გააზიარე სტატია

ანდრო ვეკუას გამოფენა “შფრუთ მაგერსში”

28 აპრილს „შფრუთ მაგერსში“ (Sprüth Magers) ანდრო ვეკუას გამოფენა გაიხსნა. პარალელურად ექსპოზიცია „დელფინი ფანტანში“ მოსკოვში, გარაჟის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მიმდინარეობს. ქართველი მხატვარი თანამედროვე ხელოვნების წამყვანი გალერეების და კრიტიკოსების ფოკუსში ექცევა. გამოფენა “შფრუთ მაგერსში” არტისტისთვის დამახასიათებელ განლაგებას გვთავაზობს, რომლის მთავარი მონაწილე ექსპოზიციის ცენტრში მოთავსებული ქანდაკებაა, შემოსაზღვრული შერეული მედიუმით დამზადებული ნახატებით. ეს ნახატები დიდი ხნის განმავლობაში ეტაპობრივად მზადდება. პირველად ისინი მხატვრის არქივიდან კოლაჟების სახით გროვდება, შემდეგ ავტორს ისინი ალუმინიუმის ფირფიტებზე გადააქვს აბრეშუმის პრინტის და პიგმენტის საშუალებით. ნამუშევრები მაშინ სრულდება, როდესაც ფირფიტები სრულად გადაიხატება. თუმცა სურათი აქ არ მთავრდება. ხშირად გამოსახულება იცვლება, უფრო ბუნდოვანი ან უფრო ნათელი ხდება. ნახატებში ცალკეული ფერის დომინაცია ხატების ასოციაციასაც ქმნის. საბოლოო პროდუქტი, ძირითადად ნახევრად აბსტრაქტული ან გადაღებილი და გაბუნდოვანებული კონკრეტული გამოსახულებებია. რაც შეეხება სკულპტურას, ის ნიკელის ვერცხლისგანაა დამზადებული და მის ზურგზე პატარა სათამაშოების მსგავსი დელფინები და პეგასია მოთავსებული.

იმისათვის, რომ გამოფენაზე ვისაუბროთ, ანდრო ვეკუას თამაშის წესებში უნდა ჩავიხედოთ, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. აქ, პოსტინდუსტრიული სუბიექტი, საკუთარ სიზმრებში ჩაკარგული, ანდროგინი თოჯინაა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დასავლურ იმიჯს ექსტატური და სექსუალური თეთრი ქალის სიმბოლო წარმოადგენდა. დევიდ ლინჩის მსახიობების მსგავსად, რომლებიც იმდენად სულელები არიან, რამდენადაც ენიგმურები, ფატალურები და საშიშები. მერლინ მონრო ამ ხატის კულმინაცია იყო. ეს სინგულარობის დაბადების წლები გახლდათ, უცხოობა, რომელიც მხოლოდ საკუთარ დაბნეულობას და პანიკურ მდგომარეობას აღიარებდა. ეს გარემოება ყველას ერთბაშად აღაგზნებდა და ამ უცნაური და საშიში თამაშის მონაწილეობის სურვილს აღძრავდა. ცხელი ვნებების ხანა დასრულებულია, ექსტატური ქერა ქალის იმიჯი – მკვდარი. ის მხოლოდ პოპულარულ ფილმებში შემორჩა. თანამედროვე იკონოგრაფია ფერმკთალი, ანდროგინული, პასიური და დროში გაყინული სინგულარობის წარმოებას იწყებს. უცნაური ის არის, რომ ასეთი გამოსახულების მიმართ მიზიდულობა კიდევ უფრო მეტია, რადგან მისი ენერგეტიკული დანახარჯები კატასტროფულად უახლოვდება ნულოვან დონეს. ის, არც საკუთარი სქესის გამოხატვაზე ხარჯავს რესურსებს, რაც სრული პასიურობის, ნეიტრალურობის, ბიოლოგიური სიკვდილის განცდას ქმნის. ვეკუას ნამუშევრებიც კანიბალური და ნეკროფილური ელემენტებითაა სავსე. ეს სწორედ ის განცდებია, რომლებიც მის ნამუშევრებში გვიზიდავს, აღგვაგზნებს და ამავდროულად უცნაურ რეპულსიას და ზიზღს იწვევს. ამ გარემოებას სპორტული ტანსაცმელი ირონიულ ელფერს ანიჭებს. სპორტი, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ჯანსაღი ცხოვრების, პოზიტივის და ინდივიდუალიზმის სიმბოლო იყო, დღეს ენერგიის ხარჯვის ერთადერთი გამართლებული აქტივობა ხდება. სხვა ყველაფერი მნიშვნელობას მოკლებული და თარგმანში დაკარგულია. არაფერია იმაზე ირონიული, ვიდრე ანდროიდის ცოცხალ-მკვდარ სხეულზე სპორტული ელემენტები. ამ გარდატეხამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ერთ ძირეულ მოვლენას: შეიძლება ჩვენ გავთავისუფლდეთ მნიშვნელობებისა და საზრისებისგან, ისე როგორც ამას წარმატებით ვახერხებთ დღეს მედიის და კონსიუმერიზმის საშუალებით, თუმცა ასეთ სამყაროში გაცილებით კომიკურები ვხდებით, ვიდრე მაშინ, როდესაც მნიშვნელობების დაცვას ვცდილობდით. ყველანი სინგულარულ ანდროგინებად ვიქცევით და ალბათ ეს არის ის, რაც ვეკუას ნამუშევრებში რეპულსიას და ზიზღს იწვევს.

მიუხედავად აშკარა დოკუმენტებისა, რთულია ვეკუას ხელოვნებაში რაიმე ქართულის პოვნა. მის ერთ-ერთ უკანასკნელ გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტები ინტერნეტით მოპოვებული ფოტომასალების მიხედვითაა დამზადებული. დანიელ ბაუმანის შენიშვნით, მეხსიერების ეს კოორდინატები სიცარიელეა, რომელიც მაყურებელმა უნდა შეავსოს. მიუხედავად ამისა, ამ მოგონებებს ასეთივე წარმატებით შეიძლება ვუწოდოთ: სპაზმები ციფრულ მონაცემებში, მეხსიერების დეფექტები, გაურკვეველი ფრაგმენტები. ეს ნამუშევრები ასლებია, რომელთა წყაროც გამქრალია ან ჩვენ თვალწინ ქრება. წარმოიდგინეთ ბავშვობის უსიამოვნო მოგონება, რომელიც იმდენად ფრაგმენტული და დანაწევრებულია, რომ დროთა განმავლობაში მისი უსიამოვნება მისივე ფრაგმენტულობისა და დანაწევრებისგანაა გამოწვეული. ნოსტალგია ვეკუას ნამუშევრებში იმდენად არსებითია, რამდენადაც მათგან გათავისუფლების, მათგან თავის დაღწევის მოთხოვნილება და სიცარიელის შიში. აქ იბადება სწორედ სიზმრისეული მდგომარეობაც, რომელშიც მოგონება ნელ-ნელა შორდება საკუთარ წარმოშობას და უცხო ხილვა ხდება. აქ ქართული აღარაფერია. იგივე წარმატებით ეს მოგონებები შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა ქვეყანას ან სხვა გალაქტიკას. ვეკუას წარმომავლობა დაუდგენელია და აბსურდულია მას ვუწოდოთ ქართველი მხატვარი, აზრი არ აქვს მასზე საუბარს ქართულ კონტექსტში. თუმცა ის, რაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მისი წარმოშობის გაქრობაა. თუკი იდენტობის კუთხით მის ნამუშევრებზე საერთოდ რაიმეს თქმა შეიძლება, მხოლოდ იმის, რომ ისინი გაქრობით არიან ესთეტიზირებულები. ამ მოვლენის მშვენიერი ასახვაა მისი უახლესი გამოფენა. ანდროგინის ტრანსმუტაციას ამჟამად არანაირი საერთო აღარ აქვს იმასთან, რაც ის აქამდე იყო. როგორც ჩანს, ის არა მხოლოდ კვდებოდა, იხრწნებოდა ან მექანიზდებოდა, არამედ სრულიად იცვლიდა საზრისს. ამ უცნაური მეტამორფოზის დასასრულია ნიკელის გამჭვირვალე ფიგურა, რომელიც სინათლის მოკაშკაშე სილუეტი უფროა, ვიდრე სინგულარი ანდროიდი. ეს დაბადებაა, თავის მხრივ ისეთივე შემზარავი და უცნაური, როგორც მიმზიდველი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ სერიით წაშლის ზღვარს უახლოვდება. ანალოგიურს გვკარნახობენ მისი ნახატებიც, რომლებშიც სინათლე ისე იკითხება, როგორც კაშკაშა შუქი. აქ ვხვდებით ძალიან სუსტ და შორეულ, თუმცა მნიშვნელოვან ასოციაციას ფიროსმანის მატარებელთან, რომლის შავი ჩონჩხიდან ზებუნებრივი ყვითელი ფერი ანათებს. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არც ფიროსმანი დგას შორს სიზმრის, მუტაციისა და ლუსიდური რეალობისგან, უფრო ნათელი გახდება ის ბუნდოვანი კავშირი, რომელიც ვეკუას მხატვრულ საზრისებს ასი წლით უკან აბრუნებს. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი გამოღვიძებას? და თუკი ნიშნავს, ვისია ეს გამოღვიძება? ან იქნებ პირიქით, ვეკუას სურათები უფრო ღრმა და გაურკვეველ ძილში გადასვლას გულისხმობენ? ფაქტი ერთია – წარსულის განადგურებით ანდროიდის ძილი სინათლის განზომილებას პოულობს, რასაც მის გახრწნილ, ჩაკეტილ და მაცდუნებელ ფიგურასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს.

მოგონების მუდმივი რეპეტიციისას ერთ უცნაურ მომენტს ვაწყდებით: კონკრეტულად იმ დროს, როდესაც მოგონება ფაქტებისგან და რეალობისგან ნელ-ნელა შემოგვეძარცვება ხოლმე და მისგან მხოლოდ უცნაური სიცარიელე რჩება. ეს სიცარიელე შეიძლება სუსტ სინათლეს ან გამოსხივებას შევადაროთ, რაც ერთდროულად აჩენს წარმავალობის და სიცოცხლის განცდას. ასე ჩნდებიან გამჭვირვალე ფიგურის სხეულზე დელფინი და პეგასი. ანდროგინის სინგულარული კოშმარი მოუხილველ მითოსურ სიზმრად იქცევა, რომელიც რთულად, თუმცა კვლავ სწავლობს სინათლის ხელოვნებას (ისევე როგორც ნიკელის ფიგურა სწავლობს სიარულს). თუკი სადმე უნდა ვეძებოთ ვეკუას საწყისები, სწორედ ამ უცნაურად ჩახლართულ და ამოუცნობ ნიშნებში, რომლებშიც ანდროიდის ძილი გადაუდებელს ხდის სინათლის დაბადებას.

ავტორი: დათო კოროშინაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.