გააზიარე სტატია

3D დიზაინი – გიორგი მიქიაშვილი

როგორ მიხვედი 3D დიზაინამდე? რა პროცესები გაიარე, სანამ ამ მიმართულებით განავითარებდი შენს შემოქმედებას?

ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა ან რაიმე შემოქმედებითის კეთება, ამიტომაც  დედაჩემმა შემიყვანა სამხატვრო ათწლედში, რომელიც მეორე სკოლა იყო ჩემთვის. სკოლიდან სამხატვრო სტუდიაში მივდიოდი, კვირაში 3-4 დღე. ასევე, დავდიოდი  ხატვაზე, მასწავლებლებთა. თინეიჯერობაში შევეშვი ხატვას, მაგრამ გრაფიკული პროგრამებით ვიყავი დაინტერესებული და ვმუშაობდი გრაფიკოს დიზაინერად, მემონტაჟედ და ასე შემდეგ. ყოველთვის მინდოდა, რომ ხატვა გამეგრძელებინა, მაგრამ ზარმაცი ვარ  და ბოლოს, 3D პროგრამების სწავლა დავიწყე. შედეგი ბევრად მალე მივიღე, ვიდრე ველოდი. საწყისი სტადია, რაც ყველაზე რთულად გადასალახავია ხელოვნების სხვადასხვა დარგში, როცა არაფერი გამოგდის, აი ეგ სტადია არ მქონია 3D-ში ალბათ ამიტომაც გავაგრძელე.

არარეალური გმირები, რომლებსაც ქმნი, ძირითადად მომავლიდან გვევლინებიან და აბსტრაქტულ სიუჟეტებში, კიჩურ, სინთეტურ გარემოში გვხვდებიან, როგორ ქმნი კონკრეტული პერსონაჟის გარშემო დრამატურგიას?

ჯერჯერობით ისეთი სიუჟეტი  არ შემიქმნია, რომელშიც რამდენიმე პერსონაჟია გაერთიანებული,  მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავ. სიუჟეტების შექმნისას ჩემთვის საინტერესოა როგორც წარსული , ისე მომავალი.  ორივე დროზე მუშაობა მნიშვნელოვანია. მომავალის ძალიან ბევრი ვარიაცია შეიძლება შექმნა, მაგრამ წარსულის სტილიზირებაც ბევრნაირად არის შესაძლებელი. აწმყო დიდად არ მიზიდავს…

რა პროგრამებს იყენებ ყველაზე ხშირად სამუშაო პროცესში?

ძალიან ბევრს – Zbrush, Maya, Substance Painter, Quixel suite, 3D Coat, Cinema 4d, Marvelous Designer, Photoshop, After Effects, Keyshot, Marmoset Toolbag,

ახლა Unreal Engine 4-ს ვსწავლობ, რის გამოყენებასაც ვაპირებ სიუჟეტების შესაქმნელად.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული 3D-ში მუშაობა?

მთავარი სირთულე ის არის, რომ ძალიან ტექნიკურია  და ბევრი პროგრამის სწავლაა საჭირო. მაგალითად, ერთი პერსონაჟი რომ შექმნა, 3-4 პროგრამა უნდა გამოიყენო მინიმუმ.

შემდეგი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ნელი პროცესია და ბევრი სამუშაო.

3D დიზაინი  ძალიან ახალგაზრდა მედიუმია, ამასთან, “ხელსაწყოებიც” (პროგრამები) ძალიან შეზღუდულია, ჯერჯერობით, მაგრამ უფრო და უფრო გაადვილდება და გავრცელდება მომავალში.

რა არის შენი მთავარი გამოწვევა პერსონაჟების შექმნის დროს? საიდან იღებ ინსპირაციას?

პერსონაჟების დიზაინის შექმნა ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი საქმიანობა იყო ყოველთვის,  მთავარი გამოწვევა მათზე მუშაობის პროცესია. ინსპირაციას ყველაფრიდან ვიღებ. მაგალითად: კომიქსებიდან, ვიდეოთამაშებიდან, მულტფილმებიდან/მულტსერიალებიდან, ანიმედან, ნაწარმოებებიდან, ინსპირაციას ყველაფრიდან ვაგროვებ, რომელიმე კონკრეტულ ჟანრს ვერ გამოვარჩევდი.

ლოკალურ სივრცეში არცთუ ისე ბევრი ადამიანი მუშაობს ამ მიმართულებით, როგორ ხედავ 3D დიზაინის განვითარების მომავალს საქართველოში?

მე პირადად არ ვიცნობ ბევრს, ვინც 3D-ში მუშაობს, ყოველ შემთხვევაში კრეატიული მიმართულებით, მაგრამ, მაგალითად, ფეისბუქზე CG georgia ჯგუფში აზიარებენ ხოლმე ნამუშევრებს, ალბათ ნელ-ნელა დაინტერესდება უფრო და უფრო მეტი ადამიანი.

არის რაიმე კონკრეტული მიმართულება შენს სფეროში, რის განვითარებასაც ისურვებდი ლოკალურ გარემოში?

ყველაზე ძალიან ვისურვებდი, რომ ინსპირაციის წყაროები გააფართოონ არტისტებმა. რაც უფრო მეტი სფეროდან მიიღებს არტისტი ინსპირაციას, მით უფრო დიდი ფანტაზია ექნება, და უკეთესი გემოვნებაც  ჩამოუყალიბდება. არ მგონია, რომ ლოკალურ სივრცეში გემოვნების ნაკლებობაა, მაგრამ უფრო დახვეწა აჯობებდა.

ბოლო პერიოდში ბევრი არაფორმალური სასწავლებელი გაიხსნა, სადაც  ალტერნატიული განათლების მიღებაა შესაძლებელი, თავად ხომ არ გიფიქრია ამ სფეროში  შენი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაზე?

კი, მიფიქრია და ალბათ შევეცდები გავუზიარო ჩემი გამოცდილება სხვებს მომავალში.

მაგრამ, მე თვითონ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.