fbpx

Objectnews – სამკაულების ექსპერიმენტული მაღაზია


გააზიარე სტატია


ყოფილხართ ისეთ მაღაზიაში, სადაც ვერ მიხვდებით, რომ მაღაზიაში ხართ და არ ჩანს გასაყიდი ნივთები?

გაქვთ სამკაული, რომელიც ამბავს ყვება და ეს ამბავი განსხვავდება იმის მიხედვით, ვინ ატარებს სამკაულს და რანაირი ამბები მოსწონს?


გინახავთ ყუთი, რომელშიც თავმოყრილია სიტყვები და გეომეტრია, სიზმარში ნანახი ფიგურები, წრე და კვადრატი, მინიმალიზმი და ამბის თხრობა, თილისმები და სხეულის თითქოს დაკარგული ნაწილები?

სავარაუდოდ – არა.

მაგრამ ეს ყველაფერი მარტივად არის შესაძლებელი, თუკი Objectnews-ის მომხმარებლები გახდებით.

ON  დიზაინერ თამარ ხოშტარიას და არტისტების, მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძის კოლაბორაციაა.

რა არის Objectnews, საიდან გაჩნდა იდეა და რა ტიპის ამბებს ყვებით სამკაულებით?

ObjectNews მაღაზია-ექსპერიმენტია. სასტუმრო “სტამბის” ფოიეში, თაროებში ინტეგრირებული ყუთები სამკაულის მაღაზიაა. მაღაზიის გიდი მნახველთან ერთად უჯრების გახსნას იწყებს და თითოეული კოლექციის ამბავს მოუთხრობს.

ON სამკაულით მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი. ყუთში დამალული ვერცხლის ნაკეთებობი სხვადასხვაგვარ ფიქრს, სიზმარს თუ კანონზომიერებას აერთიანებს.

 

როგორ იპოვეთ  ერთმანეთი და როგორ ფიქრობ, რა აერთიანებს თქვენს სამკაულებს?

იდეა თანამშრომლობის სურვილით გაჩნდა. თამარ ხოშტარიას იდეა იყო ახალი ფორმის მაღაზიის გაკეთება – საიდუმლო მაღაზიის – შედიხარ და არაფერი  ჩანს, სამკაული საცავებში დევს და მნახველმა თვითონ უნდა აღმოაჩინოს. მაღაზია, სადაც უნდა აღმოაჩინო, გამოიცნო.

 

გადავწყვიტეთ პირველი ამ ტიპის მაღაზია-ყუთი ყოფილიყო, რომელიც სასტუმროს მისაღებში დაიდებდა ბინას. მაღაზიის ფორმა სეიფის, საცავის, საგანძურის ფორმას იმეორებს, სადაც ორი, შინაარსით და ფორმით ერთმანეთისგან განსხვავებული სამკაულია თავმოყრილი.

 

რას იპოვის ადამიანი სამკაულების ყუთებში?

ხოშტრიკა კონსტრუქციებზე მუშაობს, რომელიც მარტივი ფორმებით იწყობა. ჩვენი სამკაული ჩვენივე ნამუშევრების გაგრძელებაა – ნამუშევრების, რომელთა ტარებაც შეიძლება.

 

ფორმითაც და შინაარსითაც ორივეს სამკაული ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომაც ყუთები უფრო მრავალფეროვანია.

ხოშტრიკას ნამუშევრები მარტივი ფორმების და კონსტრუქციების სინთეზით სხვადასხვა მეტალში შექმნილი სამკაულია. გეომეტრიული სამკაული, ადამიანის სხეულს მორგებული სხვადასხვა ფორმა, მფლობელს იმ ნაწილს მატებს, რომელიც თითქოს აქამდე დაკარგული ჰქონდა ან ვერ აცნობიერებდა. სამკაული – როგორც ობიექტი, ცოცხლდება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი მის ტარებას იწყებს, ხოშტრიკას სამკაულის მთავარი იდეა სწორედ ეს კოლაბორაციაა – დიზაინერსა და მფლობელს შორის.

 

 

მინიმალიზმის და მდიდარი კავკასიური ოქრომჭედლობის მეხსიერების შერწყმით, სწორი ხაზები ვერცხლსა და სხვადასხვა მეტალებში ახალ, ადამიანს მორგებულ საკრალურ გეომეტრიას ქმნის.

 

მარიამის და დეთუსთვის სამკაულის შექნმა სიტყვებით დაიწყო. “საშინაო დავალება“ მათი ტექსტზე დაფუძნებული სახელოვნებო პროექტია, რომლის კეთებაც 2015 წელს დაიწყეს. სიტყვები, რომლებიც არ იხატება – თამაშად გადააქციეს და სხვადასხვა სივრცეში გადაწერეს.

 

 

სიტყვა ვერცხლია, დუმილი ოქრო – სიტყვების გასამკაულების შთაგონება გახდა. სიტყვების სამკაულად გარდაქმნა, საჯარო თუ კერძო სივრცეში გამოფენილი ნამუშევრების გაგრძელებაა, რაც  მათი ტარების შესაძლებლობას იძლევა.

 

მარიამის და დეთუს სამკაული ხშირად ამბის თხრობაზეა აწყობილი  – ვერცხლის სამკაულად, თილისმად გადაქცეული სიზმრები და ზღაპრებია. სამკაულით ამბის თხრობა, ზღაპრის მოყოლაა შემდეგი დღის გასაგრძელებლად. ზღაპრის, რომელიც თილისმად, მცველად, მესაიდუმლედ იქცევა და მომავლის, ბედისწერის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.