გააზიარე სტატია

ინტერვიუ ლადო ლომიტაშვილთან

ლადო ლომიტაშვილი ახალგაზრდა ქართველი მულტიდისციპლინარული არტისტია. მან თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობს და ცხოვრობს თბილისში.

ხარ არქიტექტორი და მულტიდისციპლინარული არტისტი. სკულპტურის ერთ-ერთი დეფინიციაა, რომ ფორმალური და სივრცითი დანიშნულება, რომელიც აქვს არქიტექტურას, სკულპტურას შეუძლია განახორცილოს არქიტექტურული შეზღუდვების გარეშე. რა როლს თამაშობს შენი არქიტექტურული გამოცდილება შენივე ნამუშევრებში?

არქიტექტურა, მისი მნიშვნელობა და, ზოგადად, სივრცითი აზროვნება ჩემი ნამუშევრების განხორციელებაში ძირითად როლს ასრულებს. იდეებთან ერთად, მის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებსა და ადგილმდებარეობაზეც ვფიქრობ, რადგან უმეტესად ფიზიკური ფორმა და ლოკაცია, როგორც წესი, ნამუშევრის კონცეპტუალურ ჩანაფიქრზეც მიმანიშნებს ხოლმე. მე თვითონ ხშირად ვფიქრობ სკულპტურის მნიშვნელობაზე, ანუ ორ და სამგანზომილებიანი ობიექტების განსხვავებაზე. 2014 წელს სწორედ ამ თემაზე შევქმენი სერია, რომელშიც ბრტყელი ფორმები, პერსპექტივის ცვლილებით, სკულპტურის კონტექსტს ატარებდა. ხოლო 2016 წელს გავაკეთე ინსტალაცია This must be the place, რომელიც ეხმიანებოდა ორგანზომილებიანი სიბრტყის უნარს, გახდეს ისეთივე დაკვირვების ობიექტი, როგორიც სკულპტურაა.

ხშირად მუშაობ ისეთი მასალებით, როგორიცაა რკინა და ხე. რა პროცესები უძღვის წინ რომელიმე კონკრეტული მასალის ნამუშევარში ჩართვას?

სივრციდან გამომდინარე, გარკვეული ფორმა თავისით მთავაზობს მასალას. რკინისა და ხის გარდა, ხშირად სხვადასხვა ტიპის ქსოვილსაც ვიყენებ. ძირითადად მასალა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უნდა თამაშობდეს ნამუშევარში დომინანტურ როლს – ფერი, ფორმა, მასშტაბი თუ მდებარეობა.

მოგვიყევი სერიაზე The letter or letters standing for a chemical element.

ინსტალაცია “ქიმიური ელემენტისთვის განკუთვნილი ასო ან ასოები” ყაზახეთში, ალმათის ხელოვნების ცენტრის ტერასაზე მოეწყო. შვიდ მოედნად დაყოფილი 800 კვ.მ-ის სივრცე ცხრა სკულპტურულ ობიექტს აერთიანებს. ნამუშევრების ნაწილი უკავშირდება დიაგრამებს – როგორც ფაქტებს, ორნამენტებს – როგორც კულტურასა და სიმბოლოებს – როგორც ფუნდამენტს. პროექტი საერთაშორისო ხელოვნების მხარდამჭერი ორგანიზაციის, CEC ArtsLink-ის და ევრაზიის კულტურული ალიანსის დახმარებით განხორციელდა ARTBAT ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ყაზახეთში ყოველწლიურად იმართება. ინსტალაცია იქმნებოდა ერთთვიანი რეზიდენციის პერიოდში, საჯარო სივრცეების კვლევისა და ადგილობრივების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადააზრებით.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამუშევრები იქმნება იმ სივრცეებთან მიმართებაში, რომელშიც არსებობენ და ამასთანავე ისინი თავად აფორმირებენ ამ სივრცეებს. როგორ იწყება შენი მუშაობის პროცესი ასეთ შემთხვევაში? არსებობენ თუ არა შენი ნამუშევრები ამ სივრცეების გარეთ? როგორ იცვლება მათი არსებობა სივრცეების მიღმა?

საგნებს, ხმას თუ გამოსახულებას სივრცეში დაჰყავხარ და ტრაექტორიას გიდგენენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სივრცე ნამუშევრის ნაწილია. ჩემთვის თვალი სახვითი ხელოვნების გააზრების მთავარი კომპონენტია. ამიტომ ობიექტი კედლების, იატაკისა და განათების ხარჯზე ხდება აღქმადი. ამაში ვგულისხმობ მათ ფერსა და სიძლიერეს. ვცდილობ დიდი დრო გავატარო სივრცეში, სადაც ახალი სხეული უნდა შევიდეს. ყველაზე მარტივია მიხვდე, თუ რა არის საჭირო საკუთარ სახლში ან სახელოსნოში, რადგან ეს ის გარემოა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობ. და რადგან ჯერჯერობით დროში შეზღუდული არ ვარ, ვცდილობ, რომ ყოველ ახალ სივრცეში ახალი, სივრციდან ნაკარნახევი ნამუშევარი შევქმნა და უკვე არსებული პროექტი არ გამოვფინო, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა წინა ნამუშევარი მომდევნოს მასალად გამომიყენებია.

რას ფიქრობ სივრცეზე მიმართებით შექმნილი (site-specific) ნამუშევრების გადატანასა და არსებობაზე გალერეებსა და მუზეუმებში (თეთრ კუბებში) და ისეთ სივცეებში, რომლისთვისაც ისინი არ არიან შექმნილები?

ალბათ ნებისმიერ ნამუშევარს აქვს უნარი ტრანსფორმირდეს ერთი სივრციდან მეორეში, თუმცა მგონია, რომ ადგილის შეცვლა ნამუშევრის ენერგიას და შეგრძნებას ცვლის. გარემო შეიძლება გეხმარებოდეს ან გიშლიდეს ხელს ნამუშევრის აღქმაში. თეთრი კუბური გალერეები კი ნეიტრალური სივრცეა ყოველგვარი ისტორიის გარეშე, რაც, ჩემი აზრით, გეხმარება იმაში, რომ ნამუშევარი შენთვის სასურველ გარემოში წარმოიდგინო.

რა გზით ეხმარები მაყურებელს გაიგოს და აღიქვას ნამუშევარი? რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის?

შესაძლოა, ამ კითხვებსაც იმიტომ ვპასუხობ, რომ უფრო გასაგები გავხადო ჩემი შემოქმედება, თუ რატომ ვაკეთებ ამა თუ იმ ნამუშევარს. მახსოვს, ყაზახეთში, საკუთარ გამოფენაზე ათამდე ტური ჩავატარე და თითოეულ ინსტალაციაზე ვუყვებოდი დამთვალიერებელს მას შემდეგ, რაც მათ ინტერპრეტაციას მოვისმენდი. ამ დიალოგმა უამრავი კითხვა დაბადა როგორც მნახველებში, ისევე ჩემშიც. მაქსიმალურად ვცდილობდი კითხვები პასუხგაუცემელი არ დამეტოვებინა და მაყურებლისგან კიდევ უფრო მეტ ინტერესს ვხედავდი. კომუნიკაცია ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა კიდევ უფრო მეტად გადამეაზრებინა საკუთარი სათქმელი.

ნაპოვნი ობიექტების კონცეფცია და მათი ხელოვნებაში გარდაქმნა  ხშირად გვხვდება თანამედროვე არტში სხვადასხვა სახით. შეგიძლია მოგვიყვე შენს ნამუშევარზე 6.10.17w. როგორ იპოვე ეს ადგილი და რით იყო ის შენთვის საინტერესო?

2008 წლის აგვისტოს  მოვლენები ყველა ქართველს მტკივნეულად გვახსოვს.   ნამუშევარი ოკუპირებული ზონის საზღვართან, სოფელ ნიქოზში, ათდღიანი სახელოვნებო რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნა. ვცხოვრობდი ოჯახში, რომელსაც ომის დროს მთლიანად გაუნადგურდა სახლ-კარი და რომელმაც, ფაქტობრივად, 2008 წლიდან ახალი ცხოვრება დაიწყო. მაინტერესებდა, როგორ განაგრძობდა არსებობას გარემო, რომელიც ომგამოვლილი იყო. ნამუშევარი “6.10.17წ” ნიქოზში არსებულ ძველ სამხედრო ბაზაზე შეიქმნა. მაქსიმალურად ვცდილობდი სივრციდან ამეღო და, ამავდროულად, დამეტოვებინა კვალი. ვეძებდი იმ ჯარისკაცების ამოფხეკილ წარწერებს, რომლებსაც დიდი ვარაუდით სწორედ ამ ომში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. მათი ნაწერების ანაბეჭდები გადმოვიტანე ფურცლებზე და ბაზის ვიდეოდოკუმენტაციასთან ერთად სოფელ ნიქოზის კულტურულ კლუბში გამოვფინე.

შენს ფოტოგრაფიულ ნამუშევრებში ხშირად არ ქმნი ფიგურულ იმიჯს, კონცენტრირება არის მასალებსა და ტექსტურებზე. რას ნიშნავს შენთვის ამ მედიუმში მუშაობა?

დიდი ხანი ლანდშაფტური ფორმატით ვიღებდი და, კლასიკურად, ფერის ბალანსზე და კომპოზიციაზე ვფიქრობდი. ერთ დღესაც, გააზრებულად ამოვატრიალე კამერა და მთლიანად შემეცვალა ფოტოგრაფიული ხედვაც და გემოვნებაც. ფოტოგრაფიას  ისე ვიყენებ, როგორც ფერწერას. თუ სკულპტურაში მასალა, ფორმა, ფაქტურა და ფერი ერთ მთლიანობას ქმნის, ფოტოგრაფია მაძლევს იმის საშუალებას, რომ ისინი განვაცალკევო ერთმანეთისგან და მნახველმა თვითონ მიიღოს მონაწილეობა ნამუშევრის აწყობაში. ფოტოგრაფია მეხმარება უფრო აბსტრაქტულად გამოვხატო სათქმელი, იმისთვის, რომ დამთვალიერებელს მივცე მეტი ინტერპრეტაციის საშუალება. მგონია, რომ თანამედროვე ხელოვნების მიზანიც სწორედ ის არის, რომ უფრო მეტი პროცესი გადავიდეს ფიქრში.

 

ლადო ლომიტაშვილის ნამუშევრების სანახავად გადადით ბმულზე: ladolomitashvili.tumblr.com

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.