დემნა გვაერთიანებს


გააზიარე სტატია


ავტორი: სალომე დადუნაშვილი
ფოტოკოლაჟები: nssmag.com

32 გრადუსი პარიზში ბევრია, ძალიან ბევრი…  კიდევ ერთი ორი დანაყოფიც თერმომეტრის ღერძზე და „კანიკუულ“,  შესძახებენ ფრანგები – ანუ ვიწვითო. აწრიალდებიან სიცხისგან გათანგული პენსიონერები. შეშფოთდება მედია, დაიწყება რეპორტაჟები ზღვის სანაპიროდან და „პარი პლაჟიდან“. აბა როგორ ხართო? ხომ არ გცხელათო?

ცხელოდა პარიზში, ცხელოდა  „პერიფერიკის“ ბეტონის სარტყელის ქვეშ. ეს ესტაკადა, ქამარივით რომ  შემოჭერია ქალაქს, ვერაფერს ხედავს, გარდა მანქანების უწყვეტი რიგისა. 3 დღის წინ მან ვარსკვლავური წამები კი არა,  საათები გამოსტყუა განგებას, ენდი უორჰოლის არ იყოს, მიიღო დიდების 15 წუთი.

და ყველაფერი ეს ერთი პატარა, ზღვისპირა ქალაქიდან გამოქცეული, ალბათ ძალიან შეშინებული  ბიჭის გამო.

რამდენიმე საათით პარიზის გარეუბანში დროისა და სივრცის ქსოვილი დაირღვა.  აფხაზეთი, „პერიფერიკის“ ბეტონის ესტაკადა, სოხუმი და პარიზი ერთმანეთს უხილავი ძაფებით გადაება.  

თუმცა რატომ უხილავი, ძალიანაც ხილული, დანასავით მჭრელი სიტყვებით, რომლებიც სვირინგივით  დაიტანა მაისურებზე დემნა გვასალიამ და ქართველი, „ჩვეულებრივი“ ბიჭებისა და გოგოების ტანზე „ვეტმონი“ უცებ „ტანსაცმელად“ აქცია.

ჩვენებამდე სტუმრებმა „ლებენსქუხენის“ ფორმის  მოსაწვევები მიიღეს. ადგილზე მისულებმა კი თეთრნაჭერგადაფარებული პოდიუმის გარშემო შემოწყობილი თეთრივე პლასტმასის სკამები იხილეს. არ ვიცი რა იფიქრეს მოდის კრიტიკოსებმა, შესაძლოა არაფერი, მაგრამ  ეს პოდიუმი ტკივილამდე მაგონებს საქართველოს რომელიმე რეგიონში გაშლილ საქორწილო მაგიდების მწკრივს. პლასტმასის, თითქოს 90-იანების სიმბოლოდ ქცეულ სკამებსაც მოუძებნა სენტიმენტი ჩემმა სულმა. ქორწილია, ქორწიილიიი!!!

ვეტმონი  სულ არღვევდა ტაბუს, ფეხებზე ეკიდა მოდის ეტიკეტი, მოკლედ, ყველას წარმატებით უშლიდა ნერვებს. თითქოს სხვა სამყაროდან იყო ეს ტანსაცმელი, სამყაროდან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ავენიუ მონტელის ბრწყინვალებასთან. მოდის ტრადიციულ ჩვენებასთან, სადაც ზეციური სილამაზის ქალები ფეხების, კისრებისა  და ქუსლების მიუწვდომელი სიმაღლიდან დაგვყურებენ და კიდევ უფრო მიუწვდომელი სამოსის დემონსტრაციას ახდენენ.

ვეტმონის ჩვენებებზე თითქოს გარეუბნის ხმაური, ბებიის სკივრის სუნი და მეორადი მაღაზიების ტანსაცმლის მთები ვიბრირებდა პოდიუმზე. პოდიუმზე გამოსული ადამიანებიც ისეთი ნამდვილები იყვნენ, თითქოს გუშინ გვენახა ქუჩაში, დისკოთეკაზე ან ბაზრობაზე.

მართლაც ჯერჯერობით არავის  ეყო გამბედაობა DHL-ის მაისური წარმატებით მიეყიდა მოდის სამყაროსთვის,  მის თვითღირებულებაზე 100-ჯერ ძვირად. დემნა გვასალიამ გაბედა და შეძლო. მისი მოტივაცია შემიძლია მხოლოდ გამოვიცნო, მაგრამ ბოლო ჩვენების შემდეგ მგონია, თითქოს გვასალია ნელ-ნელა, ფრთხილად, მაგრამ მიზანდასახულად უტრიალებდა ბავშვობის ტრავმებს, ტკივილს. ამისთვის სჭირდებოდა ეს ანატომიური თეატრი, რომლის მაყურებლადაც მთელი მსოფლიო გახადა. წარსულის ასეთი გაშიშვლება, მისი ხატებების „მოდად“ გადაქცევა – თითქმის საშიშია. რადგან ჩვენც ჩვენი მოგონებები გვაქვს, რომლებიც ხშირად ძალიან ემთხვევა დემნასას.

და აი, აქ გაჩნდა პირველად შიშნარევი ამოძახილი: მგონი დაგვცინის! ჩვენ თუ ყველას? რას ყიდის? საბჭოთა წარსულს? ის ხომ ჩვენიცაა, მაგრამ გვასალისგან განსხვავებით მისი წარმატებული კომერციალიზაცია ვერავინ შეძლო.    

სიტუაციის ორაზროვნება  და გარკვეულწილად აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ ბოლომდე, ტკივილამდე, სისხლამდე და ხორცამდე, ბავშვობის მოგონებამდე და სულის ყველაზე ბნელ კუნჭულებამდე, დემნას მიერ ტანსაცმელზე „ამოკაწრული“ , „ცუდი“ თუ სენტიმენტალური სიტყვების მნიშვნელობა მხოლოდ 2 ქვეყანაში ესმით ისე, როგორც არსად. ესმით იმდენად კარგად, რომ შეუძლებელია გააგრძელონ ოთახში სპილოს „არდანახვა“.

დემნამ თავისი შიშების, ბავშვური ტრავმისა და მოგონებების უფსკრულს ჩახედა თვალებში და ალბათ უფსკრულმაც ჩაიხედა მის სულში.   

I am Georgian and my country is occupied by Russia  რომ დაეწერა მაისურზე, ალბათ დაბნეულობა ესოდენ დიდი არ იქნებოდა. ნაწილს გაუხარდებოდა, ნაწილი აღშფოთდებოდა და მორჩა. ზოგისთვის გვასალია გმირი გახდებოდა – ზოგისთვის უმადური ბიჭი, რომელიც „отвечает неблагодарностью на любовь и ласку”.

მაგრამ არა, დემნამ უკაცრიელ კუნძულზე დარჩენილი მეზღვაურივით, თითქოს გადარჩენისთვის ბრძოლის  ყველა დღე ამოკაწრა კლდეზე, მერე კი ეს ნაკაწრები 21-ე საუკუნის ქართულ, რუსულ, აფხაზურ მანიფესტად აქცია.

იყო კიდეც უკაცრიელ კუნძულზე ალბათ მაშინ, როცა თბილისის ერთ-ერთ ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურისთვის უცხოურ მასალას თარგმნიდა.  უმრავლესობამ არც კი იცოდა ალბათ, ლტოლვილი რომ იყო ეს ჩუმი, ძალიან ზრდილობიანი ბიჭი.

„ნუ იყენებს სიღარიბის თემას!“ – მოითხოვენ მემარცხენეები,  „ფუ, რა სიახინჯეა, ამაში ფულს როგორ მივცემ!“ – აიბზუებს ცხვირს ობივატელი , „ბაზარი დაარეგულირებს!“ – იტყვიან – მემარჯვენეები, „ვაიმეე, როგორ მინდა, აი ის, ყვითელიიი!“ – გადაატრიალებენ თვალებს ფეშენისტები, „სამაგიეროდ გაყიდვები აქვს კარგი!“ – დაასკვნიან ისინი, ვისაც საერთოდ არაფერი ესმის. მოკლედ, ყველა რაღაცას იტყვის,  გაბრაზდება, აღშფოთდება გადაირევა ან დაწერს რამე ბრძნულს, ჩემი არ იყოს.

მოკლედ, დემნა გვაღიზიანებს და მაშასადამე გვაერთიანებს.

ეს ძალიან კარგია, რადგან  ვბრაზობთ, ესე იგი ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და  ჯერ კიდევ გვახსოვს.

გვახსოვს აფხაზეთი.


რეკომენდირებული სტატიები
დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი
თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ქართველის ,დემნა გვასალიას Vetements-ის მორიგი ჩვენება, თუ პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი?! ვეტმო აქვეყნებს app-ს, რომელიც მსოფლიოს საქართველოს უახლეს ისტორიას აცნობს.
„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში
8 ივნისს ციურიხის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში ანდრო ვეკუას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.