Lua – გოგონა გიტარით


გააზიარე სტატია

ცოტა ხნის წინ ქართულ ინსტრუმენტულ სცენაზე ახალი შემსრულებელი გამოჩნდა, Lua – გიტარიანი გოგონა, რომლის სიმღერებიც თან ბევრი სხვა შემსრულებლის მუსიკას გაგონებს, თან „რაღაცნაირად განსაკუთრებულია“. მშვიდი, უბრალო და ადვილად დასამახსოვრებელი.

Lua სასცენო სახელია, გიტარიანი გოგონა ქეთათო ნერგაძეა, რომელიც გლასტონბერის ფესტივალზე დაკვრაზე ოცნებობს და ერთნაირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსიკას და ტექსტს, რომელსაც ქმნის.


 

ვინ არის ლუა და როგორ აღმოჩნდი გიტარით ხელში?

ლუა იღბლიანი პერსონაჟია, რომელსაც უნარი აქვს – სათქმელი თქვას მუსიკით. როცა 14 წლის მოვიყარე, სიმღერის წერის ნიჭი აღმოვაჩინე. პირველი ინსტრუმენტი ყოველ მეორე-ოჯახში-მდგომი პიანინო იყო. დანჯღრეული და ცუდი ჟღერადობა ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველას ჯობდა – მასზე დავწერე ჩემი სადებიუტო სიმღერები. ცოტა ხანში გიტარის ყიდვა გადავწყვიტე, კომფორტული ინსტრუმენტია, წაიღებ სადაც გინდა და დაწერ (სიმღერებს), როცა მოვა მუზა. ჰოდა ვიყიდე.

 

როგორ იქმნება შენი სიმღერები და რა დატვირთვა აქვს ლირიკას შენთვის?

ყველა სიმღერას თავისი ისტორია აქვს, ყველა ისტორიას თავისი სიმღერა ზოგადად, ხან მელოდია მოდის პირველად, ხან ტექსტი, ხან ორივე აგვიანებს, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში – ორივე ერთად, ეგ კი ჩემი საყვარელი მომენტია – ერთ ამოსუნთქვაში რომ იწერება სიმღერა.

შთაგონების (იგივე “ინსპირაცია”) მოსვლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, არ ელოდები და არ იცი, როდის და საიდან, მაგრამ აუცილებლად რომ მოვა. ტექსტი (“ლირიკა”) ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მელოდია – აქ შენს ფიქრებს და ნააზრევს უყრი თავს.

 

საქართველოში, სადაც ელექტრონული მუსიკის ბუმია, უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებიან იმ ტიპის შემსრულებლები, როგორიც შენ ხარ. იყოფა შენთვის მუსიკა ჟანრებად თუ ეს სათქმელის სხვადასხვა გზებია, რომელსაც შემსრულებელი გემოვნების და შესაძლებლობების მიხედვით ირჩევს?  

მუსიკა ნამდვილად იყოფა ჟანრებად, მაგრამ ეგ მხოლოდ კრიტიკოსების საქმეა და არა ჩემი. ყველა მუსიკოსი თუ ხელოვანი პირველ რიგში თავისი სიამოვნებისთვის ქმნის “ნაწარმს”, რასაც მერე აფასოებენ, ამოწმებენ, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ და საბოლოოდ ჩარჩოებში აქცევენ, რასაც ჟანრი ჰქვია, თუმცა ყველა ხელოვანი ინდივიდია და ქმნის ინდივიდუალურ ნაწარმს თუ ნაწარმოებს, სხვა დანარჩენი კი გემოვნებიანი მიმსგავსების საკითხია.

 

როგორ წარმოგიდგენია შენი მუსიკალური ცხოვრების განვითარების იდეალური მოდელი?

იდეალური ცხოვრების მოდელი ასეთია: ინგლისში წასვლა, პირველი ალბომის ჩაწერა, ალბომის პრეზენტაცია, წარმატება, გლასტონბერის ფესტივალი, როკსტარობა, გრემის დაჯილდოება, მადლობა ჩემს მეგობრებს, პროდიუსერს, დედას, მადლობა თქვენ

Image may contain: 1 person, smiling, stripes

 

შეგიძლია შენი რჩეული  ქართველი შემსრულებლები გვირჩიო?

  • soft eject
  • Windshield
  • kordz

 

როგორ შეაფასებდი დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სივრცეს?

დღევანდელი ქართული მუსიკა უცხოურთან შედარებით თითქმის მკვდარია, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება. ასეთ პატარა, გაჭირვებულ და ძალზედ კულტურულ ქვეყანაში „მეინსტრიმული“ მუსიკის კეთება პრობლემებთანაა დაკავშირებული. მოთხოვნის არ არსებობის გამო, ვერ იქმნება მაღალი ხარისხის პროდუქტი, მუსიკოსების 90% ბარებში მუშაობს და არ აქვს მოტივაცია საავტორო მუსიკა შექმნას, რადგან მაგით ფულს ვერ იშოვის.

ასე რომ, დღევანდელ ქართულ მუსიკაში არსებობენ:

–  ბარის Cover ბენდები

– ძველი “შოუ ბიზნესის” წარმომადგენლები

– ის 10%, რომელიც საავტორო მუსიკას ქმნის და ამით აპირებს მოიხვეჭოს მსოფლიო არენაზე თავისი კუთვნილი წარმატება.


მეც ამ 10%-ს მივეკუთნები და საერთოდ ვემიჯნები ხელოვანების გეოგრაფიულ დაყოფას, რადგან ის ყველა ეროვნების ადამიანის სულს სწვდება და თანაბრად აღაფრთოვანებს მათ.

Image may contain: 1 person, sitting and indoor


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.