გააზიარე სტატია

ბეტონის ტილო

დღესდღეობით თანამედროვე ხელოვნებაში ყველა არტისტი ცდილობს თავისი ნამუშევარი განსხვავებული და თვალისმომჭრელი გახადოს, რისთვისაც ის ბევრ განსხვავებულ ხერხს იყენებს. ამისი ერთ-ერთი მაგალითია ბრუკლინში, ნიუ-იორკში დაბადებული ხელოვანი, ნილ არონოვიცი (Neal Aronowitz). ნილი ცნობილია თავისი ავეჯის კოლექციით „ბეტონის ტილო“, რომელიც მან ბეტონის ქსოვილის გამოყენებით შექმნა.

არონოვიცის მიერ გამოყენებული ბეტონის მასალა ბეტონში გაჟღენთილი ქსოვილია, რომელიც გამაგრების შემდეგ თხელ, წყალგამძლე და ცეცხლგამძლე ფენად გარდაიქმნება. იმის გათვალისწინებით, რომ ბეტონი წარსულში ასეთი ფორმით ჯერ არავის გამოუყენებია, ნილს სხვადასხვა ტექნიკის  და ხერხის შემუშავება მოუწია, რომ სასურველი მიზნისთვის მიეღწია.

ავეჯის ეს კოლექცია წარმოაჩენს მინიმალისტურ კონცეფციას, რომლის მიზანია დაარღვიოს სტერეოტიპული შეხედულება, რომ ბეტონი მხოლოდ ხისტი და მკვრივი შეიძლება იყოს და წარმოაჩინოს მისი მსუბუქი, მოქნილი მხარე. არტისტის თქმით, ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, რომელიც მან საბოლოოდ დასძლია. ასეთი დიზაინის მთავარი სირთულე იყო ის, რომ მატერია უნდა გაეწელათ, დაერბილებინათ და გაეთხელებინათ, რომ საბოლოოდ მიეღოთ ესთეტიკურად მომხიბლავი და ერთობ გრავიტაციას მოწყვეტილი ფორმის ავეჯი. ეს კოლექცია დაფუძნებულია იდეაზე, რომ შექმნილიყო ავეჯი, რომელიც ერთდროულად ხელოვნების ნიმუშსა და თან ყოველდღიური ავეჯის ფუნქციასაც შეასრულებდა.

კოლექცია შედგება ოთხი სხვადასხვა მაგიდისაგან – Whorl Table, Whorl Console, Todos Table, Enso Table. კოლექციის ერთ-ერთი ნაწილი – Enso Table, ხელოვანის თქმით, ამ კოლექციის ევოლუციას წარმოაჩენს. ეს მაგიდა ინსპირირებულია იაპონური მელნის ნახატებით, რომლებიც თითქოსდა ერთი ხელის მოსმითაა დახატული. ხატვის ამ ხერხის ფიზიკურ ასახვას წამრმოადგენს ეს მაგიდა – მისი ფორმა ერთი ხელის მოსმით იყო შემოხაზული ფურცელზე, რომელიც შემდეგ ბეტონისა და ალუმინის გამოყენებით ნამდვილ მაგიდად გადააქციეს. ბეტონის მსუბუქი და მკვრივი ბუნება მას საუკეთესო მასალად ხდის არტისტის ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

ავტორი: კატო სუპატაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.