გააზიარე სტატია

მემფისი | 80-იანი წლების ესთეტიკა

უცნაურია, მაგრამ მემფისის ჯგუფს არანაირი კავშირი არ აქვს ამერიკაში, ტენესის შტატში მდებარე ქალაქ მემფისთან. ეს ჯგუფი ეტორე სოტსასმა, ალესანდრო მენდინიმ, მაიქელ გრეისმა და ნატალი დე მობილმა დააარსეს მილანში 1980 წელს. ისინი მილანში სოტსასის პატარა ბინაში შეიკრიბნენ, სადაც ერთმანეთს ნამუშევრების ჩანახატებს უზიარებნენ. ამ შეხვედრის დროს ბობ დილანის “Stuck Inside of Mobile With the Memphis Blues Again” უსმენდნენ, საიდანაც წამოვიდა სახელწოდება მემფისი.

მემფისის ჯგუფის  პირველი გამოფენა შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ Salone de Mobile-ში, მილანში გაიმართა, ხოლო 1982 წელს მათ მოაწყვეს პირველი გამოფენა ამერიკაში, ნიუ-იორკში. ამ დღეს გალერეის წინ სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა კოლექციის დასათვალიერებლად. მათ ნამუშევრებს ისეთი ცნობილი ადამიანები ყიდულობდნენ, როგორებიც არიან დევიდ ბოუი და კარლ ლაგერფილდი. მაგრამ მიუხედავად ამისა მემფისის ჯგუფმა არსებობის პერიოდში კომერციული წარმატება ვერ მოიპოვა.


მემფისი პოსტმოდერნისტული პასუხი იყო ფუნქციონალური და მინიმალისტური მოდერნიზმისა, რომელიც პოპულარული გახლდათ ამ პერიოდში. ძვირად ღირებული და მაღალი ხარისხის მინიმალისტური ავეჯი  პოპულარობით სარგებლობდა. მემფისის დიზაინერებს კი პროტესტის ნიშნად, იაფასიანი პლასტმასა და უცნაური გეომეტრიული ფორმები და ფერები იზიდავდათ. ამის გამო მემფისი ხშირად გამხდარა დაცინვის საგანი, მაგრამ აშკარაა, რომ მათ შექმნეს ის, რასაც დღეს 80-იანი წლების ესთეტიკას ვეძახით.

80-იან წლებში მემფისის გამორჩეულმა ხელწერამ პოპკულტურა მოიცვა. MTV-ს გრაფიკები, ცნობილი ბრენდის Esprit-ის პერანგები, 1995 წელს გამოსული პირველი ეფლის საათი, ისეთი ფილმების და სერიალების სტუდიოები, როგორებიცაა “უკან, მომავალში” და Sაved by the Bell. კარლ ლაგერფილდის სახლი მონაკოში სავსე იყო მემფისის დიზაინით.

მემფისის გავლენა დღემდე იგრძნობა მოდასა და პოპკულტურაში.

მემფისის დიზაინში ხშირად შეხვდებით ისეთ მასალებს, როგორებიცაა ლამინატი და ტერაზო (Terrazzo). პრინტი, რომელიც ასოცირებულია ამ ჯგუფთან, არის Squiggles, რომელიც ჯგუფის დამაარსებელმა ეტორე სოტსასმა 1978 წელს შექმნა.

მემფისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი სოტსასის კარადა “კარლტონია”. ის 1981 წელს შეიქმნა და შეგხვდებათ ისეთი მუზეუმების კოლექციებში, როგორიცაა  The Met და V&A. მისი შეძენა დღესაც არის შესაძლებელი მემფისის ოფიციალურ საიტზე.

ასევე აღსანიშნავია მარტინ ბედინის სუპერლამპა. მისივე თქმით, ამ პერიოდში ყველაფრის დიზაინს ბორბლებით აკეთებდა, რადგან ეზარებოდა ნივთების აქეთ-იქით ტარება.

მესამე ნივთი, რომელსაც აღვნიშნავდი, არის პიტერ შირის მიერ შექმნილი ბელ ეარის სკამი, რომლის ფასიც 12,000 ევროა. სკამის გამოშვებისთანავე 200-მდე სტატია დაიწერა მის შესახებ. ეს სკამი ნათლად გამოხატავს მემფისის ინტერესებს უცნაურ ფორმებში, არასტანდარტულ ფერებსა და მასალაში.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.