fbpx

ინტერიერის მცენარეები – ეკონომიკის ახალი, მზარდი სეგმენტი


გააზიარე სტატია

ეკონომიკის ზრდასთან, ცხოვრების დონის მატებასთან ერთად ჩვენ გარშემო ისეთი სფეროები ჩნდება, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოგვედგინა ან/და დასავლურ ფუფუნებასთან ასოცირდებოდა.

მართალია, ბაზარი ჯერ პატარაა და ადამიანები ვერ ხვდებიან, თუ რატომ უნდა გაამწვანონ საკუთარი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე, მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში ინტერიერის მცენარეების არაერთი მაღაზია გაიხსნა, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა მწვანე სერვისს სთავაზობს.

AT_ წარმოგიდგენთ ინტერიერის მცენარეების მიმართულებით მომუშავე თბილისურ ბიზნესებს:

 

Plant Shop

ნინოშვილის 8, Fabrika / 10:00 – 22:00, ყოველდღე

სერვისები: ინტერიერის და ბაღის მცენარეები, ლანდშაფტის არქიტექტურა, მოვლა, გაქირავება, სამებაღეო პრემიუმ აქსესუარები, კაფე.

პირველი, სრულად ინტერიერის მცენარეებზე ორიენტირებული ეს მაღაზია 2017-ში, ახალ წელს გაიხსნა ნინოშვილზე მდებარე მულტიფუნქციური სივრცის, ფაბრიკის ტერიტორიაზე.

“მთელი ოჯახი ლანდშაფტის არქიტექტორები ვართ, ქალაქისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრება ჩვენი მისწრაფებაა.
ამავდროულად ვხედავდით ქართველ ხალხში ძალიან დიდ დაშორებას მცენარეებთან, ყველაზე მარტივით რომ დავიწყო – უამრავი ადამიანი მცენარეებს დღემდე ყვავილებს ეძახის, ჯერ კიდევ შემორჩენილია მოწყვეტილი ყვავილების და მოჭრილი ხეების ფეტიში, ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს მომჭკნარი დამოკიდებულება და ალტერნატივად ბუნებასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შემოგთავაზოთ.” – გვითხრა Plant Shop-ის დირექტორმა და პარტნიორმა ფარნა მარღანიამ.


“საბოლოოდ მივედით დასკვნამდე, რომ პირველი სწორი ნაბიჯი იქნებოდა მცენარეებთან ცხოვრება ჩვეულებრივი მოვლენა გამხდარიყო. ამისთვის გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ხალხსა და მცენარეებს შორის საკომუნიკაციო წერტილი, სადაც ვასწავლიდით მცენარეებთან ურთიერთობას, გავუზიარებდით ერთმანეთს ამ ჰარმონიულ თანაცხოვრებას, გავწვრთნიდით მებაღეებს მცენარეების სწორად მოვლაში და სადაც გვექნებოდა საგანმანათლებლო ცენტრი. ვთვლი რომ ეს პროცესი უკვე დაძრულია და დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გადასაჭრელი საკითხი და დასახული მიზანი გველოდება.”

გაზაფხულის სეზონზე Plant Shop-ში ბაღის მცენარეებსა და David Austin-ის ბრიტანული ვარდების დეკორატიულ ჯიშებსაც იხილავთ.

 

Greenland

თამარაშვილის 10 / 10:00 – 22:00, ყოველდღე

სერვისები: ინტერიერისა და ექსტერიერის მცენარეები; რულონური გაზონი; სარწყავი სისტემის პროექტირება და მონტაჟი; მცენარეთა მოვლის სამსახური; ლანდშაფტის დიზაინი;

ვერტიკალური გამწვანება(მწვანე კედელი); დეკორატიული ქოთნები;

 

აგროსფეროში 20-წლიანი გამოცდილების ირინე ირემაძემ მცენარეების ეს მაღაზია 2017 წლის ივნისში გახსნა. ინტერიერის ხარისხიანი მცენარეები, სხვა მაღაზიების მსგავსად, ჰოლანდიიდან ჩამოაქვს, ხოლო ბაღის მცენარეებს იტალიელი მომწოდებელი აწვდით.

გარდა ოთახის თუ ბაღის მცენარეებისა, Greenland ვერტიკალური გამწვანების სერვისსაც სთავაზობს მომხმარებელს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

ქალბატონი ირინე სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს და სურს, რომ ოთახის მცენარეები აქ, ადგილობრივ სათბურში  გაზარდოს.

 

Anemone • ანემონე

პოლიტკოვსკაიას 3,  საცხოვრებელი კომპლექსი “შენი სახლი ჯიქიაზე” / 10:00 – 22:00, ყოველდღე

სერვისები: ინტერიერის და ექსტერიერის მცენარეები, მოვლის საშუალებები, დეკორატიული ქოთნები.

ანემონე 2017 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

“მომხმარებელს ინტერიერის და ექსტერიერის მცენარეებს ვთავაზობთ, ასევე ადგილზე მცენარის გადარგვის სერვისიც გვაქვს. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი ფორმის და ფერის ქოთანი, აივნის აქსესუარები, მცენარის მოვლის საშუალებები. ყველაფერს ვთავაზობთ ერთ სივრცეში, რაც საჭიროა მცენარისთვის.”

 

Lalage /ლალაჟ

აღმაშენებლის გამზ. 73, ვარდების ბაღი / 10:00 – 18:00, ყოველდღე ორშაბათის გარდა

სერვისები: ლანდაშაფტის, ბაღების, აივნების დიზაინი და პროექტირება, სამებაღეონმომსახურება

ლალაჟიც 2017 წელს გაიხსნა. ვარდების ბაღის ბუნებრივ სიმწვანეში შეიძლება ვერც შეამჩნიოთ ეს მაღაზია, თუმცა მალევე მიხვდებით, რომ ვიტრინებს შიგნით თუ გარეთ, ჩვეულებრივი ტროპიკული ჯუნგლი გელოდებათ.

მაღაზია ლალაჟში შეიძენთ ექსტერიერის და ინტერიერის მცენარეებს და გამოცდილი მებაღეებისაგან მიიღებთ კონსულტაციას მცენარეების მოვლის შესახებ. 

ყურადღებიანი და პროფესიონალი სტაფი თქვენს მწვანე სურვილებს მალევე დააკმაყოფილებს ინტერიერის ჰოლანდიური, ხარისხიანი მცენარეებით.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.