გააზიარე სტატია

იმპულსური გულახდილობა | გიორგი ნებიერიძე

 

ამჟამად ცხოვრობ და მუშაობ ბერლინში, ქალაქში, რომელმაც გარკვეულწილად შენი შემოქმედების განვითარება განაპირობა, როგორი იყო ლოკალურ სახელოვნებო სივრცესთან ადაპტირების პროცესი?

არ ვთვლი, რომ ჩემი ნამუშევრები ლოკალურ სახელოვნებო სივრცეშია, მართალია, აქ ვმუშაობ და ფოტოების უმეტესობაც აქ არის გადაღებული, მაგრამ გალერეები, ჟურნალები თუ პუბლიკაციები, სადაც ჩემი ნამუშევრებია წარმოდგენილი, ნაკლებად არის ბერლინში დაფუძნებული, მაგალითად, გალერეა, სადაც ბოლო დიდი გამოფენა მქონდა, როტერდამშია, მანამდე იყო პარიზი, ჟურნალები i-D და DAZED, სადაც ჩემი ნამუშევრები ხშირად ჩნდება, ორივე ბრიტანულია და ასე შემდეგ. რაც შეეხება აქაურ საზოგადოებასა და რიტმთან ადაპტირებას, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, ვერ ვიტყვი, რომ თავიდან მარტივი ან განსაკუთრებულად რთული იყო. ვიცოდი, სად  და რა მისიით მოვდიოდი,  კონტაქტებიც მქონდა და მეგობრებიც მყავდა. რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როცა შეიძლებოდა მეტი იღბალი მქონოდა, კარიერის ზრდის  თვალსაზრისით, მაგრამ ვერაფერზე დავიჩივლებ.

შენი ფოტოები ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობენ, რომელიც სავსეა საინტერესო ადამიანებით, გართობით, სექსითა და ნარკოტიკებით, გამოცდილებებით, რომლებსაც  ძირითადად არ ასაჯაროებენ, შენს შემთხვევაში კი – ყველაფერი პირიქით არის, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი შენთვის იმ სიტუაციების გადაღება, სადაც ადამიანები აბსოლუტურად თავისუფლები არიან? შეგიძლია მათ პოსტ-ფაქტუმ რეაქციებზე გვესაუბრო, როდესაც ისინი საკუთარ ინტიმურ ფოტოებს საკმაოდ პოპულარულ ონლაინ პლატფორმებზე აწყდებიან?

მეჩვენება, რომ პასუხი თვითონ კითხვაშია: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიზიდავს ხალხის ასეთ გარემოსა თუ კონტექსტში გადაღება, ზუსტად ის არის, რომ ისინი ასე თავისუფლად გრძნობენ თავს. ასეთ სიტუაციებში თავის მოჩვენება, თვალთმაქცობა თუ ნიღბების ტარება, რაც ყოველდღიურობაში ასე გვჩვევია, თითქმის არ არსებობს. ეს ყოველივე კი ახალგაზრდა ადამიანის არსებობაში უდიდესი ბედნიერება და მიღწევაა. სხვა მიზეზი, რომელიც უფრო მარტივია, ისაა, რომ ეს სიტუაციები ხშირად ჩემი ყოველდღიურობაა და იმას ავსახავ, რაც ჩემ გარშემო რეალურად ხდება. ამ ჭრილში ეწოდება ჩემ ნამუშევარს Documentary Photography.

ჩემ ფოტოებზე ბევრი ჩემი მეგობარია, მაგრამ ხშირად უცნობი ადამიანების გადაღებითაც დავინტერესებულვარ. რაც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ჩემი ფოტოების პროვოკაციულობიდან გამომდინარე ადვილი წარმოსადგენია, რომ ბევრს სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომ ფოტოების დამალვა ან განადგურებაც კი მთხოვოს. ძალიან მრავალფეროვანი რეაქცია აქვს ხალხს ამ საკითხზე. ხანდახან მეგობრებსაც კი უთქვამთ, რომ ფოტოები არსად გამომექვეყნებინა. ბევრი საინტერესო ფოტო მაქვს შენახული, რომელთა საჯაროდ ჩვენებას ამა თუ იმ მიზეზით ვერასოდეს შევძლებ, ეს ჩემი კარიერის გარდაუვალი ნაწილია. ყოფილა შემთხვევა, როცა არსებობდა ილუზია, ვითომდა მე შანტაჟის მიზნით ვიღებდი ფოტოებს და განზრახული მქონდა ამა თუ იმ ადამიანისათვის უსიამოვნების შექმნა ჩემი ფოტოებით, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეც უფიქრიათ. ყველას ყოველთვის კმაყოფილს ვერ დატოვებ. ვერ მოვთხოვ და ვერც დავაძალებ ხალხს, რომ ჩემი არტისტული მიზნები და ჩანაფიქრები გაიზიარონ ან ისე დაინახონ სამყარო და მასში არსებული სილამაზე – როგორც მე.

როგორ განვითარდებოდა შენი ცხოვრება თუ შემოქმედება, თბილისში რომ დარჩენილიყავი?

ბავშვობიდან მჯეროდა, რომ არ დავრჩებოდი თბილისში. არა იმიტომ, რომ არ მიყვარს ან არ ვეკუთვნი მას, არამედ იმიტომ რომ დიდი მიდრეკილება მქონდა გავცდენილიყავი საზღვრებს, აღმომეჩინა სხვადასხვა კულტურები და საზოგადოებები ან მესაუბრა ბევრ უცხო ენაზე. მახსოვს, ჩემი ოცნების სამსახური ბრიტანეთის ელჩობა იყო, როცა ჩემს უბნელ და კლასელ ბავშვებს ქურდობა უნდოდათ. მიუხედავად ამისა, ხუმრობით ვთქვი ამას წინათ,  თბილისში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ დაჭერილიც კი ვიქნებოდი. იმდენ ჩემს მეგობარს და ახლობელს შეეხო უსამართლო პოლიციური სისტემა და სიძულვილი, რომ მეც არ ვიქნებოდი პრივილეგირებული.

კარიერის თვალსაზრისით არა მგონია, სხვა რამე მეკეთებინა. ჩემი ფოტოგრაფად ჩამოყალიბება ბერლინში წამოსვლამდე ბევრად ადრე დაიწყო. ხშირად ვიმეორებ: სადაც  უნდა მეცხოვრა, თუნდაც ფერმაში ან მიტოვებულ გამოქვაბულში, იქაც გადავიღებდი, რაც ჩემ გარშემო მოხდებოდა, შეუნიღბავს და გულახდილს.

 როგორი მიდგომა გაქვს კომერციული პროექტების მიმართ? სად გადის ზღვარი შენთვის საავტორო და კომერციულ ფოტოგრაფიას შორის? შესაძლებელია ამ ორი მიმართულების კარგი სინთეზი?

ფოტოგრაფია იძლევა შესაძლებლობას, რომ თითქმის ყველაფერი ესთეტიკურად გადაიღო, მათ შორის ყველაზე კომერციული პროექტებიც. ჩემი თორმეტწლიანი კარიერის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა სახის პროექტი თუ შეკვეთა შემისრულებია. მიმიღია დიდი სიამოვნება გარკვეულ კლიენტებთან თუ გუნდებთან მუშაობისას და ასევე პირიქით, დიდი იმედგაცრუება და უსიამოვნება. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ შემიძლია თითქმის ყველა სახის დავალებაზე თუ შეკვეთაზე ვიმუშაო. (ვწერ “თითქმის,” რადგან არის შემთხვევები, როცა ვფიქრობ, რომ ჩემზე უკეთესი კანდიდატურები არსებობენ, მაგალითად, არქიტექტურის კომერციული მიზნით გადაღებისას).

რაც შეეხება ზღვარს, იგი ძალზედ ბუნდოვანია, რადგან გალერეებიც კი, სადაც საავტორო ნამუშევრები იფინება, დიდი კომერციისა და ბიზნესის ნაწილია. ჩემს შემთხვევაშიც, მაგალითად, წიგნის პროდუქცია მისივე გაყიდვებზე არის დამოკიდებული. ძნელია არ იფიქრო ფინანსურ შემოსავალზე და ისე აკეთო ხელოვნება, არსებობენ ჩემ გარშემო ადამიანები, ვინც სრულიად ვნებაზე და სიყვარულზე დაფუძნებულ ნამუშევრებს ქმნიან და არ აღელვებთ სახელის მოხვეჭა ან გამდიდრება, თუმცა გარკვეულ დროს ყურადღება და აღიარება ამ ადამიანებსაც კი სიამოვნებთ.

ბოლო დროს ბერლინში ელექტრონული მუსიკის სფეროში ვმუშაობ, პრესფოტოებზე, ალბომის ყდებსა თუ ლეიბლების ფოტოგრაფიაზე, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიწევს უამრავი საინტერესო ადამიანის გაცნობა და მათი შეხედულებების მოსმენა. ასეთ შემთხვევებში, არსებობს მეტი ურთიერთგაგება და ჰარმონიზაცია ფოტოგრაფსა და დამკვეთს შორის. მსგავსი გამოცდილებები მაქვს მოდის სფეროში მუშობისას, მაგრამ ასეთ დროს არ ვთანხმდები ზედმეტად რეტუშირებულ პროექტებს, სადაც ჩემი არტისტული თუ ესთეტიკური პრონციპები ირღვევა.

რა თქმა უნდა, შესაძლოა ამ ორი მიმართულების სინთეზი, მეტიც, უმეტეს შემთხვევაში ასეც უნდა მოხდეს. მიმაჩნია, ეს არის გამოწვევა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის, რათა ისინი გაიწვრთნან და სამომავლოდ წავიდნენ მინიმალურ კომპრომისზე.

არის რამე შენთვის “მნიშვნელოვანი იმიჯი,” რომელსაც აუცილებლად გადაიღებდი?

მას შემდეგ, რაც ფერად ფირზე გადაღება დავიწყე, არასოდეს მქონია პრობლემა და მიდრეკილება სხვა ტექსტურისა თუ გამოსახულებისკენ. ესთეტიკურადაც უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული ვარ და მაქვს გარკვეული მიზანი ჩემი ვიზუალური ენისა. ახლო მომავალში ვაპირებ საშუალო ფორმატის, 6×7 ან 6×8-ს ცდას, მაგრამ არა მგონია, რომ საბოლოო ჯამში დიდად შეიცვალოს ჩემი ფოტოების ესთეტიკა.

შეგიძლია გაიხსენო რამდენიმე შემთხვევა, როდესად გინანია, რომ ფოტოაპარატი თან არ გაქვს?

მგონი, უფრო ადვილი იქნება იმის გახსენება,  როცა მინანია, რომ ფოტოაპარატი თან მაქვს. პატარა კამერას ჩანთით ხშირად ვატარებ, მაგრამ, როცა რაიმე საინტერესოს ვხედავ, არ გამირბის მაშინვე ხელი კამერისკენ. ვცდილობ, ჯერ მე თვითონ მივიღო სიამოვნება კამერის სახეზე აფარების გარეშე. არასოდეს მესმოდა ხალხის, რომლებიც ყველა არაორდინალურ მომენტში თავიანთი ტელეფონის ეკრანებს იფარებენ სახეზე. მაგალითად, ბავშვების ზეიმებზე ან კონცერტებზე ერთსაათიანი ვიდეოს გადაღება. რა არის იმაზე უფრო HD, ვიდრე შენი საკუთარი თვალებით დანახული. მეორე მხრივ, ქუჩის ფოტოგრაფიის კეთებისას აუცილებელია, რომ ყოველთვის მზად იყო რეაგირებისთვის, ხანდახან რამდენიმე წამით მომავლის პროგნოზირებაც საჭიროა, რათა მომენტი არ დაიკარგოს, ქუჩის დინამიკა, მით უმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც ბერლინია, უაღრესად აქტიურია.

არის ვინმე (რამე) შენს ცხოვრებაში, ვისი გადაღების სურვილიც მუდმივად გაქვს?

ყველა და ყველაფერი შეიძლება ჩემს კადრში მოხვდეს, არ მაქვს დიდი პრიორიტეტები ამ კუთხით, პირიქით, უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ყოველდღიური საგნებისა და მოვლენების საინტერესოდ აღბეჭდვას. მთავარია, მეტი “სინამდვილე” ჩანდეს ფოტოებში.

ადრე იყო რამდენიმე ცნობილი ადამიანი მუსიკოსი თუ მსახიობი, მაგრამ ბოლო დროს კონკრეტულად არავინ. მყავს ბევრი მუზა სამეგობრო წრეში, რომელნიც დროთა განმავლობაში იცვლებიან. პორტრეტების გადაღებისას უფრო განსხვავებული მიზნები მაქვს: სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების ისეთ გარემოში და მდგომარეობაში გადაღება, სადაც ისინი საკუთარ თავს “თამაშობენ”  და არ პოზირებენ. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც სამოდელო სააგენტოს ეკუთვნის და ხშირად მათი ფოტოები მოდის ჟურნალების ყდაზე თუ ვებსაიტებზე ჩნდება, მაგრამ ჩემს ფოტოებში ისინი სრულიად სხვა ამპლუაში არიან. შეუნიღბავ და რეალურ გარემოსა და მდგომარეობაში. ცნობილი ადამიანების გადაღებისას ანალოგიურ ხერხს ვირჩევ. არ ვცდილობ, რომ მათ გადაღებისას კომფორტულად ვაგრძნობინო თავი და მივცე საშუალება ითამაშონ ის როლი, რაც შენიღბავს მათ ნამდვილ პიროვნულ სახესა თუ გამომეტყველებას. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ვიღებდი Black მეტალის ფესტივალს ბერლინში, სადაც მონაწილეობდა გაალი (Gaahl) თავის ბენდ Gaahls Wyrd-თან ერთად. პიროვნება, რომელიც ბევრის მიერ შერაცხულია ყველაზე საშიშ და მისტიკურ ადამიანად. მისი იმიჯი და ქმედებები შიშის ზარს სცემს პუბლიკას (არსებობს VICE-ის დოკუმენტური ფილმი მის შესახებ). ამ ფესტივალზე ჩემთვის ბევრად საინტერესო იყო კულისების გადაღება, სადაც შევხვდი გაალს და რამდენიმე წუთით ვისაუბრეთ ზოგად თემებზე, ჟურნალისტებზე, გერმანიაზე და ასე შემდეგ. ამის მერე გადავიღე მისი პორტრეტი, სადაც იგი ნაჩვენებია მაკიაჟის გარეშე, შედარებით ინტიმურ გარემოში, დაღლილი, ოდნავ მორცხვი და მორიდებული სახისა და სხეულის ენით.

ასევე მაქვს ალესანდრო კორტინის ფოტო გადაღებული შვეიცარიაში, როდესაც ტბის პირას ვსაუზმობდით და თოლიები აგრესიულად ცდილობდნენ მისთვის საჭმლის წართმევას, რითაც დიდ დისკომფორტს უქმნიდნენ მას. მომწონს მისი ხელის პოზიცია, თითქოსდა არ იმჩნევს უხერხულობას.

ბევრისთვის გაუგებარია. რატომ ვცდილობ ხალხის ამ სახით ჩვენებას და რატომ არ მესმის, რა არის “სილამაზე”. ჩემთვის სილამაზე გულახდილობაშია.

სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა შენი  მეორე წიგნი ’16, შეგიძლია ცოტა რამ მოგვიყვე წიგნზე, მის კონტენტსა და დიზაინზე?

’16 არის სელექცია 200-ზე მეტი ფოტოსი, ძირითადად პირადი, მაგრამ ასევე რამდენიმე კომერციული პროექტიდან, გადაღებული 2016 წლის განმავლობაში, ისევე როგორც ’15 (ჩემი პირველი წიგნი) წარმოდგენს 2015 წელს შექმნილ მასალას. თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება: ’16 არის მეტად გააზრებული და მიზანდასახული ფოტო-წიგნი, იგი 165-გვერდიანია და ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს სხვადასხვა დროსა და გარემოში გადაღებული ფოტოების ურთიერთობასა და ჰარმონიზაციას. ხშირად ფოტოები, მათი განლაგება და პროპორციები იწვევს მეტად ინტენსიურ და მწვავე ემოციებს. წიგნი კატეგორიულად აკრძალულია ბავშვებისათვის. ’16 არ არის მხოლოდ ფოტოების ჩვენების საშუალება, იგი თვითონ ხელოვნების ნამუშევარს წარმოადგენს. წიგნი შექმნილია ბრწყინვალე პორტუგალიელი გრაფიკოს-დიზაინერის, ტიაგო ბისკაიასთან კოლაბორაციაში და მოიცავს ორ უმშვენიერეს ესეს ჩემი ფავორიტი ახალგაზრდა მწერლების – ნათანელ მარკუსისა და პატრიკ ქუიკის ავტორობით. არ შემიძლია, არ ვახსენო მეგობარი და პარტნიორი ირაკლი კიზირია და მისი გუნდი STAUB, ვინც კრიტიკულ მომენტში დააფინანსა პროექტი.

’16-ის შეძენა  შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში  http://nebieridze.bigcartel.com/. ხშირად მისვამენ კითხვას, არის თუ არა რაიმე სირთულესთან დაკავშირებული საქართველოდან შეძენა და მინდა ვთქვა, რომ უკვე რამდენიმე წიგნი გაიგზავნა თბილისში, უვნებლად და სულ რამდენიმე დღეში, ამიტომ ნუ შეგაფერხებთ ის ფაქტორი, რომ ფოსტა არ მუშაობს ან საზღვრები ჩაკეტილია.         

გვესაუბრე სამომავლო პროექტებზე.

ამჯერად დაკავებული ვარ ’16-ის პრომოუშენით, მარკეტინგით, დისტრიბუციითა და ტრანსპორტირებით. ვამზადებ წიგნის ოფიციალურ პრეზენტაციას ბერლინში. რამდენიმე ლოკაციასა და გალერეასთან მაქვს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებ, მარტისთვის ყველაფერი მოესწრება. სავარაუდოდ, ორ თვეში დავიწყებ მესამე წიგნის ’17 დიზაინზე მუშაობას და საბოლოო სელექციის გაკეთებას. ამჯერად მიზნად გვაქვს ნაკლები ფოტოს გამოყენება და მეტი ენერგიის ჩადება წიგნის სხვა ასპექტებში, როგორიცაა მყარი ყდისა და აკინძვის ხერხები და მეტი წერილობითი შინაარსის ჩართვა, როგორიცაა ისტორიები; ჩანაფიქრები და იდეები კონკრეტულ ფოტოებს მიღმა.

ნოემბერში ჩაიშალა ჩემი დიდი გამოფენის პროექტი პირადი პრობლემების გამო, მინდა, რომ ეს პროექტი მაინც განვახორციელო 2018-ში, რომელიც მოიცავს ფოტოგამოფენასა და პერფორმანსს ბერლინში. მიზნად მაქვს ბევრ საინტერესო ადამიანთან ხშირი კოლაბორაცია და ახალგაზრდა, დამწყები არტისტების მხარდაჭერა, ასევე ოჯახთან ერთად მოგზაურობა.

ფოტო: გიორგი ნებიერიძე

ავტორი: ნინა პატარიძე

გიორგი ნებიერიძის ნამუშევრების სანახავად გადადით ბმულზე: www.nebieridze.de


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.