fbpx

ფეხბურთი და შეთქმულებები


გააზიარე სტატია

ავტორი: სანდრო ნავერიანი

 

1993 წლის 23 დეკემბერს, საშობაო წვეულებაზე, თეთრ სახლში მიწვეულნი იყვნენ ამერიკაში აკრედიტებული ელჩები, მათ შორის იყო კოლუმბიის ელჩი გაბრიელ სილვა ლუხანი. ლუხანი საკმაოდ მხიარულად გრძნობდა თავს, როცა სთხოვეს ოვალურ კაბინეტში შეხვედროდა პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს. რამდენიმე წუთში ლუხანი ოვალურ კაბინეტში რბილ სავარძელში იჯდა. მასთან ერთად ოთახში იმყოფებოდნენ მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი, არჩეული პრეზიდენტი ბილ კლინტონი, სიაიეის და ეფბიაის შეფები და კოლუმბიის და ამერიკის საფეხბურთო ნაკრებების მთავარი მწვრთნელები.

ამ დღეს ოვალურ კაბინეტში შედგა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარული შეთანხმება ფეხბურთის ისტორიაში – ამერიკის მოქმედმა და არჩეულმა პრეზიდენტებმა, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა აიძულეს ლუხანი და ფრანსისკო მატურანა, კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელი, რომ 1994 წლის მუნდიალზე კოლუმბიას ამერიკასთან წაეგო. დაუჯერებელია, მაგრამ ყველაფერი ასე დაიწყო:

როგორც მოგეხსენებათ, 1994 წელს მუნდიალი აშშ-ში გაიმართა. ეს ამბავი კაი ხნით ადრე იყო ცნობილი, ასე რომ მთელი ამერიკა ემზადებოდა ამ ერთი თვისთვის. თუმცა, ყველაფერი ვერ გათვალეს და კოლუმბიურ ნარკო კარტელთან ბრძოლა საკუთარ ქალაქებში მოუწიათ. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, დაიხარჯა უზარმაზარი რესურსი და რაც ყველაზე მტკივნეული იყო, შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ერთი სიტყვით, ამერიკის მთავრობა გამოცხადებულ ომში იყო ჩართული და ის ეომებოდა ერთ ადამიანს, პაბლო ესკობარს.

1993 წლის პირველ დეკემბერს ესკობარი 44 წლის გახდა. ის მედელინის ფაველებში თავის ერთგულ სიკარიოსთან, ლიმონთან ერთად იმალებოდა. დაბადების დღე მოკრძალებულად, მარტომ აღნიშნა. მეორე დღეს კი დემონსტრაციულად მოკლეს.

ცხადია, ესკობართან ბრძოლაში ყველაზე მეტად კოლუმბია და კოლუმბიელი ხალხი დაზარალდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, დაზარალდა ამერიკული მხარეც. და ეს ზარალი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ამერიკულ მხარეს ჰქონდა უსამართლობის ძლიერი განცდა და ნებისმიერ ფასად უნდოდა მიეღო საფასური ასეთი მსხვერპლის გაღებისთვის.

უფრო კონკრეტულად, ამერიკელებს დასამტკიცებელი ჰქონდათ როგორც მსოფლიოსთვის, პირველ რიგში კი საკუთარი ხალხისთვის, რომ ასეთ დანაკარგს არავის და არასდროს აპატიებდნენ. ესკობარზე შურისძიება საფეხბურთო მატჩში კოლუმბიელების წაგებით გადაწყვიტეს. თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო უბრალო წაგება. ეს უნდა ყოფილიყო ისეთი წაგება, რომელიც ესკობარების გვარის აბსოლუტურ დისკრედიტირებას გამოიწვევდა. ამერიკელებს სურდათ, რომ გვარი ესკობარი არათუ კოლუმბიაში, მთელ ლათინურ სამყაროში ყოფილიყო სირცხვილთან ასოცირებული. მათი მიზანი იყო, რომ ყველა ესკობარს გადაეკეთებინა გვარი. ოპერაციას სლოგანიც კი ჰქონდა – „კოლუმბია ესკობარების გარეშე.“

ამ გეგმის განსახორციელებლად სიაიეის დირექტორმა ჯეიმს ვულსიმ იდეალური გზა გამოძებნა. კოლუმბიის ნაკრებში იმ დროს თამაშობდა ანდრეს ესკობარი. ძალიან კარგი მცველი, რომელიც ფორმის პიკში იყო. გეგმის თანახმად, ანდრეს ესკობარს საკუთარ კარში უნდა გაეტანა გოლი და ამით ესკობარებისთვის კიდევ ერთხელ უნდა მოეცხო ჩირქი, რის შემდეგაც მთელი კოლუმბია შეიძულებდა ესკობარებს.

ამერიკამ და კოლუმბიამ ერთმანეთთან 1994 წლის 22 ივნისს ითამაშეს. და კი, ის თამაში ამერიკელებმა მოიგეს და კი – იმ თამაშში ანდრეს ესკობარმა თავის კარში შეაგდო.  ამერიკა მერვედფინალში გავიდა. კოლუმბია სახლში დაბრუნდა. 1994 წლის 2 ივლისს კი ანდრეს ესკობარი მედელინში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მკვლელმა, ნარკოკარტელის სიკარიომ, უმბერტო მუნიოსა კასტრომ ესკობარს ექვსი ტყვია ესროლა და ყოველი გასროლის შემდეგ ყვიროდა: „გოოოლ!“

ესკობარი ერთ საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი ესკობარი, ორივე მედელინელი და ორივე იქვე მოკლული.

ამ ამბის შესახებ არავინ არაფერი იცის, რადგან ამ ამბავს არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ეს მე მოვიგონე. მოვიგონე მას შემდეგ, რაც პორტუგალიის კარში ირანს პენალტი დაუნიშნეს, კონსპირაციულ სამყაროში კი ეგრევე ატყდა ამბავი, რომ აი, რას ჩალიჩობენ ეს ჩათლახები, უნდათ, რომ რუსეთს რაც შეიძლება სუსტი მეტოქე შეხვდეს მერვედფინალში და ეგეთები.

ცხადია, გაყიდული თამაშები არსებობს, მოსყიდული მსაჯებიც და ახვარი ფეხბურთელებიც. ცხადია, ტოტალიზატორები ახდენენ გავლენას მატჩების შედეგზე და ეს არ არის ვარაუდი, რომ სადღაც რაღაც ხდება, ამის ფაქტები არსებობს უახლოეს წარსულში. ამის ფაქტები არსებობს ჩვენ სამშობლოშიც. ყველგან ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ეს არის ერთადერთი თვისება, რომელიც საზოგადოების ორგანიზების ყველა ფორმას ახასიათებს. მაგრამ, უნდა ეცადოთ შექმნათ მოცემულობა, სადაც საუდის არაბეთი მსხვილი დიამეტრის ნავთობსადენით ვერ იყიდის ეგვიპტისგან გამარჯვებას. სადაც საფრანგეთმა და დანიამ წინასწარ არ შეათანხმეს ფრე. სადაც გერმანიის წაგება დიდი გეოპოლიტიკური გეგმების ნაწილი არ არის. სადაც არგენტინას არ უწვება ნიგერია და ასე შემდეგ. დატოვეთ სივრცე თქვენი ქვეყნისთვის, რომელიც ადრე თუ გვიან მოხვდება მუნდიალზე და მოგიწევთ მისი გულშემატკივრობა წმინდა სპორტული ინტერესით. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკურ ფილტრში გატარებული სპექტაკლი შეგრჩებათ, რასაც ისედაც ყოველდღე ხედავთ ლუწ და კენტ საათებში.

საშინელებაა უყურებდე ფეხბურთს, რომელსაც გჯერა, რომ სპორტული მხარე არ აქვს. თუ მაინც და მაინც სპორტული ინტერესისგან დაცლილი ესთეტიკა გინდათ, გაცილებით უკეთესი სანახაობებიც არსებობს, ვიდრე ერთ ბურთს ადევნებული 22 მამრი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.