fbpx

ახალი დრამის ფესტივალი


გააზიარე სტატია

1-10 ივლისს თბილისში, დიღომში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მე-5 პავილიონში  „ახალი დრამის ფესტივალი“ გაიმართება. ჩვენი ქალაქისთვის თეატრალური ფესტივალები უცხო არ არის. უკვე მრავალი წელია, რაც თბილისში ორი დიდი თეატრალური ფესტივალი იმართება, მაგრამ „ახალი დრამის ფესტივალი“ რაღაც განსხვავებულს გვთავაზობს.

ფესტივალის კურატორი სოფო კილასონია ღონისძიების მანიფესტში წერს, რომ „ახალი დრამის ფესტივალი“ არის პლატფორმა დრამატული და პერფორმატიული ხელოვნების შეხვედრისთვის, საქართველოში მცხოვრები ხელოვანებისთვის ახლებური, ექსპერიმენტული გამოცდილებების შესაძენად. ალბათ ზუსტად ამაში მდგომარეობს ახალი პროექტის მთავარი მახასიათებელი და ის, რითაც სხვა ფესტივალებისგან განსხვავდება. თუმცა, უფრო მეტის გასაგებად AT.ge სოფო კილასონიას ესაუბრა.

 

AT_: ვინ არიან ორგანიზატორები და ვის ეკუთვნის  ფესტივალის დაარსების იდეა?

სოფო კილასონია: ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორი მე ვარ, თუმცა იდეა პროექტად იქცა იმ ხელოვანებთან თანამშრომლობით, რომლებიც წელს ამ ფესტივალში მონაწილეობენ. ამიტომაც, მგონია, რომ გარკვეულწილად ისინი არიან პროექტის თანაორგანიზატორებიც და თანადამფუძნებლებიც. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი ფესტივალია. ჩვენი. ვინმესი არა. არც რომელიმე ერთის. და ჩვენ ალბათ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, რომ სამომავლოდ ფესტივალი გახდეს ღია  ბევრად მეტი ავტორისთვის და მეტ რესურსს მოვუყაროთ თავი, რომ სხვა ავტორები გავაძლიეროთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის გუნდური მუშაობა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია!  საქართველოში დამოუკიდებელი, აქტუალური კონტექსტის და ექსპერიმენტული ენის არაკომერციული სახელოვნებო პროცესის წამოწყება უკიდურესად რთულია, იმიტომ რომ ის არ არის კულტურის რეალური სტრატეგიის  პრიორიტეტი. შესაბამისად, შეუძლებელი იქნებოდა ეს პროექტი, რომ არა ავტორების და მონაწილეების თანამოაზრეობა და ენთუზიაზმი. ჩვენი ფესტივალის დაფინანსება შეესაბამება სარეპერტუარო თეატრის წამყვანი რეჟისორის ერთი დადგმის ბიუჯეტის მეოთხედს. მაგრამ ის, რაც ამ პროექტის უნიკალური ძალაა, ვერ გამოისახება ვერანაირ დაფინანსებაში. ეს ძალა ამ ავტორების გამოცდილებასა და ხედვაში მდგომარეობს.

 

საქართველოში უკვე არსებობს ორი, წარმატებული თეატრალური ფესტივალი.  რამ გამოიწვია ახალი ფესტივალის დაფუძნების იდეა?

საქართველოში არსებულ ორ თეატრალურ ფესტივალსა და „ახალი დრამის ფესტივალს”  – თითქმის არაფერი აქვთ საერთო. 1. ეს ფესტივალები ეპატიჟებიან საქართველოში უცხოელებს. ნამდვილი ზეიმია ჩვენთვის მათი აქ ხილვა. 2. ამ ფესტივალებს აქვთ დიდი ბიუჯეტი.  3. ეს ფესტივალები თანამშრომლობენ თეატრებთან. იყენებენ ამ სცენებს და მათ სხვადასხვა ტიპის რესურსებს.

„ახალი დრამის ფესტივალი“ ეს არ არის ფესტივალი-ზეიმი. ეს არის ფესტივალი კვლევა, შრომა, სიახლეების ძიება, ექსპერიმენტის რისკი. ამ ფესტივალის  პროგრამაც წარმოადგენს აქ და ახლა, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი, საქართველოში მცხოვრები ხელოვანების ახალი ნაწარმოებების ჩვენებას დამოუკიდებელ  სივრცეში, რომელსაც ვქირაობთ.

ამას გარდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ფესტივალის ფარგლებში მოხდეს ისეთი ავტორების ჩართვა, რომლებსაც არასდროს უთანამშრომლიათ ერთად, ან დრამატული ხელოვნების სფეროში. შესაბამისად, ახალ ავტორებს ვეძებთ, რამაც უნდა გაამდიდროს, გააცოცხლოს, გაამრავალფეროვნოს ეს სფერო იდეურად და შემოქმედებითად. ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული. იმიტომ, რომ საქართველოში ერთმანეთს არ იცნობენ მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები. ამიტომაც მუდმივად თანამშრომლობის ერთი და იგივე სქემებს ვხედავთ, რაც იწვევს ერთფეროვნებას, ან იწვევს კლაუსტროფობიულ შემოქმედებით სოციუმებს.

 

არის თუ არა ფესტივალი საერთაშორისო?

საერთაშორისოობა არ არის ჩვენი მიზანი. ამ ეტაზე მაინც. ზედაპირული მიდგომა მგონია, როცა ადგილობრივი პროცესი და სფერო ვერ ვითარდება და თვალი გვიჭირავს ამ სტატუსზე. საერთაშორისო უნდა გახდე მაშინ, როცა დიალოგი სხვასთან აუცილებელი ხდება და სათქმელიცა  და გასაზიარებელიც გაქვს სხვა კულტურის წარმომადგენელთან.

ფესტივალს ჰყავს პარტნიორი, პოლონეთის ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი. მოხდა ისე, რომ თავად გვიპოვეს. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ერთი მხრივ, პოლონურ სახელოვნებო პროცესს იკვლევს  და ამავდროულად ადგენს სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერის სტრატეგიას. მიცკევიჩის ცენტრის წარმომადგენლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი პროექტი, ისინი ამ პროექტში ხედავენ თანამშრომლობის პოტენციალს. ვნახოთ.

ამჯერად  ადამ მიცკევიჩის ინტიტუტის  წარმომადგენლები ერთ-ერთ დღეს გამართავენ დისკუსიას პოლონური თეატრის რეფორმებისა და წარმატების შესახებ. ეს თემა ვარჩიეთ, რომ პოლონური თეატრის განვითარების კონტექსტში ჩვენი თავი დავინახოთ.  

 

 

რამდენი ქართული დასი მონაწილეობს ფესტივალში?

დასები არ მონაწილეობენ. მონაწილეობენ არტისტები. ავტორები. ავტორებმა შეარჩიეს თავისი ტექსტისა  და პერფორმანსისთვის სხვა მონაწილეები და სხვა ავტორები.

 

ვისი მხარდაჭერით ჩატარდება ფესტივალი?

ფესტივალი  ნაწილობრივ დააფინანსა ქალაქ თბილისის მერიამ. მერიის მხრიდან ძალიან ამბიციური და მნიშვნელოვანი განაცხადია თანამედროვე ხელოვნების და კონკრეტულად ექსპერიმენტის წახალისება.  ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიო თავისუფლება და არტარეა.

 

რომელიმე კონკრეტული თეატრი თუ არის  ფესტივალის მასპინძელი?

თეატრი არა, მაგრამ გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს თბილისის თეატრალურ ფესტივალთან და კონკრეტულად ეკა მაზმიშვილთან. სავარაუდოდ, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის პროგრამაში.

 

მოიცავს თუ არა ფესტივალი თბილისის გარდა სხვა ქალაქებს?

ჩვენი პერფორმანსების სხვა ქალაქებში ჩვენება ძალიან მნიშველოვანია. ვფიქრობთ ამაზე. ცხადია, საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. როცა არ წარმოადგენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას, ყველაფრის თანხა ცალკე უნდა მოიძიო. სკამის, მაგალითად, ან საწვავის. შესაბამისად, დამაჯერებელი პასუხი არ მაქვს. მაქვს მხოლოდ სურვილი და ვაპირებ ამ მიმართულებით მუშაობას.

 

იქნება თუ არა ფესტივალი ყოველწლიური?

აუცილებლად. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს პროექტი უალტერნატივოდ მნიშვნელოვანს ისახავს მიზნად – განვითარებას. ეს სიტყვა ხშირად გვესმის და გაცვეთილია. ამორფულიც. სინამდვილეში ნამდვილი განვითარება ძალიან მკაფიო კომპონენტების თანხვედრას გულისხმობს. თამამი კვლევისა და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის ფარგლებში ახლის შექმნას. ზუსტად ასეთი განვითარებაა ჩვენი ამოცანაც და კონცეფციაც.

თუ რამე აკლია ჩვენს არტისტულ პროცესს, ზუსტად ასეთ განვითარებაზე ორიენტირებული პროცესებია. იმდენად რთულია საქართველოში სახელოვნებო სივრცეში ყოფნა, იდეალიზმად და დიად ექსპერიმენტად იქცა ხელოვნებაცა და განვითარებაც. მაგრამ  ეს ექსპერიმენტი მაინც აუცილებლად გაგრძელდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.