ძველი უცხოელი მოგზაურები თბილისის შესახებ


გააზიარე სტატია

„თბილისი ისეთი ქალაქია, სადაც ადამიანმა შეიძლება იცხოვროს ისე, რომ სევდა არ ტანჯავდეს.“ –  ჯონ ოლივერ უორდროპი

თანამედროვე სამყაროში ამა თუ იმ ქალაქისა და ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის აქტიურად გამოიყენება მოგზაურების ბლოგები და სტატიები, რომლებიც პირად გამოცდილებას ეფუძნება და მოგზაურებისთვის ახალი აღმოჩენების ბიძგი ხდება ხოლმე.

 

რა ხდებოდა მანამ, სანამ ტურიზმი მასობრივი გახდებოდა და ინტერნეტი გაჩნდებოდა? რას წერდნენ მოგზაურები საქართველოს შესახებ და როგორი იყო თბილისი საუკუნეების წინ აქ ჩამოსული უცხოელების თვალით?

 

გადავწყვიტეთ ძველ ნაწერებში შეგვეხედა და ძველი თბილისის “ფოტორობოტი” შეგვექმნა, რომელსაც ერთი მხრივ, ბევრი რამ აერთიანებს თანამედროვე თბილისთან, მეორე მხრივ კი ქმნის წარმოდგენას იმ დაკარგულ ქალაქზე, რომელსაც თავისი შარმი და ხასიათი ჰქონდა.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ფრანგი მოგზაური და ვაჭარი გამბა ჟაკ ფრანსუა, რომელიც 1820-24 წლებში თბილისში საქართველოს კონსული იყო, თავის ნაშრომში წერს, რომ თბილისს ორ ნაწილად ყოფდა მდინარე მტკვარი, რომლის მარჯვენა მხარესაც ძველი ქალაქი და გოგირდოვანი აბანოები იყო, მარცხენა მხარეს კი ავლაბრისა და ისნის გარეუბნები და გერმანელებით დასახლებული სოფელი. ჟაკ ფრანსუა ამბობს, რომ სწორედ გერმანელები  ამარაგებდნენ ქალაქს  მწვანილით, კარაქით, ღორის ხორცითა და შაშხით და  „მათ უნდა უმადლოდეს საქართველო კარტოფილის გაშენებასო“.  ხიდი, რომელიც  ქალაქის ამ ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა, ნგრევის პირას ყოფილა ამ დროისთვის.

 

აქლემებისა და ცხენების განუწყვეტელი შემოსვლა ქალაქში და მათი აქედან გასვლა… სხვადასხვა შორეული ქვეყნებიდან შემოსული საქონლის ტრანსპორტი − ყოველივე ეს განსაკუთრებულ იერს აძლევს და სიცოცხლით ავსებს ამ თავისებურ სასტუმროებს (ქარვასლებს), სადაც ესოდენ განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები, თითქოს ერთ რაღაც თემში გაერთიანებულნი ცხოვრობენ… სამივე ქარვასლა შუა ბაზარშია განლაგებული. ბაზარი მრავალ ქუჩად და მოედნად იყოფა და მუდამ სავსეა მოსეირნეებით. “

თბილისის ბაზარი როგორც ჩანს, მართლაც შთამბეჭდავი იყო, ვინაიდან მას არაერთი მოგზაური საგანგებოდ აღნიშნავს თავის ნაწერებში. მაგალითად, ფრანგი ოფიცერი შარლ დეგრელ დე ფუა, რომელიც თბილისში გენერალ ტოტლებენის ჯართან ერთად შემოვიდა, წერს, რომ ამ ქალაქის ბაზარი საკმაოდ დიდია. აქ ხშირად მოდიან ქარავნები სპარსეთიდან და ეს არის თითქმის მთელი აღებ-მიცემობა, რომელიც აქ ხორციელდება“.

File:German engraving of Tbilisi, 19th century.jpg

ფოტო: თბილისი, მე-19 საუკუნის გერმანული გრავიურა

თბილისური ბაზრით აღფრთოვანებას ვერ მალავდა ვერც რუსეთის დიპლომატიური აგენტი ნიკოლოზ იაზიკოვი, რომელიც 1770  წელს გამოაგზავნეს მეფის რუსეთიდან საქართველოში გენერალ ტოტლებენსა და ქართველ მეფეებს შორის კონფლიქტის შესასწავლად.

ვაჭრობენ აზიურ საქონელს − ფარჩას, თავთას, ტყავეულს, აგრეთვე რუსეთიდან შემოზიდულ საქონელს… ბევრია ყოველგვარი ხელოსანი და ყოველი სახის ხელოსნობას აქვს ცალკე უბანი… ქალაქგარეთ მრავალი ხეხილის ბაღია, სადაც ხარობს ვაზი, ნუში, ლეღვი, ბროწეული, ატამი, შავქლიავი, ვაშლი და ბევრი სხვა“, – წერდა იგი მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს.

თბილისის ბაზარს ქალაქის ყველაზე ლამაზ ადგილს უწოდებდა იტალიელი კათოლიკე მისიონერი დიონიჯო კარლი და პიაჩენცა, რომელიც თბილისში 1681 წელს ჩამოვიდა. “ქალაქის ყველაზე ლამაზი ადგილი ბაზარია. სურსათ-სანოვაგე აქ ძალიან იაფია… “– წერდა იგი.

მოგზაურების ყურადღებას იქცევდა თბილისური წისქვილებიც. არაბი გეოგრაფი და მოგზაური იბნ ჰაუკალი ამბობს, რომ ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში მტკვარზე მცურავი წისქვილები იყო განთავსებული:  “თბილისში მცურავი წისქვილებია, რომლებიც ფქვავენ ხორბალს. თბილისში უცხოელთათვის უშიშროება და სტუმართმოყვარეობა სუფევს. აქ ყველას, მათთან შემთხვევით მოსულსაც კი მეგობრულად ექცევიან, ვისაც კი ოდნავი გულისხმიერება ან ცოდნა აქვს მეცნიერებისა“.

გარდა ინფრასტრუქტურისა, საინტერესოა ძველი თბილისის ცხოვრების სტილიც.

Image result

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

გერმანელი მოგზაური კარლ ჰაინრიხ ემილ კოხი მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში წერდა, რომ თბილისში აღმოსავლური და ევროპული ხასიათი ერთად გვხვდება და აღნიშნავს აქაურ გიმნაზიას. თბილისში დიდი ხანია არსებობს გიმნაზია, რომელიც, რასაკვირველია, გერმანულს ვერ შეედრება, მაგრამ საფრანგეთის ზოგიერთ მსგავს სკოლებთან უპირატესობაც კი აქვს, ვინაიდან მეტისმეტად ფორმალურ სწავლებაზე ნაწილობრივ უარი თქვეს“.

მეცხრამეტე საუკუნის თბილისს პარიზს ადარებდა ფრანგი მოგზაური ემილ ლევიეც.  მაღლიდან ქალაქი საღამოს ჟამს მშვენიერი სანახავია, ასე მგონია, ეიფელის კოშკიდან გადავცქერი გაჩირაღდნებულს პარიჟსა-მეთქი… ევროპული სიცხოველე და მოძრაობა ტფილისს არ აკლია. ქუჩაში ათასნაირი ხალხი ირევა, რომელთა შორის გაარჩევთ რუსის ოფიცრებს, გლეხებს, ქალებს პარიჟის უკანასკნელ მოდაზე მორთულთ და სხვა… “

 

თბილისელების ჩაცმულობას და ქალაქის აურას მოუხიბლავს ამერიკელი ნობელიანტი მწერალი ჯონ სტეინბეკიც, რომელიც საქართველოს ორჯერ სტუმრობდა (1947 და 1963 წლებში).  „ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ სუფთა ქალაქია თბილისი. ეს გახლავთ პირველი სუფთა ქალაქი იმ აღმოსავლურ ქალაქთაგან, რომლებიც კი მინახავს. ქალაქმა ფრიად მოგვხიბლა და ძალზე ადრე ვიღვიძებდით, რაც შეიძლება მეტის ნახვა რომ მოგვესწრო… თბილისის ქუჩები განიერი და ჩრდილიანია. მრავალი შენობა გამოირჩევა ძალზე თანამედროვე იერით… თბილისის მკვიდრნი უკეთესად არიან ჩაცმულნი, უკეთესად გამოიყურებიან და უფრო გალაღებულნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც რუსეთში შეგვხვედრია,“ – წერდა იგი “რუსულ დღიურებში”.

მეათე საუკუნის უცნობი ავტორი კი წერდა, რომ  თბილისში “მდინარე ისე ახლო ჩაუდის ციხეს, რომ რასაც კი მცირე კარიდან გადაყრიან და გადააგდებენ, პირდაპირ მდინარეში ცვივა.”

 

მოგზაურთა  ჩანაწერები საქართველოზე საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ იქ ვხვდებით ისეთი პრობლემების აღწერას, რაც დღემდე სახასიათოა თბილისისთვის. მაგალითად, გერმანელი მოგზაური ანტონ იოჰან გიოლდენშტედტი, რომელიც საქართველოში 1771-72 წლებში იმყოფებოდა, წერს, რომ თბილისში არ არსებობდა სანიაღვრეები. ფრანგი ბოტანიკოსი ჟოზეფ ტურნეფორი კი, რომელიც თბილისში 1701 წელს იმყოფებოდა, უხეიროდ მოკირწყლულ ქუჩებზე აკეთებდა აქცენტს. ეს კი მისი დახატული თბილისია:

File:General view of Tiflis. Engraved by Tournefort in 1701.jpg

 


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.