გულრიფშის უნიკალურ სასახლეს 2 კვირის წინ განაჩენი გამოუტანეს


გააზიარე სტატია

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის კაბინეტმა 15 ივნისის სხდომაზე განიხილა გულრიფშში მდებარე ყოფილი ლენინის სახელობის პანსიონატის შენობების სახელმწიფო ბალანსიდან მოხსნის საკითხი.

შესაბამისად, 1900-1913 წლებში აშენებული ეს უნიკალური არქიტექტურული კომპლექსი უახლოეს მომავალში მთლიანად იმ მოროდიორების ხელში გადავა, რომლებიც სასახლეს, აქამდე მალულად, აგურ-აგურ შლიდნენ. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ვერ უზრუნველყო ამ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და აფხაზეთის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლის ბედი შენობის მძარცველებს გადააბარა.

გულრიფშის პანსიონატი მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსმა ბიზნესმენმა და მეცენატმა, თავადმა ნიკოლაი სმეცკოიმ მოსკოველ არქიტექტორს – ივან კუზნეცოვს ააშენებინა.


თავადი სმეცკოი და არქიტექტორი კუზნეცოვი

სანაპიროდან 120 მეტრის სიმაღლეზე მდებარე პანსიონატის ყველა ფანჯარა ხედით ზღვაზე გადიოდა იმისთვის, რომ პაციენტებს მზის აბაზანების მიღება პირდაპირ ოთახებში შესძლებოდათ.


ზოგადად, სმეცკოის სანატორიუმი იმ დროისთვის უჩვეულო კომფორტითა და ფუფუნებით გამოირჩეოდა: კომპლექსში ფუნქციონირებდა ელეტრობა და წყალგაყვანილობა, სატელეფონო და საფოსტო კავშირი, სამრეცხაო, პირველი ლიფტი აფხაზეთში და რაც მთავარია – სასადილო, რომელშიც პორციები არ იყო ნორმირებული – ეს ყველაფერი კი პაციენტების გამოჯანმრთელებაზე დადებით გავლენას ახდენდა.

სმეცკოის სასახლესთან დაკავშირებით არსებობს რომანტიკული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მეცენატმა სანატორიუმი თავისი ცოლისთვის ააშენა, რომელსაც ტუბერკულოზის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ლეგენდის მიხედვით, სანატორიუმის შენობას იმიტომ ჰქონდა 365 ოთახი, რომ სმეცკოის მეუღლე ყოველდღე ახალ – ბაქტერიებით დაუბინძურებელ ოთახში გაჩერებულიყო.

აფხაზეთის ომის პერიოდში კომპლექსი პრაქტიკულად არ დაზიანებულა, თუმცა ომის შემდგომ წლებში შენობების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბუნებრივი ლპობის გარდა, მისი სტრუქტურის დეგრადაციას ხელი მძარცველებმაც შეუწყეს, რომლებიც გულრიფშის სანატორიუმს საშენ მასალებად ნელ-ნელა შლიდნენ.


სმეცკოის სასახლე დღესაც მომაჯადოვებელი სანახავია, თუმცა რამდენ ხანს იარსებებს ის სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერის შემდეგ – რთული სათქმელია.


ფოტოები: http://apsnylife.ru


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.