ფროიდისა და კოკაინის სასიყვარულო ურთიერთობის მოკლე ამბავი


გააზიარე სტატია

ფსიქოანალიზის დამაარსებელმა ზიგმუნდ ფროიდმა ერთხელ განაცხადა, რომ ისტორიაში სამი დიდი მეცნიერული რევოლუცია მოხდა, რომელმაც წარმატებით ჩამოაგდო ადამიანი სამყაროს ცენტრში მდებარე პრივილეგირებულობისა და პატივმოყვარეობის მომგვრელი ქანდარიდან.

ჯერ, მისი თქმით, გამოჩნდა ნიკოლას კოპერნიკი, რომელმაც ყველას დაანახვა, რომ დედამიწა სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთი პატარა, მზის გარშემო მოძრავი ლაქა, რომელიც წარმოუდგენლად დიდ სივრცეში არსებობდა. შემდეგ იყო დარვინი, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანი ღმერთის მიერ შექმნილი უპირატესი არსება კი არ იყო, არამედ მაიმუნებისგან წარმოიშვა, რაც იმას გულისხმობდა, რომ იგი „მასში არსებულ ცხოველურ ბუნებას ვერსად გაექცეოდა.“

და ბოლოს, ამბობდა ფროიდი, „ადამიანის ამბიცია, იყოს გრანდიოზული, ახლა განიცდის მესამე და ყველაზე მტკივნეულ დარტყმას თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევისგან, რომელიც ისწრაფვის, დაუმტკიცოს თითოეულ ჩვენგანში არსებულ „ეგოს“, რომ ის საკუთარ სახლშიც კი არ არის მბრძანებელი; არამედ, იგი მის გონებაში ქვეცნობიერად მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის ნარჩენებით უნდა დაკმაყოფილდეს.“

თუ ეს ყველაფერი იმ კაცის მონაროშს ჰგავს, რომელმაც სულ ახლახან „საწარმოო ზომის“ კოკაინის ზოლიდან შეიყნოსა, ეს ალბათ იმიტომ, რომ ფსიქოანალიზი თავის დაბადებას ამ ნივთიერებაზე ფროიდის ხანგრძლივ დამოკიდებულებას უნდა უმადლოდეს, რომელიც მის დროს სააფთიაქო დახლებზე თავისუფლად იყიდებოდა.  აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კოკაინმა კი არ მოახდინა გავლენა ფსიქოანალიზზე – სიზმრებში „ქვეცნობიერისკენ სამეფო გზის“ აღმოჩენიდან და მასზე დაფუძნებული თერაპიიდან დაწყებული, თავად ინტელექტუალური დისციპლინით დამთავრებული – არამედ ფროიდმაც მოახდინა გავლენა რამდენიმე ნესტოზე, რომელშიც კოკაინი მოხვდა. როგორც წიგნის, „კოკაინი: არასანქცირებული ბიოგრაფია“ ავტორი დომინიკ სთრითფილდი წერს, „თუკი ჩვენ უნდა გამოვყოთ ერთი ადამიანი, რომელიც კოკაინის, როგორც რეკრეაციული ფარმაცევტული საშუალების მზის შუქზე გამოჩენაზეა პასუხისმგებელი, ეს ადამიანი ფროიდია.“

მართალია, კოკას ფოთლების ღეჭვა სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთებში, რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ჩვეულებრივი ამბავი იყო,  ის ამ რეგიონის ფარგლებს დიდად არ გასცდენია. მისი სინთეზირება პირველად მხოლოდ 1855 წელს ფრიდრიხ გაედკემ მოახდინა, რომელმაც ნივთიერებას „ერითროქსილონი“ უწოდა. 1880-იანი წლებისთვის მას უკვე შედარებით იოლად წარმოსათქმელ სახელს, „კოკაინს“ ეძახდნენ. დაიხვეწა მისი გასუფთავების პროცესებიც. მისი მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიები კოკაინს პანაცეად ასაღებდნენ. ფროიდმა ამ გასაოცარი საშუალების შესახებ ჟურნალში, სახელად Therapeutic Gazette შეიტყო, რომელიც პარკ-დევისის მფლობელობაში იყო. პარკ-დევისმა, რომელიც დღეს „ფაიზერის“ ფილიალია, 28 წლის ფროიდი $24-ითაც დააფინანსა, რათა მას მათი პროდუქტი მოეწონებინა. ვენის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიის ახალგაზრდა, ამბიციურ ასისტენტს ნიმუშები სხვა ფარმაცევტულმა კომპანია “მერკმაც” გაუგზავნა. ფროიდი ენთუზიაზმით სავსე ადრეული მომხმარებელი გახდა.

იმ პერიოდში იგი თავისი სახელის დამკვიდრებას ცდილობდა. მას  მცირე წარმატებისთვის უკვე მიეღწია ნერვული ქსოვილის დაჭიმვის მეთოდითა და ნაშრომით, სადაც გველთევზას კვერცხების სავარაუდო მდებარეობაზე მსჯელობდა. ფროიდი ფიქრობდა, რომ კოკა ის ბილეთი იყო, რომელიც მას წარმატების გზაზე წაიყვანდა და თუნდაც ასე სერიოზულ აკადემიურ სამედიცინო სამყაროში გლამურითა და პოპულარობით სარგებლობის საშუალებას მისცემდა. მან პირველი პარტია 1884 წლის აპრილში „ანგელის აფთიაქიდან“ მიიღო და მაშინვე უანგაროდ თვითექსპერიმენტს შეუდგა. ეს ყველაფერი მხოლოდ მეცნიერების სახელით.

ექსპერიმენტების როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ეფექტები იმწამითვე მიმზიდველი აღმოჩნდა. მიმოწერაში ფროიდი აღნიშნავდა, თუ როგორ იღებდა კოკაინს „დეპრესიისა და საჭმლის მონელების პრობლემებთან საბრძოლველად, საოცარი წარმატებით.“ წლის ბოლოსთვის მან ნაშრომი, სახელად Über Coca გამოაქვეყნა, რომელშიც მისი პირველი მიღებისას განცდილ „საუცხოო აღტაცებას“ და „მხიარულებასა და განგრძობად ეიფორიას“ აღწერდა და ასევე მიუთითებდა დაღლილობისა და შიმშილის გრძნობის დამარცხებაზე.

თუმცა, ფროიდი ალბათ მაინცდამაინც მართალი არ იყო, როცა კოკაინის მოხმარების შედეგად ჩვევის ჩამოყალიბების შესახებ ამას წერდა: „უნდა აღინიშნოს – და ეს აღმოვაჩინე როგორც საკუთარ თავში, ისე სხვა დამკვირვებლებშიც, რომლებსაც ამგვარი შეფასების უნარი ჰქონდათ – რომ კოკას პირველი დოზა და არც განმეორებითი დოზები არ წარმოქმნის სტიმულანტის შემდგომი გამოყენების დაუძლეველ სურვილს; პირიქით, ადამიანს მის მიმართ არაკეთილგანწყობის განცდაც ეუფლება.“ ეს ყველაფერი ძალიან განსხვავდება დილის ხუთ საათზე გამწარებულ მდგომარეობაში თეფშების მსხვრევისგან და საკუთარი თავის სიძულვილით სავსე ტექსტური მესიჯებისგან, რაც კოკაინის მარაგის ამოწურვას მოსდევს ხოლმე.

სავარაუდოდ, დამოკიდებულებაზე ექიმის ასეთი წარმოდგენა იმით აიხსნება, რომ მას თავისი უფასო პარტია  ბოლომდე არასოდეს ამოუწურავს. ის ალბათ ნარკოტიკის ზემოქმედებიდან გამოსვლიდან ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო. “თუ ადამიანი კოკას ზემოქმედების ქვეშ ინტენსიურად იმუშავებს, სამი-ხუთი საათის შემდეგ კარგად ყოფნის განწყობა იკლებს და დაღლილობის შეგრძნების გასაქრობად დამატებითი დოზაა საჭირო…“

მალე ფროიდი საცდელ ნიმუშებს სამედიცინო სფეროში თავის მეგობრებსაც უგზავნიდა, უთითებდა რა მის შესაძლო გამოყენებაზე როგორც სამედიცინო სტიმულანტი, ასთმისა და კვებითი აშლილობის წამალი, აფროდიზიაკი (საინტერესოა, სექსუალური ფეტიშიზმისადმი მისი ცნობილი ინტერესი შეყნოსვის შემდეგ ოთხსაათიანი მასტურბაციის მარათონისას თუ ჩამოყალიბდა) და, რაც ყველაზე საგანგაშოა, როგორც მორფიუმსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება. მან კოკაინი თავის ფიზიოლოგ მეგობარს, ერნსტ ფონ ფლაიშლ-მარქსოვს გააცნო, რომელიც მორფიუმს გვამის გაკვეთისას მიღებული ცერა თითის ტრამვით გამოწვეულ ქრონიკულ ტკივილთან საბრძოლველად იყენებდა. მორფიუმზე მისი დამოკიდებულების განეიტრალების ნაცვლად იგი ახლა უკვე ჰეროინზეც დამოკიდებული გახდა. ფლაიშლ-მარქსოვი მალე თავის ჩვევაში თვეში 6000 მარკას ხარჯავდა და შვიდი წლის შემდეგ, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამედიცინო მიზნებისთვის ნივთიერების უფრო სასარგებლო თვისება ფროიდის ოფთალმოლოგმა მეგობარმა კარლ კოლერმა აღმოაჩინა, რომელიც პირველი იყო, ვინც აღნიშნა, რომ მისი გამაშეშებელი ეფექტის წყალობით, კოკაინის გამოყენება თვალის ოპერაციებისას იყო შესაძლებელი, როგორც ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. განსხვავებით ფროიდისგან, კოლერს ნარკოტიკი პირადად არ გაუსინჯავს, რაც ჩვენ იქიდან ვიცით, რომ გამოუყენებელი ნიმუში 1995 წელს მის დოკუმენტებს შორის, კონგრესის ბიბლიოთეკის სამკითხველო ოთახში იპოვეს. ფროიდი ალბათ პაკეტს ბოლომდე ამოასუფთავებდა.

ფროიდის კოლეგები იმდენად ბეჯითად და ფართოდ გახელილი თვალებით ატარებდნენ ექსპერიმენტებს საკუთარ თავებზე ფხვნილოვანი პანაცეათი, რომ უეჭველი იყო, ეს უცნაურ შედეგებს მოიტანდა. და მართლაც, მალე გერმანელმა ოტოლარინგოლოგმა (ყელის, ყურისა და ცხვირის სპეციალისტი), დოქტორ ვილჰელმ ფლისმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სათაურით „კავშირი ცხვირსა და ქალის სექსუალურ ორგანოებს შორის“, რომელშიც იგი წერდა, რომ ცხვირი სხეულის მიკროკოსმოსია და ნებისმიერი ორგანოს დაავადების მკურნალობა ადამიანის ცხვირში მისი შესაბამისი ადგილის პოვნითაა შესაძლებელი. ამ თეორიას ფროიდი ისეთი ენთუზიაზმით მოეკიდა, რომ ცხვირის განსაბლოკად ოპერაციებიც კი დასჭირდა, ისევე როგორც ფლისს.

როდესაც ერთი ქალის ისტერიისგან – ნევროზის ფორმა, რომელიც, როგორც იმ დროს სჯეროდათ, ვაგინასთან იყო კავშირში – განკურნებას ცდილობდნენ, ფროიდმა და ფლისმა ოპერაცია ისე წარუმატებლად ჩაატარეს, რომ კინაღამ შემოაკვდათ პაციენტი, რომელიც მის შემდგომ ნაშრომში – „სიზმრების ახსნა“ უკვდავყოფილია სახელით „ირმა“. ნაწარმოებში ფროიდი არ საუბრობს ოპერაციისას დაშვებულ შეცდომაზე, რისი შედეგიც დღეს შერცხვენა, დაუდევრობის გამო სამედიცინო ლიცენზიის დაკარგვა და, სავარაუდოდ, სარჩელები და ციხეში გატარებული დრო იქნებოდა.

თუმცა, ამის სანაცვლოდ ფროიდი დროს სხვადასხვა თეორიების განვითარებაში ატარებდა, რომლებიც დღეს ფსიქოანალიზის ძირითად პრინციპებს წარმოადგენენ: კონცეპტები, როგორებიცაა იდი, ეგო და სუპერეგო; ლიბიდო, როგორც თავისუფლად მოძრავი სექსუალური ენერგია; ოიდიპოსის კომპლექსი. პარალელურად იგი დიდი რაოდენობით კოკაინს აძლევდა საშუალო კლასის ვენელ ნევროზის მქონე ადამიანებს, რომლებიც მასთან სასაუბროდ მოდიოდნენ, გაუთავებლად, საკუთარი პრობლემების შესახებ, რომლებიც, როგორც ფროიდი ფიქრობდა, მათი მშობლებისა და ბურჟუა ნორმების არასწორად მიღების შედეგი იყო (ბურჟუა ნორმები კი ხელუხლებელი რჩებოდა, რაც ფსიქოანალიზს კაპიტალისტურ დოქტრინას ხდის.).

ფსიქოანალიზი ფრანგმა ფილოსოფოსებმა ჟილ დელეზმა და ფელიქს გვატარიმ გააკრიტიკეს და ფროიდის კარიერის სამი ნაწილი აღწერეს: „კვლევითი, პიონერული, რევოლუციური ელემენტის“ მქონე სურვილის თავისუფალი ფორმა, რომელმაც ლიბიდო აღმოაჩინა; კლასიცისტი, რომელიც ოიდიპოსის მითისა და ქვეცნობიერის დაკავშირებით ოჯახს შიგნით არსებულ ვნებაზე საუბარობს; და ბოლოს, თერაპევტი, რომელმაც „უსასრულო საუბრით მკურნალობის მეთოდი“ გამოიგონა. იგი იყო „ფანტასტიკური კრისტოფერ კოლუმბი, გოეთეს, შექსპირისა და სოფოკლეს ჩინებული ბურჟუა მკითხველი და შენიღბული ალ კაპონე.“

დელეზმა და გვატარიმ არ იცოდნენ, რომ თერაპიის სეანსები, რომელთა დროსაც იგივე სტრუქტურის გამოყენება ხდებოდა, როგორსაც დამოკიდებულების მქონე პაციენტებთან სეანსისას იყენებენ – დამოკიდებულების მქონე საშუალოსტატისტიკური ადამიანის ყბედობისა და ეგოცენტრული მონოლოგების ფესტივალი – სინამდვილეში მართლა კოკაინის მიღების შემდეგ იმართებოდა. ეს ნამდვილად რეკეტი იყო, თანაც უფრო მეტად „ნაიარევი სახის“ მქონე, ვიდრე კაპონე.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზი ჯერ კიდევ პოპულარულია იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სოლიფსისტურ საუბრებში გადასაყრელი ფული აქვთ, ბევრი მას უკვე დისკრედიტირებულ დისციპლინად მიიჩნევს, რომელიც „ფრეიზერის“ შოუში ხუმრობებისთვისღა თუ ვარგა. მისი კრიტიკოსები ფსიქოანალიზს ყოველთვის ფსევდომეცნიერებად მიიჩნევდნენ (თავად ფროიდს იმედი ჰქონდა, რომ მისი ბაროკო თეორეტიკული კონსტრუქტები მოგვიანებით ნეირომეცნიერების მიერ იქნებოდა დამტკიცებული), იქამდეც კი, ვიდრე მისი დამაარსებლის კოკაინთან მეგობრობა – რაც, ზოგის აზრით, დამოკიდებულებაზე მეტად ნივთიერების არასწორად გამოყენება იყო – გამოაშკარავდებოდა. სკეპტიკოსები მის მთავარ ნაწარმოებზე კოკაინის გავლენაზე მიუთითებენ. „სიზმრების ახსნის“ მოდელი, როგორც ჩანს, ნარკოტიკის მიღების შემდეგ დაწყებული თავისუფალი, ასოციაციური აზრების გადმოცემა იყო. „ვხედავ, რომ თოვლის ბაბუა ვარ, სტაფილოს ცხვირით, და ხელუხლებელი თოვლით დაფარულ უსაზღვრო ველზე ვდგავარ. თოვლი უეცრად დნება, ისევე როგორც მე, რა დროსაც ჩემი ცხვირი ძირს ვარდება და ღრმა სიცარიელეს მიტოვებს…“ „ეს უნაყოფობის შიშია: სტაფილო თქვენი პენისია…“

ფროიდის ცელქობა 1896 წელს, მამამისის დაკრძალვის მომდევნო დღეს ერთბაშად დასრულდა. რთულია იმის წარმოდგენა, რომ იგი ამას უბრალო დამთხვევად მიიჩნევდა, თუმცა იმაზე ფიქრი კი საინტერესოა, თუ როგორ განვითარდებოდა ევროპის ინტელექტუალური ისტორია, ფროიდს რომ სხვა, დღეს აკრძალული რეკრეაციული ნარკოტიკებიც გმირულად დაეტესტა.


ავტორი: სკოტ ოლივერი
ორიგინალი: https://vice.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.