1001-ე იმედგაცრუება


გააზიარე სტატია

Image may contain: people sitting, table and indoor

ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი

 

1952 წლის 29 აგვისტოს პიანისტმა დევიდ ტიუდორმა პირველად შეასრულა ჯონ კეიჯის 4’33’’. მომდევნო წლებში ეს კომპოზიცია სხვადასხვა სახელოვან საკონცერტო დარბაზშიც გამეორდა და ადამიანებს კიდევ და კიდევ აფიქრებდა პირობითობის იდეაზე, არა მხოლოდ მუსიკალურ კონტექსტში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ვისაც პირველად გესმით ამ ნაწარმოების შესახებ, არ იღელვოთ, რამდენადაც მასში „მოსასმენი“ არაფერია: 4’33’’ აბსოლუტურად აჩუმებს ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტს და მსმენელს მხოლოდ შემთხვევით, არაპროგნოზირებად „ხმაურს“ სთავაზობს. ამით ის, დევიდ მიტჩელის ფრაზასაც ეხმიანება:


“მე მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ საზღვარი აჟღერებულ ბგერასა და ხმაურს შორის შეთანხმების საგანია. ზოგადად, ყველანაირი საზღვარი შეთანხმების საგანია, რომელიც უნდა გადავლახოთ […]“


4’33’’-ის შესრულებებში საინტერესოა ფორმალური გარემო, რომელიც ექვემდებარება კლასიკური მუსიკის საპრეზენტაციო ფორმატს: ორკესტრი და დირიჟორი მობილიზებულია, განათება და სასცენო დადგმა – ორგანიზებული, საზოგადოება – გაჩუმებული. ყველა იცავს კლასიკურ მუსიკასთან ზიარების ფორმალურ წესს, მაშინაც კი, როდესაც იდეა-მუსიკა აღარ არსებობს.

ბუნებრივია, კეიჯის ექსპერიმენტი, როგორც ფილოსოფიური განაცხადი, 1952 წლამდეც და მის შემდგომაც განსხვავებული ფორმებით ითარგმნა ხელოვნების სხვადასხვა დარგში და მათ მიღმა. 66 წლის შემდეგ, ვფიქრობ, სწორედ ლია ბაგრატიონის „1001-ე რაუნდში“ გამეორდა 4’33’’-ის უნიკალური ინვარიანტი, ვიზუალური ხელოვნების კონტექსტში.

Image may contain: outdoor

Dédicace Gallery-იმ ლია ბაგრატიონის შოუს 20 ივნისს უმასპინძლა. წარმოდგენის შესახებ ხმა, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად სოციალურ ქსელში გავრცელდა. არც ისინი დარჩენილან ინფორმაციულ ვაკუუმში, ვინც ინტერნეტსივრცეში პასიურია.  მიუხედავად სიცხის, და კულტურის ყველაზე დიდი „კონკურენტის“ – სპორტის (თბილისის ქუჩებში, თითქოს რაღაც ცაითგაისთი დადიოდა და ხალხს აფრთხილებდა: 30 კალენდარული დღე ჩემია – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ამ პერიოდში თქვენი საფიქრალი სამყაროს ავიწყდებაო), თბილისი დაირაზმა ხელოვნების სანახავად.

Image may contain: one or more people, people standing, crowd and outdoor

Image may contain: one or more people, people standing and indoor

Image may contain: indoor

ქუჩის მხრიდან ადიხარ გალერეის ტერასაზე, სადაც გულმხურვალედ ესალმები ჯერ კიდევ შორიდან დანახულ ნაცნობებს, იქვეა ღვინოც… და, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც არ გაინტერესებს, შედიხარ საგამოფენო სივრცეში, რომლის მაგივრადაც ხვდები გალერეის შიდა ეზოსთან დამაკავშირებელ დერეფანში.

Image may contain: indoor

Image may contain: 2 people, indoor

Image may contain: one or more people and indoor

Image may contain: one or more people, people standing and indoor

ამ დერეფნის გავლას რამდენიმე წამი სჭირდება და ამასობაში იმედს იტოვებ, რომ იქნებ ამის მერე ნახო რამე. სამი საფეხურის ავლის შემდეგ, გადიხარ გარეთ, სადაც, ისევ, ქუჩის ტერასის მსგავსად, გხვდებიან ნაცნობები და ისევ ღვინო, რა თქმა უნდა…

Image may contain: 4 people, people smiling, outdoor

შენ ვერ ხვდები რა თქვა, რა იკითხო. ჯერ კიდევ გაქვს იმედი, რომ გალერეის მეორე სართულზე მაინც არის ვიზუალური კულტურის რამე ხელქმნილი ნიშანი, თუმცა, ცოტა ხანში, თვალების ისტერიკული ცეცების შემდეგ, აფიქსირებ, რომ მეორე სართული დაკეტილია. უცბად გეკითხებიან: „მაგარია არა?!“… გინდა იკითხო, „რა არის მაგარი?“, მაგრამ, ძაბავ გონებას – იხსენებ საგამოფენო გამოცდილებებს და, თუ გაგიმართლა, ხვდები, რომ მოხვედი არაფრის სანახავად. ეს თუ მოახერხე, ამოისუნთქავ, გაიღიმებ… გაგიხარდება, რომ გაიგე სათქმელი. ამის შემდეგ თამამად იღებ ღვინის ჭიქას და იწყებ საუბარს ადამიანებთან, რომლებიც სინამდვილეში დიდი ხანია აღარ გაინტერესებს, თუმცა, რომლებთან ურთიერთობაც, შენი არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.

Image may contain: 2 people, people standing and shoes

Image may contain: one or more people and indoor
ჯონ კეიჯის 4’33’’-ის მსგავსად, სადაც ყველაფერი იყო გარდა მუსიკისა, ლია ბაგრატიონის „1001-ე რაუნდში“ დამთვალიერებელი მოხვდა ვიზუალური ხელოვნების სრულფასოვან კონტექსტში, სადაც ყველაფერი იყო “კონვენციური” მხატვრობის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზენტაციო ფორმატი ყველა ტრადიციულ კომპონენტს ითვალისწინებდა: ხელოვანი, რომელმაც გალერისტთან ერთად იმუშავა იდეის განვითარებაზე, საგამოფენო სივრცედ – თანამედროვე ხელოვნების გალერეა, საზოგადოებასთან ურთიერთობის შემუშავებული კამპანია და შედეგად, მედიადასწრება, ხელოვნების აუდიტორია და, აქაც, ისევ ღვინო, რა თქმა უნდა.

Image may contain: 3 people, people standing and outdoor

თუმცა, ის, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს „1001-ე რაუნდს“ 4’33’’-ისგან,  მაინც დარგობრივი სპეციფიკაა – თუ კლასიკური მუსიკის შეგრძნება მსმენელისგან სიჩუმეს მოითხოვს, ვიზუალური ხელოვნების საგამოფენო პროექტები დამთვალიერებლების მიერ მუდმივი კომენტირების მოლოდინშია. როგორც წესი, ეს მსჯელობა სცდება და ივიწყებს წარმოდგენილ სამხატვრო განაცხადს და ფართო სოციალიზაციას პროვოცირებს.

სწორედ ეს პროცესია, რაც იქ მყოფებს მიკუთვნებულობის – სოციალური სასურველობის მოთხოვნილებას უკმაყოფილებს, რომელიც მასლოუს პირამიდის მესამე საფეხურია.

1943 წელს აბრა[ჰ]ამ მასლოუმ შეიმუშავა მოთხოვნილებათა იერარქია – პირამიდა, ადამიანის პიროვნულ ზრდასთან მიმართებაში. მის თანახმად, ჩვენ, პირველ რიგში, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გვესაჭიროება, როგორიც არის: საკვების და სასმელის მიღება, სექსუალური ენერგიის გახარჯვა, ძილი და ა.შ. შემდეგ გვინდა, რომ ვიყოთ დაცულები – გვქონდეს უსაფრთხოების ფიზიკური და მორალური გარანტიები. მესამე ეტაპზე კი, გვინდება ვიყოთ სოციალურები – ვეკუთვნოდეთ რაიმე ჯგუფს: ასე ვიკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნილებებს და ვამართლებთ ჩვენს არსებობას, ვიდრე მეოთხე საფეხურზე გადავიდოდეთ.

სამწუხაროდ, ამ პროცესში, ზოგჯერ, გვავიწყდება რის გამო ვერთიანდებით და განვიცდით მიკუთვნებულობას. ეს განსაკუთრებით ხშირია, თუ ურთიერთობის მიზეზი და განზომილება კონსერვატულია თავისი ბუნებით, როგორიც არის, მაგალითად, ეკლესია: რომელშიც ბევრი იცავს ფორმისმიერ წესებს ისე, რომ ავიწყდება ერთობის მთავარი იდეა – ქრისტიანობა.  ასეთივე სივრცეა პოლიტიკაც, რომელშიც, პოლიტიკოსად ქცეული ფსევდო-ლიდერები პოლიტ-კორექტულ საჯარო განცხადებებს აკეთებენ, ხდებიან პოპულისტები და მათაც ავიწყდებათ მთავარი იდეა – ხალხის მსახურება. სახელოვნებო კონტექსტისთვისაც საზიაროა ეს პრობლემა: დავდივართ გამოფენებზე, ვსვამთ ღვინოს, ვსაუბრობთ ყველაფერზე და “გვავიწყდება” მთავარი – ხელოვნება (რომელმაც დღეს თავისი წიაღისეული მოცემულობა – ფილოსოფიურობა დაიბრუნა).

თუმცა, ეს დავიწყებები ჩვენ საერთოდ არ გვიშლის ხელს თამამად შევდგათ ფეხი მესამე საფეხურზე და დავიკმაყოფილოთ აქტუალური მოთხოვნილება – ვიყოთ სასურველები, მიღებულები.

მასლოუს პირამიდა (რომელსაც თანამედროვე მეცნიერებაში მრავალი კრიტიკოსი ჰყავს), ხუთი საფეხურისგან შედგება, რომელთაგან მესამე ეტაპის შემდეგ, აღიარების და თვითაქტუალიზაციის ეტაპები მოდის.


Image result
ვფიქრობ, გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ, მეტ-ნაკლებად, პირამიდის მეოთხე და მეხუთე ეტაპებზე, არტ-ტუსოვკის მსგავსად, ქვეყნის ზოგადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვექტორებიც ვერ ახერხებენ გზის გაკვლევას: არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში არ ვართ დაფასებულები და, შესაბამისად, თავდაჯერებულები. კიდევ უფრო კრიზისულია ამ განზომილებების ბედი მასლოუს პირამიდის ბოლო საფეხურთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ – ქვეყანას არ გვაქვს პრობლემასთან ეფექტური გამკლავების და საბოლოოდ სწორი თვითრეალიზაციის საშუალება.

ამ მხრივ, ლია ბაგრატიონის ნამუშევარი მეტაფორაა იმ პრობლემის, რომელიც, მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ პროცესებშია გაბნეული და უკან სახელოვნებო კონტექსტშიც არ კარგავს აქტუალობას.

პ.ს. არ დამავიწყდება ჟურნალისტის გამომეტყველება, როდესაც ის, ჯერ კიდევ ეძებდა ხელოვნებას, რომელიც ჩვენ სრულიად სამართლიანად და განზრახ დავკარგეთ… “Hope is  undiscovered disappointment”.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.