fbpx

ის, ვინც ნახევარფინალში იქნება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სანდრო ნავერიანი

 

წლევანდელი მეოთხედფინალები ექვსი გრანდის გარეშე ჩაივლის. გერმანია, არგენტინა, ესპანეთი, პორტუგალიასთან ერთად იტალიას და ჰოლანდიას ვგულისხმობ. ორმოცდაათ წელზე მეტია ამ ექვსი ნაკრებიდან ერთი მაინც თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატის ამ ეტაპზე. და თუ გეოპოლიტიკურ ცვლილებებსაც გავითვალისწინებთ, ანუ დასავლეთ გერმანიას და გერმანიას ერთ ქვეყნად მივიღებთ, და ეს ასეც უნდა გავაკეთოთ, მგონი, საერთოდაც არ ყოფილა, რომ ამ ექვსი გუნდიდან ერთი მაინც არ ყოფილიყო მეოთხედფინალში. ცხადია, ამ გუნდებთან ერთად უფრო მეტი ინტრიგა ექნებოდა მუნდიალს, თუმცა, პირადად ჩემთვის, დარჩენილი რვა გუნდიდან მხოლოდ ერთი, რუსეთის ნაკრებია უსახური. მაგრამ, ნახევარფინალში გასვლის შანსი რუსებსაც ექნებათ და ახლა სწორად ამ შანსებს შევაფასებ.

რუსეთი – ხორვატია

ცხადია, ხორვატები ფავორიტები არიან. საერთოდ, მგონია, რომ ხორვატებს ასეთი სუსტი მეტოქე ჯერ არ შეხვედრიათ მუნდიალზე. რუსები ორგანიზებულად იცავდნენ თავს ესპანეთის უფანტაზიო ფეხბურთისგან, მაგრამ ხორვატებთან ამის გაკეთება რთული იქნება. ხორვატების პოზიციური შეტევა გაცილებით სწრაფია, ვიდრე ესპანელების, შესაბამისად ცენტრში დიდხანს არ ჩერდება ბურთი. არ თამაშობენ მაღალ პრესინგს, რაც რუსებს უფრო მეტად მისცემს შეტევის შანსს, ეს კი შედარებით გახსნის თამაშს, გაჩნდება თავისუფალი ზონები პერიშიჩისა და რებიჩისთვის, სადამდეც ბურთს ადვილად მიიტანენ ცენტრალური ნახევარმცველები. საჯარიმოში კი მანჯუკიჩს ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესობა ექნება რუს მცველებთან. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რომ ხორვატები თამაშით მოუგებენ რუსებს და არა რომელიმე ვარსკვლავის ინდივიდუალური უნარების ხარჯზე. მთავარია, პენალტების სერიამდე არ მივიდეს საქმე. იქ უკვე უალტერნატივო ფავორიტი რუსეთი იქნება.

შვედეთი – ინგლისი

სიმართლე ვთქვა, არ ვიცი ინგლისი რის ხარჯზე უნდა გასცდეს შვედებს. შვედეთი ყველაზე დისციპლინირებული გუნდია, რომელიც თითქმის არ თამაშობს პრესინგს. ჰყავს სწრაფი და ტექნიკური გარემარბები. სამი-ოთხი პასით გადადიან შეტევაში, რაც თითქმის ყოველთვის სახიფათო მომენტით მთავრდება. ინგლისს ჯერ ასეთ გუნდთან არ უთამაშია, სადაც მთავარი აქცენტი ზონების შემცირებაზე კეთდება. ინგლისი მისთვის უჩვეულოდ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და ბევრს ათამაშებენ ბურთს მესამე მეოთხედში, რაც შვედებისთვის პრობლემას არ ქმნის – ასე ეთამაშა მას გერმანია, ასე ეთამაშა მექსიკა. ალბათ ინგლისს ცოტა მეტი ფანტაზია სჭირდება შეტევაში. გუნდი თამაშობს ხუთი მცველით, პლუს ამას დელე ალი და ლინგარდი, რომლებიც თითქოს დაცვით ფუნქციებზე უფრო არიან კონცენტრირებულნი. ერთი სიტყვით, იმ ფეხბურთით, რასაც ინგლისი აჩვენებს, დავიწყოთ იმით, რომ არ ვარ აღფრთოვანებული და მეორეც – თუ საუთგეიტი შეტევის ტაქტიკას არ შეცვლის, ისევ მოუწევთ პენალტების დარტყმა. ესეც უკეთეს შემთხვევაში.

ბრაზილია – ბელგია

ჩვენ ჯერ არ გვინახავს როგორ თამაშობს ბრაზილია, როცა აგებს. ხოდა, მგონია, რომ ახლა ვნახავთ. ბელგიის შეტევის პოტენციალი არის უსაზღვრო. ამბობენ, რომ  ბრაზილიას კარგი დაცვა ჰყავს და ამას ალბათ უფრო ფაქტი განაპირობებს – ბოლო ცხრა თამაშში ერთი გაშვებული გოლი და ისიც წესების დარღვევის შედეგად. ვგულისხმობ შვეიცარიასთან გაშვებულ გოლს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ არცერთ გუნდს, რომელსაც ბრაზილია ეთამაშა, შეტევის პოტენციალის იმის ნახევარიც არ ჰქონდა, რაც აქვს ბელგიას. ასევე, ბრაზილიას არ უთამაშია გუნდთან, რომლის ტაქტიკა მორგებული და დამოკიდებულია პირველ ნომრად თამაშზე და ბურთის კონტროლზე. ალბათ ბურთი ხშირად იქნება ცენტრში, იქნება ფრთხილი თამაში, მაგრამ გოლი აუცილებლად გავა და სწორად პირველი გატანილი გოლი შეცვლის თამაშის ხასიათს. პირველ გოლს კი, ვფიქრობ, ბელგია გაიტანს. ვნახოთ.

ურუგვაი – საფრანგეთი

იმით დავიწყებ, რომ ამ თამაშს აქვს ყველაფერი, რომ გახდეს ერთ-ერთი ყველაზე უსახური ამ მუნდიალზე. მაგრამ, იმედია ასე არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ კავანი ჯერ ისევ ტრავმირებულია და არ ვიცით ითამაშებს თუ არა, ურუგვაის თამაშში არ ვფიქრობ, რომ რამე ცვლილებები იქნება. არ იქნება კავანი, იქნება სტუანი. ან შეიძლება ტაბარესმა ითამაშოს ერთი ფორვარდით, სუარესით და ცენტრში უპირატესობის შესაქმნელად კავანის ნაცვლად არასკაეტა ან როდრიგესი ათამაშოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ურუგვაი ეცდება სწრაფი გოლის გატანას, რაც შემდეგ თავისი საუკეთესო თამაშის საშუალებას მისცემს – ჩაჯდება უკან და დაელოდება მომდევნო შანსს. მაგრამ, სწრაფ გოლზე თამაშმა, შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს – მბაპე და გრიზმანი აუცილებლად იქნებიან სასტარტო შემადგენლობაში და კონტრშეტევაზე რა შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს უკვე ვნახეთ.

ფრანგების შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილება იქნება – ზედმეტი ყვითლების გამო არ იქნება მატუიდი. სავარაუდოდ, მის მაგივრად ითამაშებს ტოლისო ან ნზონზი, თუმცა დიდად ფრანგების თამაში არ შეიცვლება.

გადამწყვეტი იქნება, მოიგებს თუ არა საფრანგეთი მოედნის ცენტრს. ცენტრში თუ შექმნა უპირატესობა, მბაპეს და და გრიზმანს ნებისმიერ შემთხვევაში გაუჩნდებათ ფლანგებზე თავისუფალი ზონები, რაც საჯარიმოში ჟირუს, ან მის უკან პოგბას მისცემს შანსებს. პოგბა, მიუხედავად თავისი კლასისა, ჯერჯერობით მაინც ტორმუზია. ტემპს ვერ ჰყვება და ხშირად ანელებს შეტევებს. თუ პოგბამ ამას რამე მოუხერხა, ალბათ საფრანგეთი ადვილად მოიგებს, თუმცა ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება სწრაფი ურუგვაელი ნახევარმცველების წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანი იქნება, ვინ მოიგებს ტორეირა კანტეს შორის ცენტრს. ერთმაც და მეორემაც უნდა დაიწყონ თავისი გუნდის შეტევები და პირველებმა შეაჩერონ კონტრშეტევები. მატჩის შედეგიც დიდად იქნება დამოკიდებული ამაზე. საბოლოოდ, ალბათ ერთი გოლი გადაწყვეტს შედეგს.

ასე რომ, მე სავარაუდო ნახევარფინალისტებს გეტყვით, თქვენ კი თუ გინდათ იცინეთ:

 

ხორვატია – შვედეთი

ბელგია – საფრანგეთი

კარგად ბრძანდებოდეთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.