fbpx

იერუსალიმის „უძრავი კიბე“ – მაცხოვრის აღდგომის ტაძრის ცოცხალი ლეგენდა


გააზიარე სტატია

ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიის კედელზე ძველი კიბეა მიყუდებული. ნივთი, რომელსაც „უძრავი კიბის“ სახელით იცნობენ, უკვე რამდენიმე ასეული წელიწადია თითქმის უცვლელ პოზიციაშია, რადგან მეტოქე საეკლესიო დენომინაციები ვერ თანხმდებიან, თუ რა მოუხერხონ მას. კიბე იმიტომაა ცნობილი, რომ ის იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დგას.

დანამდვილებით არავინ იცის, თუ როგორ გაჩნდა ან ვინ მიიტანა კიბე ეკლესიაში, თუმცა, სავარაუდოა, რომ მას სარემონტო სამუშაოებისას იყენებდნენ. იგი სხვადასხვა ნახატებსა და ცნობებში ჯერ კიდევ 1700-იანი წლების დასაწყისში ფიგურირებს.

კიბეს ეკლესიის უძველეს, 1850-იან წლებში გადაღებულ ფოტოებშიც ვხვდებით. მას შემდეგ ის არავის გამოუყენებია.

უძრავი კიბე მაცხოვრის აღდგომის ტაძარზე, იერუსალიმის ძველ ქალაქში

ოსმალეთის იმპერიის სულთნის ადრეული, 1850-იანი წლებით დათარიღებული ედიქტი ადგენდა, რომ მაცხოვრის აღდგომის ტაძარი საბერძნეთის მართლმადიდებლური, რომაული კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიების საზიარო მფლობელობაში უნდა ყოფილიყო.

სამ სხვა ეკლესიას – კოპტურ, სირიულ და ეთიოპიურ მართლმადიდებლურ ეკლესიებს – ასევე მიეცა შენობის გარკვეული ნაწილების გამოყენების უფლება. ეს იყო კომპრომისი ყველა იმ დენომინაციის მიმართ, რომელიც ეკლესიაზე პრეტენზიას აცხადებდა.

ეს ედიქტი „სტატუს-კვო შეთანხმების“ სახელით გახდა ცნობილი. შედეგად, კიბეც „უძრავი“ გახდა, რადგან მისი გადატანისთვის ექვსივე ეკლესიის თანხმობა იყო საჭირო.

იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძრის ბიზანტიური ფასადი და უძრავი კიბე

იმაზე შეთანხმება, თუ ვის მფლობელობაში უნდა გადავიდეს კიბე, ვერ მოხდა და, ამგვარად, ამქვეყნიური, საერო ნივთი ქრისტიანობის შიგნით არსებული დაყოფების სიმბოლო გახდა.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ქრისტიანული დენომინაციების უმეტესობისათვის ძალზედ ძვირფასია. იგი წმინდა ადგილადაა მიჩნეული, სადაც იესო ქრისტეს სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა მოხდა.

გადმოცემის მიხედვით, როდესაც რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა მიიღო, მან დედამისი წმ. ელენე (იხსენიება როგორც: მოციქულთა სწორი, დედოფალი, წმ, ელენე) იერუსალიმში იესოს საფლავის საძიებლად გაგზავნა. წმ. ელენემ (ან დედოფალმა ელენემ)  არა მხოლოდ ეს ადგილი, არამედ ის „ჭეშმარიტი ჯვარიც“ იპოვა, რომელზეც იესოს ჯვარცმა მოხდა.

უძრავი კიბე, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი

ამის შემდეგ კონსტანტინემ იმ ადგილას ეკლესიის აგება ბრძანა, რომელმაც იქ არსებული კერპთაყვანისმცემლების ტაძარი ჩაანაცვლა. მშენებლობა დაახლოებით 335 წელს დასრულდა.

პილიგრიმები ეკლესიის მოსალოცად მე-4 საუკუნიდან მოყოლებული მოგზაურობენ. მათი და ტურისტების დიდი რაოდენობა სალოცავს დღესაც სტუმრობს.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, იერუსალიმის ქრისტიანული კვარტალი, ისრაელი: „უძრავი კიბე“ 1854 წლის შემდეგ უცვლელ პოზიციაშია; ექვსი ეკუმენური ქრისტიანული გაერთიანების არცერთ სასულიერო პირს არ შეუძლია გადააადგილოს, ახლებურად განალაგოს ან გადააკეთოს რაიმე ნივთი ექვსივე ეკლესიის თანხმობის გარეშე. ფოტო: მ. ტორესი

მაცხოვრის აღდგომის ტაძრის თავდაპირველმა ნაგებობამ ბევრი ცვლილება განიცადა. იგი 614 წელს სპარსელებმა დაწვეს, თუმცა 10 წლის შემდეგ ის ისევ აღადგინეს.

XI საუკუნეში ისლამურმა ხალიფამ ეკლესია დაანგრია, მაგრამ მოგვიანებით ის ჯვაროსნებმა ხელახლა ააგეს.

მიუხედავად ხშირი შეკეთებისა და რეკონსტრუქციისა, ეკლესიის ამჟამინდელი გარეგნობა 1800-იანი წლების დასაწყისით თარიღდება.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, იერუსალიმი, ისრაელი

„სტატუს-კვო შეთანხმების” შემდეგ რელიგიურ გაერთიანებებს შორის, ერთი შეხედვით, მშვიდობა დამყარდა. თუმცა, დროდადრო კამათსა და ძალადობასაც ჰქონდა ადგილი.

2002 წელს მომხდარი დავის მიზეზი კოპტური ეკლესიის ბერის გადაწყვეტილება იყო, თავისი სკამი ეთიოპიური მართლმადიდებლური ეკლესიის სივრცეში ოდნავ გადაეწია. ჩხუბის დასრულების შემდეგ თერთმეტი ადამიანის საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.

მაცხოვრის აღდგომის ტაძრის უძრავი კიბე კედრის ხისგანაა დამზადებული და მე-18 საუკუნის შემდეგ ადგილი არ შეუცვლია. ის იქვე დარჩება მანამ, სანამ კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები ეკუმენურ მდგომარეობას (ერთიანობას) არ მიაღწევენ.

2008 წელს სომეხ და ბერძენ ბერებს შორის ხელჩართული ჩხუბის გამო  პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფის გამოძახება გახდა საჭირო.

მიუხედავად ყველაფრისა, უძრავი კიბე მთლად უძრავიც არ ყოფილა. მე-20 საუკუნეში ის ორჯერ წაიღეს, რაც, სავარაუდოდ, ერთგვარი ოინი იყო, თუმცა პოლიციამ მალევე იპოვა და თავის ადგილას დააბრუნა.

უძრავი კიბე – სტატუს-კვო კიბე – ხის კიბეა, რომელიც ისრაელში, იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძრის ფანჯრის ქვეშ, ფასადზეა მიყუდებული

2009 წელს ყველა ეკლესია შეთანხმდა, რომ კიბისთვის დროებით ადგილი მოენაცვლებინათ, რათა ფანჯარასთან შენობის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარაჩო დამონტაჟებულიყო.

მე-19 საუკუნის ფოტო, რომელზეც მაცხოვრის აღდგომის ტაძართან (იერუსალიმი, ისრაელი) შეკრებილი ხალხია გამოსახული. ლეგენდის მიხედვით, რომანული/ბაროკო ეკლესია, რომელიც იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში მდებარეობს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, იესო ქრისტეს საფლავზეა აგებული.

კიბესთან დაკავშირებულ დავაში თავად რომის პაპიც კი ჩაერთო. პავლე VI-მ, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 1960-70-იან წლებში ხელმძღვანელობდა, საკითხი მართლმადიდებლურ და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის 1054 წელს მომხდარ ისტორიულ განხეთქილებას დაუკავშირა და გამოსცა მითითება, რომ კიბე მანამდე არ გადაეტანათ, სანამ მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები არ გაერთიანდებოდნენ.

უძრავი კიბე. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, იერუსალიმი, ისრაელი

ქრისტიანულ დენომინაციებს შორის არსებული დაძაბულობის გამო, ისტორიულად, მაცხოვრის აღდგომის ტაძრის გასაღები მუსლიმ ოჯახს აქვს ჩაბარებული. ის თაობიდან თაობას გადაეცემა.

იერუსალიმი, ისრაელი, 2015 წლის 22 ოქტომბერი. ტურისტთა ჯგუფი ქრისტიანულ კვარტალში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძრის წინ

ყოველ დილით ოჯახის წევრი ნეიტრალურობის ნიშნად ეკლესიის კარს ყველა დენომინაციისთვის აღებს.

ამრიგად, „სტატუს-კვო შეთანხმება“ ისტორიულ ნაგებობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უცვლელია. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში არც უძრავი კიბის მდებარეობა შეიცვლება.


ავტორი: მარკ შიფერი
წყარო: https://thevintagenews.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.