გააზიარე სტატია

უკანონო ტერიტორია – ინტერვიუ Anna K.E.-სთან

ანა ეძგვერაძე-კაპანაძე, იგივე Anna K.E. ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანია. Anna K.E.-ს შემოქმედებაში ფერწერა, ინსტალაცია, პერფორმანსი და ვიდეო ხშირად ერთ ნამუშევარში ერთიანდება.

ფორმის და მასალის მრავალფეროვნება, საგამოფენო სივრცეებზე რეფლექსირება, საგნობრიობაზე ყურადღების გამახვილება და არაცნობიერის ენობრივ წარმონაქმნებზე მუდმივი რეაგირება, მისი შემოქმედების ტიპური მახასიათებლებია — შემოქმედების, რომელსაც კონკრეტული ტერიტორია, ანუ ოდესღაც (მოდერნიზმში) ასე ღირებული “პერსონალური სტილი” არ გააჩნია.

Anna K.E. დაიბადა თბილისში 1986 წელს. სწავლობდა შტუტგარტის და დიუსელდორფის აკადემიებში. 2010 წლიდან მხატვარი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.

Anna K.E. არაერთი სოლო გამოფენის ავტორია, ამასთან ერთად, მონაწილეობს ჯგუფურ და კოლაბორაციურ პროექტებში.

2017 წელს ნიუ-იორკში ქვინსის ხელოვნების მუზეუმმა მისი შოუ Proffound Approach and Easy Outcome წარადგინა.

2015 წელს Anna K.E.-ს ობიექტების სერიის Teen Factory-ის პრეზენტაცია მიმდინარეობდა პარალელურად ორ ქალაქში — ნიუ-იორკში, სიმონ სუბალის და ბერლინში, ბარბარა თუმის გალერეებში.

ასევე, 2015 წელს, ნიუ-იორკის ინსტიტუციონალურ საგამოფენო დარბაზში  The Kitchen, გაიმართა მხატვრის გამოფენა No entrance No exit, სადაც მისი ნამუშევრების სერია Unfinished Smile იყო ნაჩვენები.

Anna K.E.-ს ინსტიტუციონალურ დონეზე ჰქონდა გამოფენები ლონდონში, ამსტერდამში, ნიუ-იორკში, მოსკოვში, მაიმიში, ატლანტასა და ჩიკაგოში.

გთავაზოვთ ინტერვიუს Anna. K.E.-ისთან.

ცოტა ხნის წინ რეიკიავიკში შენ და ფლორიან მაიზენბერგმა წარადგინეთ კოლაბორაციული ნამუშევარი, რომელიც ვიდეოპროექციას და პერფორმანსს აერთიანებდა, ამასთან, ფლორიანი ის ადამიანია, ვისთანაც ხშირად თანამშრომლობ, შეგიძლია რეიკიავიკის გამოცდილებაზე, ნამუშევარსა და ფლორიანთან კოლაბორაციაზე გვესაუბრო?

Sequences პერფორმანსის ფესტივალია, რომელიც რეიკიავიკში ყოველწლიურად ტარდება. წელს ფესტივალის პროექტის განსახორციელებლად ნიუ-იორკის “ნიუ მუზეუმის” კურატორი მარგოტ ნორტონი მიიწვიეს. მისი მიზანი იყო ფესტივალისთვის ისეთი პროექტების შერჩევა, რომლებიც რეიკიავიკის ფესტივალის ზოგად კონცეფციას განავრცობდა და კონტექსტს გააფართოებდა.

ისლანდიაში ჩასვლისთანავე ვიგრძენი, თუ როგორი დახვეწილობით ირეკლავდა მარგოტ ნორტონის კონცეფციის სათაური Elastic Hours ისლანდიის უიშვიათეს ბუნებასა და ზოგადად ამ სივრცის გამჭვირვალე მენტალურ დროს — დღევანდელ ცივილურ ყოველდღიურობასთან და თანამედროვე აზროვნებასთან კონტრასტში.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ ფესტივალზე, მარგოტ ნორტონმა მე და გერმანელი მხატვარი, ჩემი უახლოესი ადამიანი, ფლორიან მაიზენბერგი მიგვიწვია კოლაბორაციული პროექტით Late Checkout.

ამ პროექტში გაუცხოებულ-განმეორებადი რიტმული ქმედება უდროო სივრცეში იჭიმება და უსასრულო კონფრონტაციის დაუღლელი მცდელობები, ჩუმ, შინაარსგამოცლილ ქორეოგრაფიაშია ჩაქსოვილი. სივრცის, გარემოს და გარემოებების კვლევა, ფიზიკურად ცათამბჯენი სასტუმროს 15 კვადრატული მეტრის  ოთახის ჩაკეტილ სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ ნამუშევრის კონტექსტში ეს საზღვრებმოხსნილი ტრანზიტული ტერიტორიაა. ჩემი და ფლორიანის შემოქმედებითი ურთიერთობის პროცესები უმეტესად სწორედ ტრანზიტულ სივრცეებში იჩენს თავს: მეტროში, სასტუმროებში, აეროპორტებში — ანუ კონკრეტულ კუთვნილებას მოწყვეტილ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩვენი საკუთარი ფიზიკური სივრცისა და ფსიქიკური დაძაბულობის გარეთ გასვლის შანსს ბადებს. ერთად მხოლოდ პროექტიდან-პროექტამდე ვმუშაობთ.

ჩვენი პირველი თანამშრომლობა, როგორც დამოუკიდებელი მხატვრული სხეული, Late Checkout-ის სახით, 2015 წელს შეიქმნა. ეს პერფორმანსი გადაღებულია ნიუ-იორკის ცათამბჯენ სასტუმროებში. 2 წლის განმავლობაში ჩვენ ექვსი ვიდეონამუშევარი შევქმენით. პირველი სრულყოფილი პრეზენტაცია კი 2017 წელს ნიუ-იორკში, საგამოფენო დარბაზ Signal-ში გაიმართა.

შეიძლება ითქვას, რომ კურატორული მოთხოვნის გამო, ეს პროექტი, რომელიც თავიდან ვიდეონამუშევარს წარმოადგენდა, ორგანულად გადაიზარდა პერფორმანსში. Late Checkout-ის სადებიუტო პერფორმანსი 2015 წელს მონაკოში ჩატარდა, როდესაც ბერლინელმა მწერალმა და კურატორმა იორგ ჰაიზერმა დაგვპატიჟა ნუი ბლანშის ფესტივალზე.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბევრს საუბრობ კაფელის სტრუქტურის, მისი ინტიმური ხასიათისა და ამ მასალის ნამუშევარში ინტეგრირების შესახებ. რა პროცესები უძღვის წინ რომელიმე კონკრეტული მასალის ან სტრუქტურის ნამუშევარში ჩართვას?

საწყისი, როგორც წესი, ნახატია. სულერთია, ის ჩანახატის სახითაა თუ დამუშავებული ფორმით. ნახატში დიდი სიზუსტით განვიცდი მასალის არსებობას. თითქოს ფერით, ხაზით, ფაქტურის განცდით იძებნებაშესაბამისი სხეული.ხშირად პროექტები უტოპიურ იდეებად რჩებიან და ნახატის ფორმატს ვერ სცილდებიან. ამ ტიპის იდეები უდავოდ ემსახურება სივრცეში თავისუფალ ძიებას, ანუ მენტალურ ტერიტორიაზე ისეთ გახსნილობას, რომელიც ცდილობს გასვლას სამგანზომილებიანი საზღვრების მიღმა. პროცესი ძალიან ცოცხალი ხდება — მიმდინარეობს სტილისტური და მეთოდოლოგიური გადაკვეთების კვლევა და გამრავლება.

ნამუშევრებში: Profound Approach and Easy Outcome, Two Whores in the Same Dress და ზოგადად შენს შემოქმედებაში ხშირად ფიგურირებს თემები, რომლებიც ხელოვნების ისტორიაში ქალის როლის გააზრებას ეხება. შენი “კომიკური” ხასიათის ფოტო-პორტრეტები ოტო დიქსის და ბალთუსის ნამუშევრების ფონზე გარკვეულწილად ამ საკითხებს ეხმიანება. შენი აზრით, როგორია თანამედროვე ხელოვანი ქალის როლი? რა გამოწვევების წინაშე აყენებს მას დღევანდელი კულტურა?

ნიუ-იორკში პირველი მოგზაურობის დროს (2006 წელს) დავიწყე მუშაობა Profound Approach and Easy Outcome-ის სერიაზე, რომელიც დღემდე პროცესშია.

მახსოვს, გაოცებული ვიყავი — თუ რა ინტენსივობის დესტაბილიზაცია შეიძლება მოახდინო ყველაზე მსუბუქი ჟესტის ხარჯზე ჰერმეტულ ისტორიულ სივრცეებში, სადაც უმეტესად მამრობითი სქესის პროტაგონისტები არიან წარდგენილი. ამ ჟესტს ჰაერი, კითხვა და რეანიმაცია შეჰქონდა ისეთ იერარქიულ, ემბლემურ სამყაროში, როგორიცაა მუზეუმი, მისი ისტორიული გარემოებებით.

ცოცხალი და ფაქიზი იუმორის რადიკალურობით, ყოველთვის შესაძლებელია შეუფერხებლის დეკონსტრუქცია და ყველანაირი სისტემატურობის, კლიშედქცეული “ჭეშმარიტების” და კულტურული სიმყარეების გარღვევა; ახალი ლექსიკონის გაფორმება, რომლის მეშვეობით შესაძლოა ცნობიერება ბინარულობის მიღმა სივრცეს გასწვდეს — როლების და დასახელებების გარდასახვის დელუზიანურ ალგორითმში.

საჭიროა შეიცნო  მოვლენები, ტერიტორიები და კულტურული კონსტრუქტები, რომ შედეგად სააზროვნო ტერიტორია მოცარიელდეს, რაც სრულიად დამოუკიდებელი ნახტომის საშუალებას გააჩენს. ამას ცდილობს დღეს ქალი მხატვარი და არა მარტო —  ეს დღესდღეობით იდეალური არტისტული პრაქტიკაა.

შენი შემოქმედება მრავალფეროვანია მასალისა და მედიუმების თვალსაზრისით. რთულია მათი მიკუთვნება რომელიმე კონკრეტული სახელოვნებო ენისთვის.  როგორ მიხვედი ამ სინთეზამდე?

შემოქმედება უკანონო ტერიტორიაა, უმიზნო და უძირო მანიფესტაცია.

ენერგიის ხარჯზე, ნების ხარჯზე, ასევე ხედვისა და ხვედრის ხარჯზე იქმნება სამყარო, რომელიც ამ სამყაროს გამტარის პიროვნული ინტერესების, გამოცდილებების ან სიმართლის მიღმა გადის და არარსებულში ყოფიერობს. ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად არ მაინტერესებს ანბანი, რომელიც ემსახურება სიტყვას, სიტყვა, რომელიც ემსახურება წინადადებას, წინადადება, რომელიც ემსახურება აზრს, აზრი, რომელიც ემსახურება შინაარსს, შინაარსი, რომელიც ემსახურება მიწიერს, ან ზეციერს.

ნამდვილი (ჭეშმარიტი) მათემატიკა არაა გამოყენებითი (გამოთვლადი) ენა.

შენს ნამუშევრებში, იქნება ეს ვიდეოპერფორმანსები თუ ინსტალაციები, ხშირია უშუალოდ შენი ფიზიკური ინტერაქცია. შეიძლება ეს მოვლენა რაიმე კონკრეტულ ხედვას ან პოზიციას დავუკავშიროთ? თუკი ეს შესაძლებელია — ინტუიციურია ის თუ გააზრებული?

თავად ჩემს შეჭრას საკუთარ ნამუშევარში action-ს დავარქმევდი. აქ საკმაოდ მგრძნობიარე და ამავდროულად მყიფე მომენტზეა საუბარი, სადაც შეიძლება ერთმა, კონკრეტულად აცდენილმა აზრის გაელვებამაც კი ამ ქმედების დარღვევა გამოიწვიოს და შესადგენი არ შედგეს. ეს მომენტები თითქოს ჩაღრმავებაა საკუთარ შემოქმედებასა და აზროვნებაში, სადაც ბოლომდე ალღოს უღებ წუთიერში იმას, რაზეც შინაგანად ფაქტობრივად წლების განმავლობაში ორჭოფობდი.

უმეტესად action-ს ინტენსიური რეფლექტირება და ანალიზი მოჰყვება. ყოფილა სიტუაცია, მაგალითად, ვიდეოს გადაღების შემდეგ, ისეთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამომიტანია, რომ 2 წელი დამჭირვებია ამ დასკვნის უკვე განშტოებული დისკურსი ჩემს შემოქმედებაში მეჩვენებინა.

ინსტალაციებში ვიდეოების ჩართვით თვითმმართველობის ირონია შემოდის და მათი სერიოზულობის დაკითხვა ხდება. ჩნდება აბსურდული სინთეზი, რაც დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი შემოქმედებისთვის.

შენს ინსტალაციებში ფორმები მუდმივად ცვალებადია, შეგიძლია შენს დამოკიდებულებაზე გვესაუბრო ფორმის ცვალებადობასთან კავშირში?რა პროცესები უძღვის წინ ნამუშევრისთვის რომელიმე კონკრეტული ფორმის მორგებას?

იდეები თხევადი მექანიკებია — იდეის პროცესუალობის პერმანენტული დინების აქცენტირების, მისი სივრცეში სხეულებრივი კრისტალიზაციის მცდელობა არითმიულ მდგომარეობაშია.

თბილისში, სკოლაში სწავლისას, მეოთხე კლასში, მასწავლებელმა მის მიერ წარდგენილი მეთოდით დაგვავალა ამოგვეხსნა რამდენიმე ამოცანა.

მახსოვს, ჩემი ჩანაწერების ნახვის შემდეგ როგორ გაკვირვებით ესაუბრებოდა დედაჩემს მასწავლებელი — ყველა პასუხი სწორი იყო, მხოლოდ სხვა, თავისებური (არა მასწავლებლის მიერ მოცემული) მეთოდით ნაანგარიშები. დედამ, რასაკვირველია, იმწამსვე გადაწყვიტა, რომ მათემატიკოსი უნდა გავმხდარიყავი. მახსოვს ის გრძნობა — როგორ სრულყოფილებას განვიცდიდი ანგარიშის დროს, თურმე უკანონო გზის გაკვლევის თავგადასავალი მამოძრავებდა. მათემატიკაში უდავოდ ბევრი გზა არსებობს, რომლებსაც ერთი და იგივე შედეგამდე მიჰყავხარ.

კიდევ ერთი პატარა ისტორია, უკვე ჩემი თინეიჯერობის დროინდელი:

გერმანიაში რომ გადავედი ახალი ენების სწავლა დავიწყე (გერმანულის, ინგლისურის), მანამდე, საქართველოში, სხვა ენებს ვიზუთხავდი (ქართულს, რუსულს, ფრანგულს). კომუნიკაციის აუცილებლობის ასეთ სტრესულ სიტუაციაში არაცნობიერად გამომიმუშავდა თავის გამოხატვის ჩემებური გზა. ყველა ჩამოთვლილ ენას უსირცხვილოდ და უნამუსოდ ვურევდი, ისე რომ, ყოველი წინადადება შედგებოდა: 3 სხვადასხვა ენის სიტყვებისგან და ხშირ შემთხვევაში კიდევ ისეთი “სიტყვისგან”, რომელიც არც ერთ ენაზე არ ვიცოდი — შეფერხების და სიტყვიერი ნაკადის შეჩერების გარეშე, სხარტად ვაყალიბებდი რაღაც აბსტრაქტულ ხმოვან ვიბრაციას — რომელიც ორგანულად ცვლიდა იმ ჩემთვის უცნობ, მაგრამ საჭირო სიტყვას.

ამას სასაცილო შედეგი მოჰყვა – ხალხი ყურადღებით მიგდებდა ყურს (დაწყებული მეგობრით და დამთავრებული მასწავლებლებით და პროფესორებით).

ყველა მათგანი ამ, ჩემ მიერ შექმნილი უცნობი ვერბალური ვიბრაციის ამოცნობას და მის კონტექსტუალურ ინტერპრეტაციას ცდილობდა. მერე კი თავისებურად გააზრებულს უკან მიბრუნებდა — მთავაზობდნენ ახალ-ახალ, სულ სხვადასხვა კონტექსტიდან გაგებულ მნიშვნელობებს. ასე რომ, ადგილი ჰქონდა ინტერაქტიულ შემოქმედებას. ამის ხარჯზე შინაარსები ყოველ შემოთავაზებაზე იცვლებოდა და ეს შინაარსის ქმნადობა უსასრულო პროცესში გადადიოდა. პრაქტიკულად ის შემოქმედებითი მეთოდი ხორციელდებოდა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების საფუძველს წარმოადგენს – აღმნიშვნელის “შეკიდება” და მისი ახლებური და ინდივიდუალური დატვირთვა ორივე მხრიდან – შემქმნელის და მომხმარებლის.

შეგიძლია შემოქმედებით პროცესზე გვესაუბრო? რა ფაზებს გადიხარ იქამდე, სანამ რომელიმე კონკრეტული იდეის გარშემო დაიწყებ მუშაობას?

ვცდილობ არ დავუბრუნდე რაიმე გაცნობიერებულ პროცესს, სპეციფიკურად გავიაზრო ყოველი ნამუშევრის შექმნა და ამ კულტურულ კონტექსტს გამოცლილ სივრცეში, ყველანაირი მარცხი, როგორც ახლის და უცნობის რაღაც შანსი დავინახო. ეს რთულია — ყოველთვის უბიძგო თავს –  ახლიდან, ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო პროცესი.

განახლება დაუყოვნებლივ ყოველთვის ვერ შედგება — მეტი დრო და მოთმინება სჭირდება, განსხვავებით იმისგან, როდესაც გარკვეული სახის შემოქმედებითი რუტინა არსებობს და იცი, რა ტერიტორიაზე იმოძრაო.

ჩემთვის ძალიან მხიარული მომენტია, როდესაც სხვადასხვა სფეროდან და პერიოდიდან იდეები და კონცეფციები პოულობენ და კვეთენ ერთმანეთს — ორგანულად ქმნიან ერთიან ტექსტს. ყოფილა შემთხვევა, ხუთი ან მეტი წელი გასულა, სანამ საბოლოოდ გადაიკვეთებოდნენ მოვლენები. ეს უდავოდ ცოცხალი პროცესია, მაგრამ დიდ საარქივო სივრცეს (თანამედროვედ რომ ვთქვათ – დიდ disk space-ს) ითხოვს.

არის რაიმე კონცეპტი, რომელსაც მუდმივად უბრუნდები შენს ნამუშევრებში?

თმის გადაპარსვას და ცივი შხაპის მიღებას.

თეთრ ფურცელს და დროულ უსასრულობას.

პოკაჰონტასა და ზარატუსტრას.

თხევადი დილის ალტერნატიულ შიმშილს.

გვესაუბრე შენს სამომავლო გეგმებზე.

ჩემი სოლო გამოფენა ნიუ-იორკის ქვინს მუზეუმის დიდ კედელზე (14 მ სიმაღლე, 43 მ სიგრძე) თებერვლის ბოლოს დამთავრდა, რომელიც დაახლოებით 1 წელი იყო ინსტალირებული.

იანვარში, ასევე ნიუ-იორკში, სიმონ სუბალის გალერეაში შედგა ჩემი მესამე სოლო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნამუშევრების სრულიად ახალი სერია, რომელზეც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე მუშაობა.

“არკო”-ს არტ ფეაზე, მადრიდში, ბარბარა თუმმის გალერეაში, მხატვარ ტერეზა ბურგარის ნამუშევართან ერთად გამოიფინა ჩემი ნამუშევრები.

აპრილში სან პაულოში გავმართავ გამოფენას  ნარა როესლერ გალერეაში, ორი ნიუ-იორკელი მხატვარის მიერ კურატორობით გამართულ ჯგუფურ გამოფენაში – პოტოგრაფიაზე.

ზაფხულში სიმონ სუბალის გალერეამ Condo პროექტის ფარგლებში დაპატიჟა ლონდონის საიდი კოლ გალერეა და ამ გალერეის მხატვარი დანიელ სინსელი ნიუ-იორკში  ჩემთან ერთად წარადგენს ნამუშევრებს.

ასევე ვმუშაობ პროექტზე “ნიუ-იორკ სითი სენტრისთვის”, რომელიც ნიუ-იორკის პირველი საბალეტო თეატრია, სადაც ბალანჩინი მოღვაწეობდა.

ასევე  დაგეგმილია სოლო შოუ ბარბარა თუმმის გალერეასთან, ბერლინში, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ და შუალედებში ალბათ კოლაბორაციული პროექტები ფლორიანთან.

 

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.