ვიდეორეფერი: ნუ გეშინიათ ტექნოლოგიების


გააზიარე სტატია

 

რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი შვილი ტაქსით ვმგზავრობდით. გზაში ჭკუას ვარიგებდი,  მეთქი, შვილო, ტელევიზორი იმიტომ გადავაგდეთ ოთხი წლის წინ, რომ ნაგვით არ გაგვსებოდა ეგ თავი, შენ კი მაინც ვანოს შოუდან ამბობ ციტატებს… იცოდე, დაგიბლოკავ იუთუბისაც და საერთოდ კომპიუტერსაც მოვისვრი, თუ აზზე არ მოხვალ. მართლა გაბრაზებული ვიყავი და ცხადია, ეს ტაქსისტმაც შენიშნა. გადაწყვიტა ჩემი შვილი ისე დაეცვა და გაემხნევებინა, რომ მეც არაფერი მწყენოდა და ასეთი რამ თქვა: „მულწიკებს უყურე, შვილო!“ მერე მე გადმომხედა და ძაან უშუალოდ მითხრა: „პატარაა, გაიზრდება და მიხვდება, რომ არაფერი არ ყრია მაგ ინტერნეტში.“

ადამიანებს, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიების და ზოგადად სიახლეების ეშინიათ, თქვენი არ ვიცი და მე ბავშვობიდან ვაწყდები. ისინი ამბობდნენ:

ვიდეომაგნიტოფონზე: რა კინო შვილო, წადი წიგნი წაიკითხე.

ვოქმენზე: რა გიკეთია ეს ყურებზე, მოაშორე აქედან.

ქინდლზე: წიგნი თუ არ გადაფურცლე, რა აზრი აქვს კითხვას!

მობილურზე: სახლში ვერ დაგირეკავენ, ქუჩა-ქუჩა რო არ ილაპარაკო?

ფლეისთეიშენზე: რაში კარგავ დროს, დაგადებილებს.

აიდი ბარათზე: მხეცის ნიშანია, არ აიღო.

და ასე – დაუსრულებლად.

ბოლო პერიოდში კიდევ ერთი ფობია გაჩნდა, რაც ძირითადად ფეხბურთის გულშემატკივრებშია გავრცელებული. მას იწვევს ფეხბურთში უკვე მასობრივად დამკვიდრებული ვიდეორეფერის სისტემა. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ასაკოვან რეტროგრადებს არ ეხებათ. ამ ფობიას ებრძვის ბევრი ახალგაზრდაც, რომელსაც რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოსწონს ვიდეორეფერი.

ვიდეორეფერი არის ვიდეორეფერი. მეტი არაფერი. და ის აზღვევს იმ რეფერის, რომელიც მოედანზე დარბის. ასევე, მაყურებელს და გულშემატკივარს აზღვევს უსამართლო შედეგისგან. მსგავსი სისტემა მოქმედებს ბევრ სპორტში, მათ შორის – რაგბიში და ჩოგბურთში და დიდი ხანია უკვე სპორტის ეს სახეობები დაცლილია მსაჯებსა და სპორტსმენებს შორის უაზრო კამათისგან. ერთი სიტყვით, ვიდეორეფერი ძალიან სასარგებლო რამეა და მან სულზე მოუსწრო ამ მუნდიალს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ იმად მაინც ღირს, ერი რომ ორად არ იყოფა დადებული ან არდადებული პენალტის გამო. ახლა ზუსტად ვიცით, იყო თუ არა პენალტი. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე შეგვეძლო გვცოდნოდა.

გარდა ამისა, ვიდეორეფერიმ გამოავლინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც 21-ე საუკუნის ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა – მსაჯობა. რაც უფრო იზრდება ტემპი, და ტემპი ფეხბურთში ყოველწლიურად იზრდება, მით უფრო ხშირია მსაჯების შეცდომები. შესაბამისად, წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება თამაშები, რომლებზეც გავლენას ახდენს მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებები. ეს კი პირველ რიგში ფეხბურთს აზიანებს. VAR (Video assistant referre) და GLT (Goal line technology) ფეხბურთში გაზრდის სამართლიანი შედეგების ალბათობას (ჩვენში რო სამართლიანობის აღდგენას უწოდებენ) და ასევე გაზრდის მის ხარისხსაც. მაგალითად, არ გადაშენდება, მაგრამ მინიმუმამდე შემცირდება სამარცხვინო სიმულაციები საჯარიმოში. აღარ ჩაითვლება ოფსაიდიდან გატანილი გოლები, რომლებიც ლაინსმენებს იმიტომ კი არ გამოეპარათ, რომ ეძინათ, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია ასეთ მაღალ ტემპში ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღო. ბევრი ის პრობლემა, რომელიც ფეხბურთში დღეს არსებობს, უბრალოდ გადაშენდება, ფიზიკურად ვერ იქნება მათი ადგილი სპორტის ამ სახეობაში. ერთი სიტყვით, აღარ იარსებებს გესლი, შური, ბოღმა და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება თელაველები და გურჯაანელებიც შერიგდნენ.

მოკლედ, დიდი ხანია ფეხბურთში ასეთი პროგრესული ნაბიჯები არ გადადგმულა და ახლა მთავარია, მაყურებელი დაეწიოს ამ პროგრესს და ახსოვდეს, რომ გოლი, რომელიც მისმა საყვარელმა გუნდა შეაგდო და მთელი ერთი წუთი აღნიშნავდა, შეიძლება სულაც არ ჩაითვალოს. ასე რომ, თუ აქამდე აშვებული ემოციები იყო გულშემატკივრის მთავარი უნარი, ახლა მისი კონტროლი მოუწევს, რომ სადმე რამე მძიმე შეტევა არ მიიღოს.  


რეკომენდირებული სტატიები
სპონსორი კორპორაციები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში

სპონსორი კორპორაციები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში

სპონსორი კორპორაციები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში
როცა სპორტულ ღონისძიებას თვალს ასობით მილიონი ადამიანი ადევნებს, ყოველთვის საინტერესოა ვინ არიან ამ გლობალური გართობის სპონსორები, როგორია მათი კორპორატიული იმიჯი და პოლიტიკა
სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?
გთავაზობთ თბილისში არსებულ რამდენიმე სივრცეს, სადაც სასიამოვნო გარემოში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.