fbpx

ფეხბურთი: ნახევარფინალისტები მიკროსკოპის ქვეშ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი ხაჩიძე


გერმანიის, ესპანეთის, მესის და ბრაზილიის გავარდნის მიუხედავად, კარგი მსოფლიოა.

საინტერესო, ხშირად სანახაობრივი თამაშებია და რიგ შემთხვევაში ხარისხიც დიდებულია.

აქამდე მოსულმა გუნდებმა კარგად დაგეგმეს გზა და ობიექტურად დაიმსახურეს 1/2 ფინალში თამაში.

ახლა არა მხოლოდ ფინალში გასვლაზე, უკვე ჩემპიონობაზე ფიქრიც დაიწყო, მაგრამ ვის და რამდენად შეუძლია?!

საფრანგეთი – მთავარი პრეტენდენტებიდან მხოლოდ საფრანგეთმა “იარა” ერთი შეხედვით უპრობლემოდ და ძალის დაზოგვით.

დეშამმა თითქოს ოპტიმალური ტაქტიკაც განსაზღვრა და ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება.

მაგრამ თუ დავაკვირდებით:

ავსტრალიასთან – შემთხვევით მოიგეს (კლასი იძლევა ამ შემთხვევითობას, მაგრამ მაინც). ამას ადასტურებს დეშამის ვერჩამოყალიბებული გადაწყვეტილებები თამაშის დროს, და შემდეგი მატჩისთვის შემადგენლობის და ტაქტიკური სქემის გადახალისება.

პერუსთან – ნახევარი ძალით მოიგეს, მაგრამ საკმაოდ ინერვიულეს. პერუელებს თამაში რომ სცოდნოდათ, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა.

დანიასთან – ორივე გასული იყო და ვერ შევედავებით ტურნირის ერთადერთ 0:0-ზე.

არგენტინასთან – მეტოქის სისუსტე რომ არა (მესის გარეშე პარაგვაის დონის გუნდია), შთამბეჭდავი მოგება ან გამოვიდოდა, ან ვერა. დამაჯერებელი 4:2-დან კინაღამ დამატებითის თამაში მოუწიათ…

ურუგვაისთან – ეფექტურად, პრაგმატულად ითამაშეს. ურუგვაის კავანი არ ჰყავდა და მეკარეს რა უნდოდა?! მაგრამ 2:0 კარგად გამოიყურება.

დასკვნა – ძლიერი გუნდია, მაღალი დონის შემსრულებლებით. ამავე დროს ილუზიაა, რო გოლს არ უშვებენ და პრაგმატულად თამაში შეუძლიათ. პირველად უწევთ  ძლიერ მეტოქესთან თამაში და აბა ვნახოთ, რას იზამენ.

ბელგია – ნახევარფინალისტებიდან ყველაზე ოპტიმალურ ფორმაში და კარგ ტონუსში არიან.

ჯგუფის პირველ თამაშებში  უბრალოდ გახურდნენ და ვარიანტები სცადეს. ინგლისთან ტაქტიკური გამართულობა დატესტეს და კარგადაც გამოუვიდათ.

იაპონიასთან – კინაღამ ცხვირი წაიტეხეს, რამაც საბოლოოდ მეტი თავდაჯერებულობა შესძინა, ნერვები გაიმყარეს და შეცდომები დაინახეს.

ბრაზილისთან – გუნდმა ის თამაში აჩვენა, რისკენაც გერმანია და ესპანეთი მიისწრაფვიან. ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და შანსი არ დაუტოვა (მეკარეც გუნდის წევრია და მისი კარგი თამაში არა გამართლება, არამედ სიძლიერეა). მნიშვნელოვანია ტაქტიკური გადალაგება. არ ვიცი ეს გეგმა თავიდანვე არსებობდა თუ მერე მიიღო მწვრთნელმა გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, ზედმეტი მარჩიელობის გარეშე, იდეალური სვლები გააკეთა და გუნდური და ინდივიდუალური ოსტატობაც საჭირო სიმაღლეზე აიყვანა.

ხოდა, გეგონოთ საფრანგეთი ფავორიტი…

ინგლისი – მსოფლიო ჩემპიონატს სხვა ტურნირებისგან განსხვავებით ერთი კანონზომიერება ახასიათებს – ყოველთვის ობიექტურად საუკეთესო ნაკრები ან საუკეთესო ფეხბურთელი ხდება ჩემპიონი.

რაც  უნდა სიმპათია გვქონდეს ინგლისის მიმართ, დანია-შვედეთის კატეგორიის გუნდია, უბრალოდ პრემიერლიგაა მაგარი ტურნირი, ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ და მსოფლიოს საუკეთესო ტიპებთნ ერთად თამაშობენ. კეინის და ცენტრალური მცველების გარდა, მაგარ ფეხბურთელსაც ვერ იპოვი… ხოდა გიხაროდენ, გიხაროდენ… და სულ რო დამაჯერებლად მოუგონ ხორვატიას, ვერ გახდება ეს ნაკრები ჩემპიონი. მაგრამ დაუბრუნდა რწმენა ხალხს, ბიჭებიც გაიზრდებიან და ევროპის ჩემპიონატზე ვნახოთ…

ხორვატია  – მაგარი გუნდია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ, მოდრიჩი.

განსაკუთრებულად მაღალი კლასის ფეხბურთელი, რაკიტიჩი. ბევრი კარგი მოთამაშეა და ზუსტაც იციან საკუთარი შესაძლებლობები. სადაც საჭირო იყო, კლასის ხარჯზე მოიგეს, სადაც დასჭირდათ, იმუშავეს, მაგრამ ძალიან დაღლილები უნდა იყვნენ და ინგლისს რომც გასცდნენ, რა ძალა უნდა შერჩეთ ფინალისთვის არ ვიცი. არ ვიცი, არ ვიცი…

არადა შეეძლოთ უფრო იოლად გასვლა და ენერგიის შენარჩუნებაც. მწვრთნელს დავაბრალებ ამ ვერგათვლას.

ჯგუფში, ყველაფერი გასაგებია – იდეალურად ითამაშეს.

დანიასთან და რუსეთთან ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინეს, რაც ნერვების და ენერგიის ფასად დაუჯდათ. ორივე თამაშში შეეძლოთ ადვილად თუ არა, შედარებით იოლად მოგება. მეტი უნდა შეეტიათ და გოლს კი არა, გოლებს გაიტანდნენ.  სხვათა შორის ამ სიფრთხილემ დაღუპა ევროპის ჩემპიონატზეც…

მაგრამ, იქნებ ვცდები და კარგად დაისვენონ, ინგლისსაც მოუგონ და ფინალში გაქაჩონ…

ბელგია ხდება ჩემპიონი – სრულფასოვანი ჩემპიონი ეყოლება მსოფლიოს. აზარის დროც მოდის და… რა ჯობია ახალი საფეხბურთო ერის დაბადებას ☺

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.