გააზიარე სტატია

“აუხდენელი ბაღები“

 

პირველი შეხება ხელოვნებასთან

პირველ შეხებას ხელოვნებასთან ვერ ვიხსენებ. მხატვრების და მუსიკოსების გარემოცვაში ვიზრდებოდი და ეს ყველაფერი შეუმჩნევლად შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში.  პირველ შეხებად შეიძლება ჩაითვალოს ნახატები, რომლებიც კედლებზე ეკიდა. მახსოვს, რომ ვაკვირდებოდი და ზოგიერთის მეშინოდა კიდეც საღამოობით, ასევე ფორტეპიანოს გაკვეთილები, რომლებსაც ბებიაჩემი სახლში უტარებდა მოსწავლეებს.

რა გაძლევს  ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს?

შემოქმედებით მუხტს სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაციდან ვიღებ. ხშირად  ეს მუხტი მუშაობის პროცესში ჩნდება.

გვესაუბრე  სამუშაო პროცესზე

სამუშაოდ მთავარია შევიქმნა მყუდრო გარემო და მივუჯდე მაგიდას. ყველაფერი დანარჩენი თავისით ხდება.

ერთი წლის წინ შენი გამოფენა კომპანია Buyers-ის სივრცეში თიბისის მხარდაჭერით შედგა, გვესაუბრე გამოფენაზე “აუხდენელი ბაღები“

“აუხდენელი ბაღები” იყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნამუშევრების სერია, რომელზეც ვიმუშავე ერთი წლის განმავლობაში. ნახატებთან ერთად სხვადასხვა ხელნაკეთი და შეგროვებული ობიექტებისგან ავაწყვე კომპოზიციები და პირველად შევეცადე ნახატებზე ასახული გარემო ნამდვილ სივრცეში გადმომეტანა.

პერსონაჟები, რომლებსაც ხატავ, თითქოს რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს და ამავდროულად  სხვა სამყაროდან გვევლინებიან, რომელთან წვდომაც მხოლოდ შენ გაქვს, გვესაუბრე შენ მიერ შექმნილ პერსონაჟებზე

ყოველთვის მიჭირს განვმარტო ის, რასაც ვხატავ. პერსონაჟები, რომლებიც ჩემ წარმოდგენილ სივრცეში ცხოვრობენ, ვფიქრობ, რომ  არიან მომვლელები, ძიძები და ექიმები.

ისურვებდი იმ  სამყაროში მოგზაურობას, რომელსაც ნამუშევრებში ქმნი?

იმ სამყაროს, რომელსაც ავსახავ, შორიდან თვალს შევავლებდი. მაგრამ ჯერჯერობით იქ წასვლას არ ვისურვებდი.

გრაფიკასთან ერთად ქმნი ნამუშევრებს, სადაც პატარ-პატარა ნივთებისგან აწყობ კომპოზიციებს, როგორ არჩევ ობიექტებს, რომელთა ნამუშევარში ჩართვა გსურს?

ობიექტები დროთა განმავლობაში მიგროვდება და მუშაობის პროცესში ყოველთვის მაგიდაზე მიდევს, რომლებიც მიყვარდება და ვეჩვევი, ალბათ ისინი ხდებიან ნამუშევრის ნაწილები.

დაგვისახელე რამდენიმე ხელოვანი, რომლებმაც შენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს

Hayao Miyazaki, Jean Giraud (Moebius) ალბათ არის ორი მთავარი ხელოვანი, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს

რა არის შენთვის საინტერესო ლოკალურ სახელოვნებო სივრცეში?

საქართველოში არის უამრავი ასათვისებელი, საინტერესო ადგილი და ჯერ ისევ ბევრი რამ თითქმის  ახალია. ამიტომ თითქოს სახელოვნებო სივრცეს ლიმიტი არ აქვს და მუშაობის პროცესს ახალ-ახალი ადგილების თუ იდეების ძიება ძალიან საინტერესოს და გამომწვევს ხდის.

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

იქიდან გამომდინარე, რომ დედა გავხდი,  ჩემი დღის წესრიგი აირ-დაირია, ამიტომ ჯერჯერობით სამომავლო გეგმები არ მაქვს. ვცდილობ თავისუფალ დროს მივუჯდე მაგიდას და ახალი ნამუშევრები შევაგროვო.

 

ავტორი: ნინა პატარიძე

ფოტოგრაფი: ლევან მაისურაძე

მაკიაჟი: ანა თოდუა

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.