გააზიარე სტატია

Suspicious Loops

გამოფენა My Silent Response is Your Blind Guide არტარეას საგამოფენო სივრცეში შედგა, ორგანიზაცია “პროპაგანდას” მხარდაჭერით, სადაც ექსპოზიცია ძირითად სამ ნაწილად იყოფოდა და სხვადასხვა მედიუმების გამოყენებით ერთი კონცეფციის ქვეშ ერთიანდებოდა, რომელიც ეფუძნებოდა კვლევას მცდარი მეხსიერების შესახებ, მნიშვნელოვნად წარმოჩინდა ფორმა, სადაც ფოტოგრაფია  ინსტალაციის მედიუმთან იკვეთება, ამავდროულად კი იკითხება, როგორც ისტორია, შენი აზრით, როგორ მიმართებაშია ფოტო ობიექტთან ან ობიექტი ფოტოსთან იმ მოცემულობაში, სადაც ფოტო თავისთავად ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია?

გამოფენაზე მუშაობის პროცესში კონცენტრირებული ვიყავი არა კონკრეტულ მიმართებაზე, რომელიც შეიძლება ერთმანეთთან ჰქონოდა ნამუშევრებს, არამედ მის ერთობლიობაზე სივრცეში, მთავარი იდეა თავიდანვე მიზნად ისახავდა გამოსახულების სხვადასხვა შრეში გადაყვანას, რამაც განაპირობა ფოტოგამოსახულების ობიექტებთან ერთად ექსპოზიციაში გამოყენება და ინსტალაციის სახით სივრცის ათვისება. ჩემთვის საინტერესო საკვლევი თემა იყო ცრუ მეხსიერება, ანუ ადამიანის მდგომარეობა, სადაც თვითონ აწარმოებს გარკვეულ მოგონებებს, რომლებიც არ მომხდარა, პირადი თუ ირგვლივ არსებული არქივების გამოყენებით. რადგან პირად არქივებზეა საუბარი, საქმე ეხება ინტიმურ დეტალებს, რომლის ხელოვნების კონტექსტში გადმოთარგმნა რთულია. ამიტომ ხაზგასმულად და მიზანმიმართულად მინდოდა მეჩვენებინა კავშირი დავიწყებასა და გახსენებას შორის, რომლის ნათელ მაგალითად ორი იდენტურად შესრულებული 70-იანი წლების ფოტო გამოსახულება ჩავთვალე. ფოტოზე ახალგაზრდა ტყუპები – დედაჩემი და დეიდაჩემი არიან გამოსახული. სამწუხაროდ, დეიდაჩემი ცოცხალი აღარ არის და ეს ქმნის გარკვეულ წინაღობას: ტყუპების, როგორც ერთი მთლიანი მოცემულობის გაყოფას ორ საპირისპირო პოლუსად. აქ დავიწყების და გახსენების ფენომენიც ერთმანეთს დაუპირისპირდა, როგორც დოკუმენტური და მხატვრული გამოსახულებები, მეხსიერების, ფიზიკური ყოფნის და სიკვდილ-სიცოცხლის მიმართებები, რაც შეიძლება უფრო ფართო კონტექსტში იყოს განხილული. საბოლოო ნამუშევარი მაინც ცვალებადია და ყოველთვის ემატება ან აკლდება ფრაგმენტები იმასთან მიმართებაში, თუ რა სივრცეში მიწევს მუშაობა. მაგალითად, გამოფენის ლოგიკური გაგრძელება იყო სასტუმრო “სტამბა”, ყოფილი რედაქციის შენობა, სადაც Oxygen-ის ფარგლებში ახლიდან გავაკეთე ადაპტირება აქ დაემატა ისეთი ელემენტები, რომლებიც პირველ ექსპოზციაში არ იყო და ასევე მოაკლდა გარკვეული ნაწილები, დღევანდელი “სასტუმრო სტამბა” – ყოფილი “რედაქციის” შენობა იმ პირადი ნარატივის ლოგიკური გაგრძელება იყო, რომლის მონაწილეები ოდესღაც ფოტოებზე ასახული ტყუპები იყვნენ, რომელთა დედაც  ამ რედაქციაში მუშაობდა. მათი ბავშვობა პირდაპირ დაკავშირებული იყო იმ პირვანდელ გარემოსთან, რომელიც ახლა შეიცვალა, როგორც “სასტუმრო სტამბა” და სულ სხვა დატვირთვა თუ კონტექსტი შეიძინა, ამიტომ თვითონ ადგილი უკვე განსაზღვრავდა გარკვეულ ინფორმაციას, წინაპირობას. ინსტალაციის ხელახლა გაკეთება ამ სივრცეში მცდელობა იყო, რომ ცოტახნით მაინც, მოეხდინა საკუთარი თავის მანიფესტაცია იმ გარემოში, სადაც წარსულიდან მხოლოდ კედლებიღა შემორჩა. მთავარ გამოწვევად მაინც სივრცესთან მუშაობა რჩება, რომლის გავლითაც ხდება ნამუშევრების დასრულება.

შენს ვიზუალურ ენაში მკაფიოდ იკითხება შენი, როგორც ფოტოგრაფის გამოცდილება, როგორი იყო ფოტოგრაფიიდან შემოქმედების სხვა მედიუმებში გადასვლისა და განვითარების  პროცესი?

მგონია, რომ ვიზუალური ენა იმდენად პირადი და ინტიმური სივრცეა ხელოვანისთვის, რომ ნებისმიერ სხვადასხვა მედიუმში აქცენტები თუ დეტალები ემთხვევა ერთმანეთს და ხშირ შემთხვევაში ჯაჭვური რეაქციით საკუთარ თავს იმეორებს, რაც თავისთავად საინტერესო პროცესია.

გამოცდილება კარგი სიტყვაა, როდესაც საქმე ფოტოგრაფიას ეხება, იმასთან ერთად, რომ ეს  პრაქტიკა დროისა და სივრცის დოკუმენტაციასთან არის დაკავშირებული. ასევე აქვს თვისება, გამყოფოს დაკვირვების ისეთ მდგომარეობაში, რაც საშუალებას გაძლევს აღიქვა, გარემო თუ ირგვლივ განვითარებული მოვლენები დისტანცირებულად დროისაგან და სივრცისგან, ამდროს პარალელურ რეჟიმში ჩნდება ახალი გამოცდილება , რომელიც უკვე სხვა მედიუმებზე ვრცელდება.

ნამუშევარში  Translated without Title  2017 წელს წარმოადგინე პოპიაშვილი ღვაბერიძის Window Project-ში,  ეს ინსტალაცია საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ეხმიანება საკმაოდ ფაქიზ თემატიკას, რაც ბუნებრივ, სოციალურ გარემოში ჩამოყალიბებულ პრაქტიკის ხელოვნებაში თარგმნის მცდელობაა და გარკვეულ წილად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ფენომენს, თუმც ვალდებული არ არის, უპასუხოს დასმულ შეკითხვას, გვესაუბრე ინსტალაციაზე  Translated without Title?

ინსტალაციის იდეა სწორედ ზემოთ აღნიშნული დაკვირვებიდან გამომდინარე გაჩნდა, ნამუშევარი არის მცდელობა, რომ გარკვეულწილად შედგეს დიალოგი იმ ორ პარალელურ რეალობას შორის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს დაკავშირებულია სხვადასხვა ისტორიულ სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებთან, რომელთან ერთადაც ახლა ვართ გარდამავალ პერიოდში, სადაც პარალელურ რეჟიმში ორი ქალაქი თანაარსებობს. ნამუშევრის გაკეთება ჩემი აზრით, უკვე შემდგარი ნამუშევრის ხარჯზე მოხდა, ვაგზალთან, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ყოფილ სამშობიაროში ახლა იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, ეს შენობა ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, რომელმაც საკუთარი იერსახე შეიცვალა, იქ მცხოვრები ადამიანები ირგვლივ არსებულ მასალას იყენებენ, თვითგადარჩენისთვის, რომ თუნდაც ზამთარს გაუძლონ, ჩემთვის საინტერესო იყო მემუშავა ინსტალაციაზე, რომელშიც მასალა მხოლოდ თავდაცვის ინსტრუმენტია. სწორედ აქ ჩნდება ნამუშევარი პირვანდელი შინაარსისგან დაცლილი ფანჯარა, რომელიც ადაპტირებულია მხოლოდ თვითგადარჩენისთვის, უფუნქციო, გამომდინარე იქიდან, რომ იქაურ მცხოვრებლებს აქვთ გამოყენებული ყველა იქ არსებული მასალა, შუშის გარდა, იქნება ეს ფანერა, პლასმასი, პარკი, თუნუქი თუ სხვა, რაც ფანჯარას ართმევს მის მთავარ დანიშნულებას და ხდის დაკვირვების ობიექტად, ართმეთს მას პირველად უნარს, რომ იყოს გამყოფი ინტერიერისა და ექსტერიერს შორის და ხდის მას უფუნქციო სიბრტყედ, საინტერესო იყო გამემეორებინა ანალოგიური მოცულობის ფანჯარა ხელოვნების კონტექსტში, დროისგან ხელუხლებელი იგივე ტიპის მატერიალით, რაც მის მანიფესტაციას, ქანდაკებად ქცევას უწყობდა ხელს, რომელიც განთავსდა ვიტრინაში, რუსთაველზე, საჯარო სივრცეში, ისეთი განცდა მრჩება, რომ თითქოს მუზეუმის ექსპონატად იქცა, სადაც დრო უკვე სტერილური გახდა და გამვლელებს შეეძლოთ ნაცნობი ვიზუალური ელემენტების გავლით აღექვათ ნამუშევარი, მაგრამ როგორც ექსპონატი მოწყვეტილი დროისაგან და სივრცისგან, ფრაგმენტი უახლესი ისტორიიდან. ნამუშევარზე მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი თვითონ ამ სახლში მცხოვრებლის, ხვიჩას ჩართულობა იყო, რომელიც მეხმარებოდა დეტალების მოგვარებაში, მიყვებოდა მის პირად  და სამეზობლოში არსებულ პრობლემებზე, რომელმაც მანახა ირგვლივ მდებარე ასეთი ათეული სახლი, საბოლოო ჯამში ფანჯარა დაემსგავსა ხვიჩას პორტრეტს.

ნამუშევარი იყიდება და მისი ფასი არის ახალი ფანჯრის ჩასმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ სახლში.

გარდა ფოტოგრაფიისა მუშაობ ვიდეოზეც, როგორია ამ მედიუმში მუშაობის სპეციფიკა? რით  არის გამორჩეული შენთვის მისი ფორმატი და ხასიათი?

 ჩემთვის ერთ-ერთი ძლიერი გავლენა და ინსპირაცია ყოველთვის კინო იყო,      ალბათ ძირითადი ინტერესი ხელოვნების მიმართ კინოს გავლით გამიჩნდა, რის გამოც ვსწავლობდი კიდეც სარეჟისოროზე, ამიტომ რთულია ვილაპარაკო ვიდეოზე  კინოსაგან დამოუკიდებლად. ვთვლი, რომ თანამედროვე სამყაროში ამ ორ მედიას შორის ზღვარი უფრო და უფრო მცირდება, რაც შეეხება სპეციფიკას, ალბათ ესეც ერთ-ერთი საინტერესო დეტალია ამ მედიაში მუშაობის, რომ ყოველთვის განსხვავდება მიდგომა ერთმანეთისგან, ვმუშაობ როგორც დოკუმენტურ ქრონიკაზე, ასევე მხატვრულზე და მათი გამოყენების სხვადასხვა ინტერპრეტაციაზე, ასევე ბოლო პერიოდში მე თვითონ დავიწყე ჩემს ვიდეოებში მონაწილეობა, რაც საკმაოდ ახალია ჩემთვის და ეს გავლენაც ალბათ კინოსგან მოდის. ვცდილობ ვიპოვნო ან შევქმნა კინემატოგრაფიული გარემო, რომელშიც გარკვეულ ნარატივს შევიტან პერფორმანსის სახით, მაგალითად, ბოლო ნამუშევარი, რომელიც TAF-ის ფარგლებში გამოფენა War on Hold-ისთვის გავაკეთე, მთავარი გავლენა იყო 70-80-იანი წლების ამერიკული ჰორორ ფილმები, რომლებიც საბოლოოდ როგორც ინსტალაცია ადგილს დაფუძნებული ნამუშევარი ისე განთავსდა, ამ შემთხვევაშიც სივრცეს ეძლევა უდიდესი დატვირთვა და მის ადაპტირებაში ფაქტობრივად იგივე ძალისხმევას ვდებ, როგორც უშუალოდ ვიდეოს შექმნაა, ისეთი განცდა მრჩება, რომ ასეთ დროს თითქოს ახალი ტიპის კინოთეატრის ფორმატს თავაზობ მაყურებელს, სადაც მან თვითონ უნდა აირჩიოს მისი ხედვის წერტილი გარემოდან გამომდინარე და ზუსტად ეს არის ჩემთვის საინტერესო, როგორ ხდება კინო/ვიდეო სივრცესთან მიმართებაში ერთი მთლიანობა, სადაც რთულია ისინი ერთმანეთისგან გამიჯნო.

როგორ დაახასიათებდი პროცესებს, რომლებიც აქ და ახლა ჩვენს თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში მიმდინარეობს? რა არის ამ სივრცეში შენთვის საინტერესო?

მე მგონი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია საქართველოში არა მარტო ხელოვნების კონტექსტში, იმ გარდამავლობის ხანაში, რომელშიც ვიმყოფებით, ბევრი რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი. ეკონომიკურად დაბალი რესურსების მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი რეგიონის მაშტაბით აქ საკმაოდ მაღალი ხარისხის ხელოვნება კეთდება, გაჩნდა მრავალფეროვნება, არსებობს გარკვეული სახის აუდიტორია (რომელიც ასევე ვითარდება და იზრდება), უკვე გაიხსნა და იხსნება ახალი საგამოფენო სივრცეები, რაც ეხმარება ლოკალურ სცენას განვითარებაში. პროცესი, რომელსაც ხელოვანი გადის საქართველოში, ხშირ შემთხვევაში პარადოქსულია, მოწყვეტილი გასული საუკუნის ისტორიას, ბევრ რამეს ჩვენ ახლა გავდივართ, რაც ჩვენთან ავანგარდია, სხვაგან კლასიკაა, ხშირად ვხვდებით უკვე გაცვეთილი ფორმის, აზრის თუ ნარატივის გამეორებას ჩვენს ლოკალურ კონტექსტში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მაინც საჭირო და სასიამოვნო პროცესია ჩვენ ახლა გავდივართ ჩვენებურად იმ ეტაპებს, რაც სამყარომ უკვე გაიარა და ეს ქმნის გარკვეულ ჰიბრიდულ მდგომარეობას ხელოვნებაში უკვე მომხდარსა და მის გამეორებას შორის.  

დღეს ფოტოგრაფია თითქმის ყველასთვის  ხელმისაწვდომია, როგორც მედიუმი, ამ მოცემულობაში რით არის ის შენთვის მიმზიდველი?

ფოტოგრაფიის ყოვლისმომცველობამ რაღაც მხრივ ალბათ გააუფასურა მისი მთავარი უნიკალური დროის ასახვის ღირებულება და გახადა მომხმარებლური ყოველწამიერი რეალობის დანამატი, რომელიც თანამედროვე სამყაროში საკუთარ პირვანდელ მოცემულობას სულ უფრო და უფრო სცილდება. ამ წინაპირობით ჩემთვის უფრო საინტერესო ხდება მისი განვითარების შესაძლებლობა, გამოყენება როგორც ინსტრუმენტის გარკვეულ მოვლენებზე საკვლევად, დღევანდელ რეალობაში ალბათ ყველაზე რთულია მუშაობდე ფოტოგრაფიასთან სწორედ ამ ხელმისაწვდომობის გამო მაგრამ ზუსტად ამიტომ არის საინტერესო გაიგო სად გადის ზღვარი გამოსახულების ღირებულებასა და მის ხელმისაწვდომობას შორის.

ნამუშევარში  Clouds are Chained To The sky, რომელიც გერმანიაში Juist-ის სანაპიროზეა შესრულებული, შენი ფოტო ნამუშევრები  ინსტალაციის სახით წარმოჩინდება, ამავდროულოდ, ამ ნამუშევრის კონცეფცია კონკრეტულ სივრცესთან მიმართებაში აღიქმება  და ლოკალურ კონტექსტის გავლით ბევრად უფრო გლობალურ პრობლემატიკაზე რეფლექსირებს, რამდენად რთულია ხელოვანისთვის მისთვის უცხო სივრცეში ლოკალური კონტექსტის შექმნა  და მასზე უფრო გლობალური, ვიზუალური კომენტარის გაკეთება

არსებობს გარკვეული მომენტები, როდესაც ინტუიციურად მიყვები პროცესს და სწორედ ამის ხარჯზე იძენს ნამუშევარი გარკვეულ ენერგიას თუ შინაარს, სადაც იკარგება კონკრეტიკა და ყველაფერი დანარჩენი პირობითი ხდება. თუმცა ეს არ იყო ჩემთვის ამოსავალი წერტილი ან თავდაპირველი მამოძრავებელი იმპულსი, რომ რაიმე გლობალურის ირგვლივ შემექმნა ნამუშევარი, საინტერესო იყო მეცხოვრა კუნძულზე და ამ ცხოვრების პერიოდში დავკირვებოდი გარემოს და შემესწავლა ადგილობრივი კულტურა, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული წინაღობები, ეკოლოგიის ჭრილში, სადაც სანაპიროს დაბინძურების და კლიმატური ცვლილებების შედეგად კუნძულიდან მრავალი ნაირსახეობა ფრინველის გადაშენდა, რომლების ფიტულების ნახვაც მხოლოდ ლოკალურ მუზეუმშია შესაძლებელი. საინტერესო იყო კუნძულის სანაპიროს (ადგილის, რომელსაც თავის დროზე ეს ფრინველები ეკუთვნოდნენ) და მუზეუმის ხელახალი დაკავშირება ერთმანეთთან,  რაც თვითონ ნამუშევარის და ბუნების ერთმანეთთან დიალოგში შესვლას უწყობდა ხელს. გლობალურ ვიზუალურ კომენტარს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ როდესაც ნამუშევარი გულწრფელია, ემოციური ან იგრძნობა მასში ჩადებული ძალისხმევა, ის ავტომატურად ვიბრირებს, როგორც ადამიანურ შეგრძნებებსა თუ აზრებზე, ასევე ლოკალურ ან გლობალურ მასშტაბზე თუ კონტექსტებზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ძალაა ხელოვნების.

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

ვმუშაობ ჯგუფურ გამოფენაზე, რომელიც კრისტიან ბარანის ვორკშოპის ნაწილია და ვაპირებ გავაკეთო ვიდეო ინსტალაცია, ივნისში მექნება სოლო გამოფენა “პატარა გალერეაში” და ასევე სექტემბერში ვიღებ ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობას ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში, პარალელურად ვმუშაობ ახალ წიგნზე და რამდენიმე მოკლე ფილმის გადაღებაზე.

ავტორი:ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.