გააზიარე სტატია

4GB Festival 2018

4GB ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც ქართველი პიონერი დიჯეის, გიო ბაქანიძის ხსოვნას ეძღვნება. 2011 წელს ჯერ კიდევ მცირე მასშტაბის მქონდე ღონისძიება პერიოდულად გაიზარდა და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ელექტრონული მუსიკის ფესტივალად იქცა. მიუხედავად მასშტაბების და ვიზიტორების რაოდენობის ზრდისა, ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობენ ფესტივალის საწყისი განწყობა და ღირებულებები მუდმივად შეინარჩუნონ. 

წლევანდელი ფესტივალი როგორც არტისტული შემადგენლობით, ასევე მუსიკალური კონცეპტით და ლოკაციითაც განსაკუთრებულია. ამიტომ, თამამად შეგვიძლია შევაფასოთ ის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც 2018 წლის 4GB-ს საინტერესოს და მნიშვნელოვანს ხდის.

ადგილმდებარეობა – შარშან ძალიან ბევრმა ადამიანმა პირველად გაიგო, რომ საგურამოში კოსმოსური ნაგებობათა ცენტრი არსებობდა და კიდევ უფრო ცოტამ გააცნობიერა, რომ ამ ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარება შეიძლებოდა. 4GB წლების მანძილზე იცვლიდა ადგილმდებარეობას და 2017 წლის ღონისძიებაზე ისინი იმ ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რასაც ფესტივალის ქალაქის გარეთ გატანა გულისხმობს. საბოლოოდ კი ახალი სივრცე 4GB-სთვის სტაბილურ ვენიუდ იქცა და წლევანდელი ღონისძიების ორივე ნაწილი (18/19 და 25/26 მაისი) სწორედ საგურამოში გაიმართება.

Michael Mayer – როდესაც 4GB ფესტივალისთვის Michael Mayer-ის როლზე ვსაუბრობთ, საერთოდ არ არის საჭირო ყურადღება მის დისკოგრაფიაზე, დაკვრის ტექნიკასა თუ სელექციის უნარზე გავამახვილოთ. პირველ რიგში მაიერს გააჩნია სიმბოლური დატვირთვა, რადგან ის გიო ბაქანიძის ყველა დროის საყვარელი არტისტი იყო. 2011 წელს, პირველი ღონისძიების დახურულ საღამოზე სწორედ ის იყო 4GB-ს ერთადერთი სტუმარი. მას შემდეგ  მაიერი ფესტივალის უცვლელი ჰედლაინერია და ყოველი 4GB-ს სწორედ მისი დიჯეი სეტით სრულდება. მისი შარშანდელი მარათონული სეტი ფესტივალის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა და კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად განუყოფელია ეს დიჯეი ამ ღონისძიებისთვის. 

Ricardo Villalobos – შეგიძლიათ მარტივად თქვათ, რომ რიკარდო მსოფლიოში საუკეთესო დიჯეია და შემდეგ ამ მოსაზრების გასამყარებლად არგუმენტების მოძიებისთვის თავიც არ შეიწუხოთ. თუმცა ვილალობოსის დასახასიათებლად ეს საკმარისი არ იქნება. იგი არის ის იშვიათი არტისტი, რომლის შემოქმედებითმა თავისუფლებამ საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ლეგიტიმაციასა და კულტურული ღირებულების განსაზღვრაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი არტისტული მოღვაწეობის გზა მხოლოდ დიჯეის ან მუსიკის პროდიუსერის საქმიანობაზე არ გადის. ვილალობოსი ელექტრონული მუსიკის სივრცეში მოქმედებს როგორც აქტივისტი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სფეროს როგორც კულტურული, ასევე პოლიტიკური განზომილება. გარდა ამისა, ნებისმიერ შემოქმედებით ეტაპზე იგი ყოველთვის ინტერესდება ყველაზე ტექნიკური და მექანიკური დეტალებითაც კი, რის გამოც მისი როგორც პერსონა, ასევე შემოქმედება თავისი გავლენით უპრეცენდენტოა.

Red Bull Music Academy  – ფესტივალის და RBMA-ს თანამშრომლობა Jeff Mills, Luke Slater, Comisc TRG და სხვა ბევრი საინტერესო არტისტთან თანამშრომლობას მოიცავს. ბოლო წლებში 4GB-ზე RBMA სცენის არსებობა გარკვეულ ტრადიციად იქცა და გამონაკლისი არც წლევანდელი ღონისძიებაა. Scuba, Legowelt (Live), The Hacker, Tobias (Live), Boston 168 (Live), Shlomo (Live), Boyd Schidt B2B Zitto – ეს იმ არტისტების ჩამონათვალია, რომლებიც 19 მაისს საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში დაუკრავენ. ფაქტია, რომ ლაინ აპი მუსიკალურად ძალიან მრავალფეროვანია, რაც ამ კონკრეტულ დღეს მსმენელისთვის საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებად აქცევს. შესაბამისად, 19 მაისს საგურამოში ყოფნა ნამდვილად რეკომენდებულია.

Berlin Atonal – ფესტივალის მეორე ნაწილი, რომელიც 25 მაისიდან გაგრძელდება, წლის მთავარ სიურპრიზს მოიცავს. ყველაზე ერთგულ მსმენელსაც კი ძალიან გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ 25 მაისს საგურამოში Berlin Atonal-ის ღონისძიება ჩამოვიდოდა. გერმანიაში დაფუძნებული ექსპერიმენტული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი 80-იან წლებში ბერლინის ექსპერიმენტული მუსიკის სცენის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. 2013 წელს Berlin Atonal-მა ძველი ღირებულებების გათვალისწინებით ახალი სიცოცხლე დაიწყო და ისევ ძალიან მოკლე დროში დააფიქსირა თავისი თვითმყოფადობა და ავთენტურობა. 4GB-სთან თანამშრომლობის პირობებში ლაინ აპი შემდეგნაირად გამოიყურება: Surgeon, Emptyset – Live A/V, Roly Porter + MFO present Third Law – Live A/V, Laurel Halo – Live, Veronica Vasicka, Pact Infernal – Live A/V, Substance aka DJ Pete, Skee Mask, Octachoron – Live, Esi – Live. ცალკეულ არტისტებზე იმდენი შეიძლება ითქვას, რომ ერთმა სტატიამ ვერ დაიტიოს, მაგრამ ამ დღის მნიშვნელობას ვერცერთი ცალკეული მუსიკალური აქტი ვერ განსაზღვრავს – ეს იქნება შთაბეჭდილებების ისეთი ნაკადი, რომელიც ფესტივალის ისტორიაში ახალ ფურცელს დაწერს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ამ ლაინ აპში ბაკურ მეტრეველის და სანდრო კოზმანიშვილის პროექტი Ochtachoron და ირაკლი შონიას Esi მოხვდნენ. მათი მუსიკალური ორიენტაციის და ღირებულებების Berlin Atonal-ის სივრცეში გაზიარება ნამდვილად კარგი ტენდენციის მანიშნებელია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.