გააზიარე სტატია

ანა პოპესკუ – მზიანი ლანდშაფტები და მოდერნისტული არქიტექტურა

არტისტი და ილუსტრატორი  ანა პოპესკუ დაიბადა 1988 წელს ტირგუ-მურეშში, რუმინეთში. ანას ნამუშევრები, მისივე განმარტებით, ხელოვნებასა და ილუსტრაციას შორის არსებობენ, ის არ არის მხოლოდ ხელოვანი, ის საკუთარ თავს ილუსტრატორადაც მოიაზრებს და თვლის, რომ მისი შემოქმედება სწორედ ხელოვნებასა და ილუსტრაციას შორის არსებულ ბუნდოვან ზღვარზე იმყოფება.

არქიტექტურული ჩანახატების სერიაში, სახელწოდებით – Homes ანა პოპესკუ ქმნის წარმოსახვით სახლებს, რომლებიც პალმ სპრინგსის სასახლეებითა და ვილებით არის  შთაგონებული. თავდაპირველად მისი ინსპირაცია ბუქარესტის 1930-იანი წლების არქიტექტურა იყო, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მან პალმ სპრინგსის მოდერნისტული არქიტექტურა აღმოაჩინა, ხელოვანი მიხვდა, რომ საოცარი ფორმებისა და  სიურეალისტური ლადშაფტების კომბინაციის ზაფხულის ფერებთან და სინათლესთან შერწყმა სწორედ ის იყო, რასაც ეძებდა.

პალმ სპრინგსის მოდერნისტული შენობების აღმოჩენის შემდეგ, პოპესკუ მათთვის დამახასიათებელი გეომეტრიული ფორმების კვლევას შეუდგა. Homes წარმოადგენს კვლევას კომპოზიციისა და ფორმის თემაზე. ზუსტი გეომეტრიული ფორმები და რთულად აღსაქმელი პერსპექტივა, რომელიც ამ სერიას ახასიათებს, სივრცის სიზუსტით ასახვის ნაცვლად, უფრო კომპლექსურ სცენებს გვთავაზობს.

პოპესკუს შემოქმედებაში პასტელური ფერები დომინირებს, ამავდროულად ხელოვანი ტექსტურების ხაზგასასმელად ხშირად იყენებს პატარა წერტილებს, ეს წერტილები მის ნამუშევრებში ტერაცოს  ფაქტურას ასახავს, რაც ანა პოპესკუსათვის საინტერესო და მიმზიდველია, როგორც მასალა.

ანა პოპესკუ თავად აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედების დიდი ნაწილი დევიდ ჰოქნის ნამუშევრებით არის ინსპირირებული, რაც ანას ნამუშევრების გაცნობის შემდეგ სრულიად ნათელი ხდება მაყურებლისთვის.

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.