გააზიარე სტატია

8 ლურჯი კინემატოგრაფიაში

Blue Velvet – რეჟისორი დევიდ ლინჩი – 1986

“ლურჯი ხავერდი” ეკრანებზე პირველად 1986 წელს გამოჩნდა, ფილმის სიუჟეტი, ლინჩის სხვა ფილმების მსგავსად, საკმაოდ კომპლექსური და ორ რეალობას შორის გახლეჩილია, მისტიკა და ეროტიკა, შიში და ტერორი, უცნაური შეგრძნებები, ამოუცნობი პერსონაჟები და შეუცნობელი პარალელური რეალობა, ეს ის ძირითადი მოტივებია, რომელსაც “ლურჯ ხავერდში” ამოიკითხავს მაყურებელი.

Three Colours: Blue – რეჟისორი ქშიშტოფ კიშლიოვსკი – 1993

ლურჯი კიშლიოვსკის ტრილოგიის პირველი ფილმია, რომელიც სამ ფერს: თეთრს, წითელსა და ლურჯს აერთიანებს. ფილმის მთავარი გმირი ჟულია, ქალი, რომელსაც უმძიმესი ტრაგედიის გადატანა უწევს. კიშლიოვსკის ქალი პერსონაჟები განსაკუთრებული მტკიცე, თუმც საკმაოდ იმპულსური და მღელვარებით სავსე, ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან, ფილმში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ლურჯი საგნები, რაც მძიმე სიუჟეტის ფონზე, სიმშვიდით გაჯერებული ვიზუალის გამძაფრებას უწყობს ხელს, ფილმი კი საბოლოო ჯამში გვიჩვენებს ისტორიას ქალის შესახებ, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებას ტრაგედიის დესაკრალიზაციით და საკუთარი წარსულისგან მაქსიმალური დისტანცირებით ცდილობს.

Blue Valentine – რეჟისორი დერეკ სიენფრანსი – 2010

ფილმი სიყვარულზე, ტოქსიკურ ურთიერთობებსა და ქორწინებაზე მოგვითხრობს, ემოციური მიჯაჭვულობა, ყოველდღიური ოჯახური ცხოვრება, მისი ცვალებადობა, სირთულე და შენარჩუნების სურვილი, ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის გარშემოც ფილმის სიუჟეტი ვითარდება.

Blue Is the Warmest Colour – რეჟისორი აბდელატიფ კეშიში – 2013

ფილმი სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც ორ ქალს შორის მოულოდნელად ვითარდება, ადელი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს, როდესაც ის ემას ხვდება, ეს ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ახალგაზრდა გოგონა საკუთარ სექსუალობასა და ფიზიონომიას უღრმავდება და მძაფრი, პირველი სიყვარულისთვის დამახასიათებელი შეგრძნებებით ივსება, ემა მალევე ხდება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რადგან ის სწორედ ის ქალია, რომელიც ადელს ახალი გამოცდილებების შეძენასა და საკუთარი თავის ძიებაში ეხმარება, ფილმი ემოციურ სასიყვარულო კლასიკურ ისტორიას ავითარებს, ვიზუალურად კი ლურჯი ფერის ინტენსიურ პალიტრას გვთავაზობს.

Blue in the Face – რეჟისორები: პოლ ოსტერი, ვეინ ვანგი, ჰარვი ვანგი – 1995

ფილმი მოგვითხრობს ნიუ-იორკზე, კერძოდ კი – ბრუკლინურ ცხოვრებაზე.
სიუჟეტი ერთ პატარა თამბაქოს მაღაზიაში ვითარდება, რომლის მფლობელიც ოგია, მისი მსოფლმხედველობა საკმაოდ ფილოსოფიურია. მაღაზიაში სხვადასხვა პერსონაჟები იყრიან თავს, ხშირად შევხვდებით ნიუიორკული ქუჩების ყოველდღიურ სცენებს, ფილმში რიგრიგობით ჩნდებიან ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც ლუ რიდი, ჯიმ ჯარმუში, მადონა და სხვა ვარსკვლავები არიან. პერსონაჟები პირდაპირ კამერაში საუბრობენ თავიანთ ყოფიერებასა და ბრუკლინზე, სხვების ცხოვრებაზე კი მიმდინარე ნარატივებიდან ვიგებთ, რაც ფილმს ნახევრად დოკუმენტურს ხდის.
არ არსებობს კონკრეტული სცენარი, რომლის მიხედვითაც სიუჟეტი ვითარდება, საბოლოო ჯამში კი იქმნება ნიუიორკული ყოველდღიურობისა და ბრუკლინური ცხოვრების ნოსტალგიური სურათი.

PERFECT BLUE – რეჟისორი სატოში კონი – 1998

ცნობილი ანიმაცია პოპ-სტარი გოგონას, მიმა კირიგოეს ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ ჯგუფს ტოვებს და სამსახიობო კარიერას იწყებს,მიმა დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავს, სამსახიობო კარიერის დაწყებისთანავე მის ცხოვრებაში უცნაური ისტორიები იწყება – გაორება, იდენტობის კრიზისი, სცენა და სამსახიობო ტრანსფორმაცია. ერთი შეხედვით უწყინარი ანიმაცია ნელ-ნელა ფსიქოდრამაში იზრდება, რომელშიც მთავარ გმირს საკუთარ ალტერ ეგოსთან უხდება გამკლავება. ვიზუალურად ანიმაცია თვალისმომჭრელი სცენებით და მისტიკით არის სავსე.

Betty Blue – რეჟისორი ჟან-ჟაკ ბენექსი – 1986

ფილმი მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიაზე, რომელიც ძალიან სწრაფად და ირაციონალურად იწყება, ეს ის მდგომარეობაა, როდესაც წყვილს არ სჭირდება მოსამზადებელი პერიოდი ურთიერთობის ერთი ეტაპიდან სხვა ეტაპზე გადასასვლელად, ამ ისტორიაში ურთიერთობა ელვისებრი სისწრაფით ვითარდება, თუმც ტრაგიკული მოვლენა შეყვარებულების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის, ფილმი უპირობო სიყვარულზე, მის მახასიათებლებზე, ძლიერ სიახლოვესა და ტრაგედიაზე მოგვითხრობს.

Blue Jasmine – რეჟისორი ვუდი ალენი – 2013

ფილმი ჟასმინის ცხოვრებაზე გვიამბობს, ის ერთდროულად კარგავს ბიზნესმენ ქმარს, სოციალურ პრივილეგირებულ სტატუსს, უდარდელ ცხოვრებასა და კომფორტის ზონიდან რეალურ ცხოვრებაში აბიჯებს, ამ ყველაფერს კი შუახნის კრიზისი და დაშორების შედეგად გამოწვეული დეპრესიული ფონი ემატება. ჟასმინი დასთან გადადის საცხოვრებლად, ამავდროულად კი ცდილობს პრობლემებს გაუმკლავდეს და ახალ, მისთვს უცხო რეალობას აუწყოს ფეხი. ფილმი საბოლოო ჯამში მაღალი საზოგადოებიდან რეალურ ცხოვრებაში აღმოჩენილი ქალის ისტორიას მოქნილი იუმორით გადმოგვცემს.

 

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.