fbpx

ზაზა ფაჩულია NBA ჩემპიონია – ზედიზედ მეორედ!


გააზიარე სტატია

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი


დილას, ასე 7 საათზე გაღვიძებულ ხალხს საინტერესო სურათი დახვდათ: ოკეანეთში საქართველომ ტონგა დაამარცხა 15:16 და ოჰაიოში კი ზაზას “გოლდენ სტეიტმა” დასკვნით საფინალო მატჩში “კლივლენდ კავალიერსს” ზედ გადაურბინა, ანგარიშით 85-108. ფინალური სერია გოლდენმა ერთი ამოსუნთქვით, 4-0 მოიგო და ლებრონ ჯეიმსს მორიგი სიბერის ფინალი გაუმწარა.

ახლა იმ სიტყვებს დავწერ, რომელიც სპორტული ფანტასტიკის ჟანრად ჩაითვლებოდა ასე 15 წლის წინ, თუმცა დღეს ჭეშმარიტებაა: ზაზა ფაჩულია მეორედ ზედიზედ გახდა NBA ჩემპიონი! ორი ბეჭედი ოკლენდში გატარებულ ორ წელში!

ზაზას ამ ფინალურ სერიაში თამაშის დრო თითქმის არ მისცემია. მისი საერთო მონაგარია: 5 წუთი, 8 ქულა, 1 ბლოკი, ექვსიდან ექვსი საჯარიმო.


ჩვენთვის, რიგითი ფანებისთვის, გულდასაწყვეტია რეგულარულის შემდეგ მისი გადანაცვლება სკამზე, თუმცა, როგორც მწვრთნელი სტივ კერი ამბობს, ეს უბრალოდ იმის ბრალია, რომ ფლეი-ოფის თითქმის ყველა გუნდი პატარა, მობილური კალათბურთელებით დაკომპლექტებული ხუთეულით თამაშობს, სადაც მძიმე, კლასიკურ ცენტრფორვარდს ადგილი არა აქვს. თუ მოწინააღმდეგე პატარა ხუთეულით გეთამაშება, შენც პატარა ხუთეულით უნდა ეთამაშო, რადგან სხვა შემთხვევაში სისწრაფეში ვერ აჰყვები და სამიანებით დაგასამარებენ.

“ზაზასთვის სათამაშო დრო ფინალებში თითქმის არ მიმიცია, თუმცა ეს მასზე არ მოქმედებს, ბოლომდე იხარჯება ვარჯიშზე. როგორც ნამდვილი მწვრთნელი, ახალგაზრდა მოთამაშეებს დაუღლელად უზიარებს ცოდნას და გამოცდილებას. ის ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელია ჩვენი გუნდისთვის!” – თქვა მწვრთნელმა სტივ კერმა, ჩიკაგოს ლეგენდარულმა მეექვსე კაცმა მეოთხე თამაშის წინ ინტერვიუში.

ფინალური სერიის ბოლო თამაში, მაპატიეთ და, უინტერესო იყო. კლივლენდს პირველი მეოთხედის მერე დაეტყო, რომ გატეხილები ჩანდნენ და  სჯეროდათ, 3-0 ანგარიშის მერე არაფრის მომტრიალებლები არ იყვნენ, თუნდაც იმ ღმერთკაცის გათვალისწინებით, რომელიც წეღან ვახსენეთ და რომელსაც ბოლო ოთხიდან სამი ფინალი მოუგო გოლდენმა.



37 ქულა გააკეთა სტეფ ქარიმ, ვინაც წინა თამაში ჩააგდო, დურანტმა კი მშვენიერი სამმაგი დუბლით დაასრულა სერია, რასაც დამსახურებული ფინალების mvp-ს (ყველაზე სასარგებლო მოთამაშის) ტიტული მოჰყვა. ცოტა უხერხულია გამარჯვების აღნიშვნა სტუმრად, სადაც ყველას სძულხარ, რადგან ეს-ესაა მათი იმედი დაასამარე, მაგრამ ბიჭებმა მაინც შამპანურებით იწუწავეს გასახდელში.

ზაზა ორგზის ჩემპიონია, ხალხნო! ესაა ის შედეგი, რომლის დევნაში უამრავი ვარსკვლავი ისე გადავიდა დიდების დარბაზში, რომ ვერაფერი ქნეს. ჩარლზ ბარკლი, პატრიკ იუინგი, ჯონ სტოქტონი, კარლ მელოუნი, რეჯი მილერი, ალენ აივერსონი, ტი მაკი და კიდევ ბევრი სხვა უბეჭდოდ წავიდა, ჩვენს კაპიტანს კი ორი აქვს.



ესაა ძალიან ლოგიკური ბედნიერი დასასრული უაღრესად გრძელი და შრომატევადი გზის, რომლის განმავლობაშიც ზაზა ფაჩულიამ უამრავი ლიტრი ოფლი დაღვარა, უამრავი ბრძოლა და გამოცდა გამოიარა. ზაზა არის იმედი ყველა ახალგაზრდა კალათბურთელისთვის, რომელმაც ახლა უკვე ნამდვილად შეიგნო, რომ შრომით  ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

ზაზა არის ჩვენი სიამაყე, პირველი ქართველი, რომელიც ენბიეის ჩემპიონი გახდა და თანაც ორჯერ. ზაზა არის ადამიანი, რომელსაც ნაკრებში ჩამოსვლა და უამრავი მილის გადმოფრენა არასოდეს დაზარებია. ზაზა არის ჩვენი არაოფიციალური ელჩი ამერიკაში, სადაც შანსს ხელიდან არ უშვებს, რომ საქართველოზე არ ისაუბროს და საუკეთესოდ არ წარმოაჩინოს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ფაჩულია კიდევ ერთ წელს დარჩება “გოლდენ სტეიტში” და მესამე ბეჭედზე იბრძოლებს. სამი ბეჭედი კი იმდენია, რამდენიც იმ არაჩვეულებრივ ადამიანს აქვს ოჰაიოს შტატიდან.

ზაზა, შენ ეს ყველაფერი ნამდვილად დაიმსახურე, გილოცავთ მე, at.ge და ქართველი ხალხი!




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.