გააზიარე სტატია

2017 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკალური ვიდეოები

St. Vincent – New York

Saint Vincent-ის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი ამერიკელი ვიზუალური არტისტი ალექს და კორტეა. “ვფიქრობ, ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს იმის თაობაზე, თუ როგორია  ნიუ-იორკი, მაგრამ ამ იდეებიდან, არც ერთი არაა მართებული”, –  ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში. კლიპში ორი ქანდაკებაა გამოყენებული, რომელიც არტისტის აზრით, ნიუ-იორკის ესთეტიკას გამოხატავს, რადგან ორივე ქანდაკება მარტივი და ფორმალურია. პირველი “ალამოს შავი კუბია”, ხოლო მეორე გაშლილი კედელი და სკულპტურა, რომელზეც მომღერალი Saint Vincent-ი ზის, საკმაოდ შთამბეჭდავ კადრში. კლიპის დასაწყისში მომღერალს ხელში მოძველებული ყურმილი უჭირავს, ფონად კი ამ ყველაფერს სიმღერის სევდიანი ტექსტი გასდევს. ამ კადრის ინსპირაცია რეჟისორისთვის რაინერ ვერნერ ფასბინდერის მიერ 1972 წელს გადაღებული ფილმი აღმოჩნდა, სახელწოდებით: “პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები”, სადაც მთავარი პერსონაჟი პეტრა ცდილობს საყვარელს დაუკავშირდეს. ამ შემთხვევაშიც, კლიპში ეს კადრი კომუნიკაციის, სხვასთან დაკავშირების მძაფრ სურვილს გამოხატავს ისეთ დიდ და მრავალფეროვან ქალაქში, როგორიც ნიუ-იორკია. ვიდეო საბოლოოდ მრავალი, ვიზუალურად მომხიბვლელი ელემენტით არის დატვირთული, რაც გარკვეულწილად სიმღერის სევდიან ტექსტს აბალანსებს.

რეჟისორი: Alex Da Corte

Arcade Fire – Signs of Life

Arcade Fire-ის მუსიკალურ ვიდეოზე “Signs of Life “ მაიამიში დაფუძნებულმა კოლექტივმა “Borscht Corporation”-მა იმუშავა, რომლის რეჟისორებიც Jillian Mayer და Lucas Leyva არიან. კლიპში კარგად ჩანს ფრანგული ახალი ტალღის ესთეტიკა, სადაც შეყვარებულ წყვილს სერიოზული მისია აკისრია, საუზმე ყავა და სიგარეტია, ხოლო კულტურული აქტივობა გადარჩენის ფუნდამენტური წყარო. თანამედროვე მაიამი ამოუხსნელი, მისტიკური მოვლენებით არის მოცული. სიყვარულის და კულტურის  აგენტები  თავგადასავალში ერთვებიან, რომლის საბოლოო მიზანიც დედამიწაზე სიცოცხლის ნიშნების პოვნაა. სიმღერის ტექსტი კი გვახსენებს, რომ ძიება ხშირ შემთხვევაში უშედეგოა, თუმცა პროცესი დაუსრულებელია, რადგან ის ყოველ ჯერზე ხელახლა მეორდება და თუ სიცოცხლის ნიშნებს ვეღარსად ხედავ, მაშინ თავიდან უნდა ეძებო ისინი.

რეჟისორები: Jillian Mayer, Lucas Leyva

Kendrick Lamar – HUMBLE

Kendrick Lamar- ის  “Humble” 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ვიდეოა, რადგან მის გამოსვლას  მრავალი სტატია მოჰყვა – გადაღების ფორმატსა და შინაარსობრივ მხარეზე. Kandrick Lamar-ი არაერთ სოციალურ პრობლემას ეხება, 360-გრადუსიანი კადრები, საიდუმლო სერობა, გამოსახულებების სწრაფი მონაცვლეობა, პაპის ფორმაში გამოწყობილი რეპერი მის გარშემო არსებულ რეალობაზე რეაგირებს და პერფექციონიზმს, თვითკმაყოფილებას, ფოტოშოპსა და თანამედროვე კულტურის მიერ შექმნილ მითებს აკრიტიკებს. ვიდეო სავსეა რელიგიური გამოსახულებებითა და დასამახსოვრებელი სიმბოლოებით.

რეჟისორები: Dave Meyers და The Little Homies

King Krule – Dum Surfer

King Krule-ს ვიდეოზე “Dum Surfer” Brother Willis- მა იმუშავა, კლიპში King Krule, ანუ არჩი მარშალი კონცერტზე საკაცით მოჰყავთ, სადაც ის მკვდრეთით აღდგება და სიმღერას იწყებს, ბენდის წევრები კი მის გარშემო დაბარბაცებენ. ბარში არჩი მარშალი უცნაური გარეგნობის, თითქმის მკვდარი ადამიანებისთვის მღერის, რომლებსაც კამერა ნელი ზუმით უახლოვდება და მათი ნაკვთები ფოკუსში ხვდება. ამ ფონზე კი – შესამჩნევი კონტრასტი იქმნება სიმღერის დინამიკასა და გარემოს შორის, რადგან მთელი ბენდი ზედმეტად “ცოცხალია” იმისთვის, რომ ასეთ “მკვდარ” გარემოში იმღერონ, კლიპის დასასრულს კი საკაცე, რომლითაც მომღერალი მოიყვანეს, ცარიელი რჩება. ბოლოს კი ავტორის გაბრაზებული ხმა ისმის, სადაც ის თითქოს კითხვას სვამს – დააღწევს თუ არა თავს ოდესმე თვითგვემას ან საერთოდ სურს თუ არა თავის დაღწევა?

რეჟისორი: Brother Willis

Tyler, The Creator – Who Dat Boy

Tyler, the Creator მუსიკალური კარიერის პარალელურად კარგი დიზაინერიცაა, შესაბამისად მისი  კლიპები დასამახსოვრებელი ვიზუალებით გამოირჩევა, მინიშნებას მის ამ შემოქმედებით მხარეზე სასცენო მეტსახელიდანაც ვიგებთ – The Creator. “Who Dat Boy” მუსიკოსის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნამუშევარია. კლიპი ექსპერიმენტით იწყება, რომელიც ჰორორის ელემეტებით არის სავსე, მაყურებლისკენ ზურგით შებრუნებული Tyler-ი, რომეო და ჯულიეტას პლაკატის ფონზე ცდას ატარებს, რომელიც სახის დაზიანებით სრულდება, რის შემდეგაც ის თავის მეგობართან გარბის, სახის პლასტიკურ ქირურგად კი A$AP Rocky-ი გვევლინება.

რეჟისორი: Wolf Haley

Bjork – The Gate

ბიორკის შემოქმედება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მუსიკალური ვიდეოს გადაღებისას ახალი მედიუმების გამოყენებით შთამბეჭდავი, ინოვაციური პროდუქტის შექმნა. The Gate ბიორკის 2017 წლის ნამუშევარია, რომელზეც მუსიკოსის დიდი ხნის კოლაბორატორმა Andrew Thomas Huang-მა გადაიღო, The Gate-ს ფსიქოდელიურ მომავალში გადავყავართ, სადაც დანაწევრებული ციფრული პერსონაჟები გვხვდებიან და ჰარმონიულ, მომავლის სამყაროს ქმნიან.

რეჟისორი: Andrew Thomas Huang

Radiohead – Lift

Radiohead-მა სიმღერა სახელწოდებით Lift პირველად  კალიფორნიაში, კლუბ Troubadour-ში შეასრულა 1996 წელს, ხოლო 2017 წელს Oscar Hudson-მა თვალისმომჭრელი კლიპი გადაიღო, სადაც სიმღერის ტექსტი ჰარმონიულად ერთიანდება კლიპის ვიზუალურ მხარესთან და ვიდეოს საბოლოო კონცეფციასთან, რაც ბენდის წარსულს ეხმიანება. სიმღერა თავდაპირველად ალბომისთვის OK Computer შეიქმნა, მაგრამ ჯგუფის წევრების საბოლოო გადაწყვეტილებით  ალბომში არ შესულა.

რეჟისორი: Oscar Hudson

JAY-Z – The Story of O.J.

Jay-Z-ის ახალი მუსიკალური ვიდეოს რეჟისორები თავად მომღერალი და Mark Romanek არიან, ანიმაცია კი გარკვეულწილად ამერიკაში რასისტულ პრობლემატიკას ეხმიანება, კინოს თუ ანიმაციის ისტორიას, რომელშიც ნაკლებად  შეხვდებით შავკანიან პერსონაჟებს. სიმღერის ტექსტიც გაჯერებულია ხმამაღალი განცხადებით, რომ შავკანიანი ნებისმიერ ვითარებაში შავკანიანად რჩება. ამ განცხადების ფონზე კი ვხედავთ შავ-თეთრ ანიმაციას, რომელიც ჩვენს ყურადღებას  სახასიათო პერსონაჟებით იქცევს.

რეჟისორები: Jay-Z და Mark Romanek

 

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.