭერზე ერთი ნახევარი სრულიად ცარიელია, ხოლო მეორე ნახევარზე მინდორი, ფარშავანგები და ერთმანეთში ფერებით გარდამავალი ბუნებაა ამოქარგული. სუფთად დატოვებული ნაწილი ჰაერია, რომელიც ამ ბუნებას ახლავს, – ასე აღწერს ამ ტილოს თავად მქარგავი.

 

 

ოქროს ძაფით ნაქარგ ტილოებს აჭარელი ქალები დამზეებულს უწოდებენ, მზით გამთბარი და გაზავებული სილუეტები ერთ ნახატად იკვრება. წრეზე შემომსხდარი ქალები “ზღვის ქალებსაც” ხატავენ – ხშირ შემთხვევაში მათ უმეტესობას ზღვა ახლოდან არც უნახავს, ეს მათი ფანტაზიის ნაყოფია, ის ჯადოსნური სამყარო, რომელიც მათშია და ყოველდღიურობის მიღმა პარალელურად განაგრძობს არსებობას.

 

 

ეს არის შენახული ისტორია, ტილოზე დაცული ადამიანების მეხსიერება და ფანტაზია, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რაზე ფიქრობდნენ და ოცნებობდნენ ადამიანები მაღალმთიან აჭარაში.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.